24 აგვისტოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა უკრაინას საომარ მდგომარეობაში მოუწია. ეს დღე დაემთხვა ქვეყანაში ომის დაწყებიდან ექვსი თვის გასვლას.
მიუხედავად იმისა, რომ ომის დამთავრებაზე ჯერ არავინ საუბრობს, ბრძოლის მსვლელობა და მხარეების ტაქტიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა.
ვითარება ფრონტებზე
ამჟამად უკრაინაში ფრონტის ორი მიმართულებაა გამოხატული: აღმოსავლეთი, რომელიც აერთიანებს ხარკოვსა და დონბასის რეგიონს, მათ შორის, ლუგანსკსა და დონეცკს, და სამხრეთი, სადაც ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებია.
რუსეთმა ომის მეორე ფაზის შემდგომ, რა დროსაც ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების სრული ოკუპაცია ჰქონდა დაგეგმილი, სანახევროდ მიაღწია დასახულ მიზანს და მხოლოდ ლუგანსკის ოლქის ოკუპაცია მოახერხა.
ამის შემდგომ აღმოსავლეთში ვითარება პრაქტიკულად არ შეცვლილა, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა ვერ შეძლო დონეცკის ოლქში წინსვლა.
მეორე მხრივ, უკრაინულმა ძალებმა შეძლეს მცირე, თუმცა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევა ზაპოროჟიეს ოლქისა და ქალაქ ხერსონის მიმართულებით.
ამ უკანასკნელ შემთხვევაში უკრაინელები კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდნენ ქალაქს და დაიწყეს ხერსონის ხიდის დაბომბვა, რომელიც ქალაქს აკავშირებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან და, შესაბამისად, მომარაგების ხაზებთან.
უკრაინა ასევე ინარჩუნებს ხარკოვის ჩრდილოეთით გათავისუფლებულ ტერიტორიებსაც.
ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინული მხარის თანახმად, დაიღუპა მოწინააღმდეგის 45 000-ზე მეტი ჯარისკაცი. ასევე გაანადგურეს 1 900-ზე მეტი ტანკი და 4 200-ზე მეტი ჯავშანტექნიკა.
რუსული მხარე დაღუპულების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს, მაგრამ ირწმუნება, რომ გაანადგურეს მტრის 4 300-ზე მეტი ტანკი და 5 000-ზე მეტი საბრძოლო მანქანა.
ომის მესამე ფაზა
რუსული შეტევის შეჩერებისა და უკრაინული წინსვლის პარალელურად, დაიწყო ომის მესამე ფაზა, რომელიც გარდა მოქმედების ნელი ტემპებისა, გამოიხატება უკრაინული ძალების მიერ რუსული ტერიტორიების სიღრმეში სტრატეგიული ობიექტების დაბომბვაშიც.
უკრაინული მხარე, რიგ შემთხვევებში, საჯარო აღიარების გარეშე, თავს ესხმის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ზოგჯერ რუსეთის ფედერაციის საზღვრებში არსებულ იარაღის საწყობებს, სამეთაურო ცენტრებსა და მომარაგების ხაზებს.
ბოლო კვირებისა და დღეების განმავლობაში, ოკუპირებულ ყირიმში განადგურდა არაერთი საწყობი, ასევე, აფეთქებები დაფიქსირდა საკის საჰაერო ბაზებზე, სადაც, სულ მცირე, 9 რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს.
რუსული მხარე აფეთქებებს დივერსიებსა და ტექნიკურ მიზეზებს უკავშირებს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ რუსული სამხედრო ობიექტების სიახლოვეს ყოფნისგან.
მეორე მხრივ, რუსული მხარე ირწმუნება, რომ საბრძოლო ტემპის დაგდება მათი მხრიდან განზრახ მოხდა.
„რუსეთის არმიამ განზრახ შეანელა უკრაინაში სპეცოპერაციის ტემპი, რათა თავიდან აიცილოს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი“, — განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ.
ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) თანახმად, რუსეთის მიზნად კვლავ რჩება აღმოსავლეთ უკრაინაში წარმატების მიღწევა, თუმცა ამჯერად შედარებით ლოკალურ მიზნად გადაიქცა და იზიუმთან უკრაინული ჯარების ალყაში მოქცევას გულისხმობს.
კიდევ ერთი ცვლილება, რაც ომის ამ ეტაპს წინა თვეებისგან განასხვავებს, არის მოხალისეთა ბატალიონების ფორმირება რუსეთის ფედერაციაში. ბატალიონების ფორმირებას კოორდინაციას ადგილობრივი მთავრობები უწევენ, თუმცა იმ ადამიანთა მცირე რიცხვის გამო, რომელთაც ომში ჩართვა სურთ, მხარეებისა და რესპუბლიკების ხელმძღვანელები ერთჯერად ჯილდოებს აწესებენ.
ომის კვლევის ინსტიტუტის თანახმად, სხვადასხვა რესპუბლიკასა და ოლქში თანხის ოდენობა 100 000-დან 300 000-ს (4600 ლარი – 14 000) რუბლამდე მერყეობს.
რა იქნება ახლა
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, შორს არ ვართ იმ მომენტისგან, როდესაც ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს შეხვდებიან.
უკრაინული მხარე ქვეყნის სრულ დეოკუპაციას ითხოვს მაშინ, როდესაც რუსული საოკუპაციო რეჟიმი ხერსონში რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს, რომლითაც ოლქი, სავარაუდოდ, ისეთივე „სტატუსს“ მიიღებს, როგორიც დონეცკისა და ლუგანსკის დე ფაქტო სახალხო რესპუბლიკებს აქვთ.
დეოკუპაციისთვის უკრაინულმა მხარემ კონტრშეტევაც წამოიწყო, რომლის წარმატებით დასასრულებლადაც დასავლეთისგან ითხოვს შორს მოქმედი სარაკეტო სისტემების, საჰაერო თავდაცვის დანადგარებისა და სხვა ტიპის საბრძოლო ტექნიკის მიღებას.