საზოგადოება

გოგაშვილის თქმით, მისი ერთი ადვოკატი გომელაურთან შუამავალი იყო

26 აგვისტო, 2022 •
გოგაშვილის თქმით, მისი ერთი ადვოკატი გომელაურთან შუამავალი იყო

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ პოსტს ავრცელებს და აცხადებს, რომ ერთ-ერთი ადვოკატი დანიშნული ჰყავდა შს მინიტრ ვახტანგ გომელაურის ინიციატივით.

გოგაშვილის თქმით, გომელაურმა სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ ამგვარი [ტელეფონით] კომუნიკაცია რისკის შემცველი იყო, რადგან რიგით ბადრაგებს არ ენდობოდა და შესთავაზა კომუნიკაცია შემდგარიყო მისთვის სანდო პირის საშუალებით:

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჩემს უფლებებს იცავს ორი ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე და დიმიტრი ღონღაძე. ისინი მე დამაკავშირეს ჩემმა მეგობრებმა, რომელსაც ბუნებრივია ვენდობი. ადვოკატებს ჩემთან და ჩემს ოჯახის წევრებთან აქვთ თითქმის 24-საათიანი კომუნიკაცია, ყოველდღიურ რეჟიმში. ისინი ახდენენ მტკიცებულებათა შეგროვებას და აქვთ კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან და მედიასაშუალებებთან. მოკლედ, მათ ორივეს საზოგადოება ახლა უკვე იცნობს, როგორც ჩემს უფლებადამცველებს, თუმცა მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მე მყავდა კიდევ მე-3 ადვოკატი, რომელიც რამოდენიმე დღე „იცავდა ჩემს უფლებებს“.

ეს გახლავთ დიმიტრი მჭედლიშვილი, რომელიც გაქრა. ახლა მოგიყვებით მის შესახებ: როდესაც მე მეოთხეჯერ ვესაუბრე ციხიდან ვახტანგ გომელაურს და დავუფიქსირე ჩემი მოთხოვნა, ეს იყო ბოლო ზარი, სადაც მან მითხრა, რომ ტელეფონით საუბარი რისკს შეიცავდა მისთვის, რადგან რიგით ბადრაგებს არ ენდობოდნენ და შეიძლება ინფორმაცია გაჟონილიყო. ამიტომ შემომთავაზა, რომ კომუნიკაცია მოხდებოდა მათთვის სანდო პირის (ადვოკატი) საშუალებით, რომლის საკონტაქტო ინფორმაციასაც გადმომცემდა მე-12 დაწესებულების დირექტორის მოადგილე, ხარიტონაშვილი“, – აცხადებს სოსო გოგაშვილი.

გოგაშვილის თქმით, აღნიშნულ წინადადებას დათანხმდა, რადგანაც დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების შანსად მიიჩნია. გოგაშვილი აცხადებს, რომ ამის შემდეგ დიმიტრი მჭედლიშვილმა გოგაშვილის ოჯახთან ფორმალური კონტრაქტი გააფორმა, რის შემდეგად მე-12 დაწესებულებაში მოინახულა და გომელაურის დანაბარები გადასცა:

„მჭედლიშვილი გამეცნო, მითხრა, რომ იგი ადრე მუშაობდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, ის ქალაქგარეთ იმყოფებოდა, როცა დაურეკეს პროკურატურიდან და უთხრეს, რომ ჩამოსულიყო. მან ასევე მითხრა, რომ ჩემთვის კარგად ნაცნობი იყო, თუ როგორ მუშაობდა სისტემა. ჩემთვის სჯობდა, რომ დავთანხმებულიყავი მათ შემოთავაზებას და თან დასძინა, რომ ხომ ნახე, FBI ტრამპის სახლში შევიდა და ჩხრეკა ჩაატარესო. მე შიკრიკი უხეშად გავაჩერე და ვუთხარი, რომ არც მე არ ვიყავი ტრამპი და არც სუსი არის FBI, სჯობდა, რაც დააბარეს, ის ეთქვა ჩემთვის.

მან მითხრა, რომ მათი მოთხოვნა იყო, პირველ რიგში, აფგან მუხთარლიზე უნდა მეთქვა, რომ მის შესახებ აღელვებულმა დავწერე ის სტატუსი და დამატებით ინფორმაციას არ ვფლობდი აღნიშნულის შესახებ, გარდა ოფიციალურად გავრცელებული ცნობებისა. რაც შეეხება არჩევნების გაყალბების თემას, ამაზე ჯერ ჩამოყალიბებულები არ იყვნენ და მოგვიანებით მეტყოდნენ, რა ჩვენება უნდა მიმეცა. მე მას ვუთხარი, რომ გადაეცა ყველასთვის, რომ ჩემი პირობა იყო ჩემი დაზარალებულად ცნობა, გაყალბებულ საქმეში გამართლება და ნამდვილი დამნაშავეების დასჯა. ამის შემდეგ მე მჭედლიშვილი აღარ მინახავს“, – აცხადებს სოსო გოგაშვილი.

„ნეტგაზეთი“ საპასუხო კომენტარისთვის ადვოკატ დიმიტრი მჭედლიშვილსაც დაუკავშირდა. ადვოკატი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ საქმეში გოგაშვილის ოჯახის თხოვნით ჩაერთო, თუმცა ჰონორარზე შეთანხმება ვერ მოახერხეს და თანამშრომლობაც ამიტომ არ გაგრძელდა:

„არავის დავალებით არ ვყოფილვარ, მისი თხოვნით იყო ეს. ერთი დღით ჩავერთე. კონტრაქტი გავაფორმეთ მის მეუღლესთან. ოჯახის მოთხოვნა იყო თუ მისი, არ ვიცი, მაგრამ მის მეუღლესთან გავაფორმეთ კონტრაქტი, თუმცა ჰონორარის საკითხზე არ ვიყავით შეთანხმებულები და უნდა შემეთანხმებინა უშუალოდ მასთან. შევედი, მასთან უნდა გვქონოდა ამ საკითხზე კონსულტაცია, ვერ შევთანხმდით და რატომ იყენებს ამას ასე, არ ვიცი“, – ამბობს მჭედლიშვილი.

„ნეტგაზეთი“ ასევე დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა გოგაშვილთან ან მის ოჯახის წევრებთან რაიმე სახის კავშირი დიმიტრი მჭედლიშვილს მანამ, სანამ მისი ადვოკატი გახდებოდა, ან თუ იყო მისთვის ცნობილი, ვინ გაუწია მისი აყვანის რეკომენდაცია გოგაშვილების ოჯახს, რაზეც ადვოკატი გვპასუხობს, რომ გოგაშვილებთან არანაირი შეხება წარსულში არ ჰქონია:

„ჩვენ, მოგეხსენებათ, ადვოკატები, მხოლოდ პირადი ნაცნობობით არ ვიყვანთ კლიენტებს. როგორ მომძებნეს, ამაზე ნამდვილად არ გვქონია საუბარი. ზოგადი საუბარი გვქონდა, ამ საკითხზე ვერ შევთანხმდით და მე აღარ გამიგრძელებია ურთიერთობა. ეს იყო ჩვენი შემხებლობა და რატომ იყენებს ამას, ნამდვილად ვერ გეტყვით“, – ამბობს დიმიტრი მჭედლიშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მას და მის ოჯახს განადგურებით დაემუქრა, თუ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ივანიშვილისთვის სასურველ ჩვენებას არ მისცემს.

ადვოკატების განცხადებით, პატიმრობაში მყოფ სოსო გოგაშვილს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პირადად ემუქრება.

ადვოკატები ჰყვებიან, რომ გოგაშვილისგან შს მინისტრი ტელეფონით ითხოვდა გაჩუმებასა და რიგ საკითხებზე სასურველი ჩვენების მიცემას. იმავე მიზნით, მათი თქმით, ციხეში ორჯერ შეახვედრეს ოჯახსაც, რაც მანამდე გოგაშვილს აკრძალული ჰქონდა.

თავად ვახტანგ გომელაური გოგაშვილის მონათხრობს უარყოფს და აბსურდს უწოდებს.

უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ სახლში, სამი ბრალდებით დააკავეს. გამოძიება მას ედავება პერსონალური მონაცემების ხელყოფას, უფლებამოსილების გადამეტებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას. გოგაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი