საზოგადოება

„სრული აბსურდია“ – გომელაური გოგაშვილის ბრალდებებს უარყოფს

19 აგვისტო, 2022 •
„სრული აბსურდია“ – გომელაური გოგაშვილის ბრალდებებს უარყოფს

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტან გომელაური მისი ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ბრალდებებს უარყოფს.

გომელაურის თქმით, მასსა და გოგაშვილს შორის, მას შემდეგ, რაც ის დააკავეს, კომუნიკაცია არ შემდგარა და არც დამუქრებია.

„ეს აბსურდი და ტყუილია. არანაირი კავშირი არ შემდგარა. ვინც მე პირადად მიცნობს, [იცის, რომ] არამარტო ნაცნობების, მტრის ოჯახსაც პატივს ვცემ და ჩემგან ასეთი რაღაც არასდროს არ ყოფილა არავის მიმართ, რომ ვინმეს ოჯახის ამოწყვეტით[დავმუქრებოდი]. ეს არის სრული აბსურდი.

ძალიან სამწუხაროა და გული მწყდება. სოსო გოგაშვილი 2013 წელს გავიცანი და წამოვიყვანე მე პირადად. რიგით თანამდებობაზე იყო გენისპექციაში, მე მაშინ [მინისტრის] მოადგილე ვიყავი, ირაკლი ღარიბაშვილი იყო შს მინისტრი. მას ვთხოვე და ჩემს საკურატოროში გადმოვიყვანე და დავაწინაურე. ბოლოს ჩემი პირველი მოადგილე გახდა და თითქმის სამი წელი იყო ჩემი მოადგილე. ჩემი ოჯახის ახლობელი იყო, ისე დავახლოვდით ოჯახებით… და ახლა რასაც ის აცხადებს, თურმე სამი წელი აგროვებდა ჩემზე, ჩვენს გუნდზე კომპრომატებს, გომელაური ციხეში უნდა იჯდეს თურმე და ა.შ.“, – განაცხადა გომელაურმა.

გომელაურის თქმით, გოგაშვილის განცხადებები და ბრალდებები ყველაზე მეტად მოულოდნელი მისთვის აღმოჩნდა, ვინაიდან გოგაშვილთან პირადი ახლობლობაც აკავშირებდა.

„2018-ში მოხდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება და რატომ მოხდა, ეს თვითონ ყველაზე კარგად იცის, მაგას მე არ ვიტყვი. არაერთხელ დამიცავს ის მე გუნდისგან[…] ყველაზე მეტად გაოცებული მე ვარ, არავის არაფერს ვაყვედრი, რაც შემეძლო ყველაფერი გავუკეთე, არაფერი არ ჰქონდა და გახდა პირველი მოადგილე. მისი ოჯახისთვის არაფერი ცუდი არ მინდა, თუმცა, რაც მოხდა და სადამდეც მიიყვანა მისმა საქციელმა, ვხედვათ და ვწუხვარ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მას და მის ოჯახს განადგურებით დაემუქრა, თუ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ივანიშვილისთვის სასურველ ჩვენებას არ მისცემს.

ადვოკატების განცხადებით, პატიმრობაში მყოფ სოსო გოგაშვილს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პირადად ემუქრება.

ადვოკატები ჰყვებიან, რომ გოგაშვილისგან შს მინისტრი ითხოვდა გაჩუმებასა და რიგ საკითხებზე სასურველი ჩვენების მიცემას. იმავე მიზნით, მათი თქმით, ციხეში ორჯერ შეახვედრეს ოჯახსაც, რაც მანამდე გოგაშვილს აკრძალული ჰქონდა.

უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ სახლში, სამი ბრალდებით დააკავეს. გამოძიება მას ედავება პერსონალური მონაცემების ხელყოფას, უფლებამოსილების გადამეტებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას. გოგაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი