საზოგადოება

“ვაგნერი” მებრძოლებს რუსეთის ციხეებში აგროვებს – The Insider

19 აგვისტო, 2022 •
“ვაგნერი” მებრძოლებს რუსეთის ციხეებში აგროვებს – The Insider

რუსეთი პატიმრებს ათავისუფლებს “ვაგნერის” დაჯგუფებაში გასაწევრიანებლად და უკრაინაში საბრძოლველად. ამის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება გამოცემა The Insider-მა გამოაქვეყნა. გამოცემის ცნობით, სტატია მოამზადეს პატიმრების უფლებებზე მომუშავე რუსული არასამთავრობო ორგანიზაციის “ფონდი რუსეთი გისოსებს მიღმა” დახმარებით. 

სტატიაში რამდენიმე პატიმარი ჰყვება, თუ როგორ გადაადგილდება ციხეებში სერგეი პრიგოჟინი, რომელიც “ვაგნერის” დაჯგუფების ლიდერად არის მიჩნეული.

პატიმრები თანახმად, პრიგოჟინი და რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის [ეფ-ეს-ბე] წარმომადგენლები უკრაინაში საბრძოლველად არჩევდნენ მსჯავრდებულებს. ომში მონაწილეობის სანაცვლოდ მათ ჰპირდებოდნენ ფულად ანაზღაურებას, 6 თვის თავზე თავისუფლებას და სხვა სარგებელს.

სტატიის რესპონდენტები ამბობენ, რომ ციხეებში პრიგოჟინის წინადადებას ასეულობით ადამიანი თანხმდება, თუმცა “ორგანიზებულ კრიმინალურ ჯგუფში, რომელიც რუსეთის არმიას ეხმარება”, მხოლოდ შერჩეული კანდიდატები ხვდებიან. მაგალითად, ერთ-ერთ ციხეში 500 მსურველიდან საბოლოოდ მხოლოდ 100 შეარჩიეს, სხვა კოლონიაში კი – 400-დან 150.

სტატიის თანახმად, პრიგოჟინი არ მალავს, რომ ამ ყველაფერს რუსეთის პრეზიდენტის დავალებით აკეთებს. ომში საბრძოლველად წასულ პატიმრებს 6-თვიანი ბრძოლის შემდეგ შეიწყალებენ. ამასთან, ის პატიმრები, ვისაც რუსეთის მოქალაქეობა არ აქვთ, 6 თვის შემდეგ მოქალაქეობასაც მიიღებენ.

 “იძულება არ ყოფილა. პირიქით: ძალიან ბევრი ადამიანი არ აირჩიეს. მხოლოდ მათ ირჩევენ, ვისაც არ ეშინია და ადეკვატურია…

მკითხეს: “რატომ გინდა ეს”, მე ვუპასუხე: “ვნახე, ზელენსკიმ როგორ გაათავისუფლა ხალხის მწამებლები. მათ დავხოცავ. მე პუტინი და ზელენსკი არ მაინტერესებს. ომი ომია. ქალებს და ბავშვებს ვინც ავიწროებს. მათ დავბომბავ”, – ჰყვება ერთ-ერთი პატიმარი.

მისი თქმით, გასაუბრების შემდეგ ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე, რომლის თანახმადაც არ უნდა გაემხილა, თუ რატომ და როგორ ათავისუფლებდნენ და ნებაყოფლობით იღებდა მონაწილეობას “უკრაინაში სამხედრო ოპერაციაში”. ამასთან, მან შეწყალების პეტიციაც დაწერა.

პატიმარი ჰყვება, რომ შერჩევის შემთხვევაში კონტრაქტის გაფორმებასაც შეჰპირდნენ, რომლის თანახმადაც ყოველთვიურად 230 000 რუბლს [დაახლოებით 10 713 ლარი] გადაუხდიდნენ, 6 თვის შემდეგ კი ყველა კრიმინალურ ჩანაწერს წაშლიდნენ. თუმცა, მისი თქმით, იქვე უთხრეს, რომ 100-დან 80 ადამიანი ომიდან ცოცხალი ვერ ბრუნდება.

“თუ გადავრჩები, გადავრჩები, ჩემს ცხოვრებაში ცვლილება იქნება და რაღაც ფულსაც ავიღებ… ერთადერთი რისიც გვეშინია, არის, რომ არ აგვიყვანენ”, – ამბობს ის.

სტატიის თანახმად, პატიმრების ნაწილს დაჰპირდნენ, რომ დაღუპვის შემთხვევაში მათი ოჯახები 5 მილიონ რუბლს (230 000 ლარი) მიიღებენ. თუმცა ერთ-ერთი პატიმარი ამბობს, რომ მსგავსი დაპირებით წასული მებრძოლების ოჯახის წევრებს შეპირებული თანხას არ უხდიან.

პატიმრების თქმით, პრიგოჟინმა თქვა, რომ ყველაზე მამაცი და ენერგიული მოხალისეები სჭირდებათ.

“საკუთარ ორგანიზაციას ორგანიზებულ- დანაშაულებრივი ჯგუფი უწოდა და ისაუბრა იმ უპირატესობებზე, რასაც მათი მეშვეობით ომში მონაწილეობის შემთხვევაში მივიღებთ.

სიმართლე რომ გითხრათ, ვფიქრობდი, რომ ეს სიურრეალისტური სიზმარი იყო. კაცი, რომელსაც მაისურზე რუსეთის გმირის ვარსკვლავი ჰქონდა მიკრული, ხმამაღლა და გარკვევით გვეუბნებოდა, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. რომ მმართველობაში ნამდვილად ბანდიტები არიან და მათ ფეხებზე ჰკიდიათ ყველა სახის უფლედამცველი ორგანიზაციები, როგორიცაა Gulagu.net ან “ჯარისკაცთა დედების კომიტეტი”.

საბრძოლო მოქმედებებში დანაკარგების შესახებაც გვითხრა: 10-15% მოკვდება, 15-20% დაიჭრება”, -ჰყვება კიდევ ერთი პატიმარი სხვა კოლონიიდან, რომელიც, როგორც თავად ამბობს, სვასტიკის ტატუს გამო დაიწუნეს.

მისი თქმით, ასევე უთხრეს, რომ უპირატესობა იმას მიენიჭება, ვისაც უკვე ჰყავს მოკლული ადამიანი.

შერჩევამდე პატიმრებს ასევე ეკითხებიან, ჰყავთ თუ არა ნათესავები უკრაინაში.

სტატიის კიდევ ერთი რესპონდენტი სხვა კოლონიიდან ამბობს, რომ შერჩეულ პატიმრებს თავდაპირველად როსტოვის რეგიონის ბანაკებში გზავნიან, სადაც 20-დღიან გადამზადებას გადიან:

“სამი საათით ძილის უფლებას აძლევენ, ერთი საათი აქვთ ჭამისთვის (20 წუთი ერთი სადილისთვის) და 20 საათი ვარჯიშობენ. შემდეგ 12-კაციან ჯგუფებად ანაწილებენ და ფრონტის ხაზზე აგზავნიან. მოხალისეებს მეორე რიგში მიჰყვებიან კერძო კონტრაქტორები, კარგად ნავარჯიშები და გამოცდილი დაქირავებული ჯარისკაცები, სავარაუდოდ, იცავენ მათ.

მან [პრიგოჟინმა] ოფიციალურად გვითხრა: “არ მეშინია იმის თქმის, რომ ჩვენ ვართ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც რუსეთის არმიას ეხმარება”, – ჰყვება პატიმარი, რომელიც ამბობს, რომ საბოლოოდ მისთვის გაურკვეველი მიზეზის გამო დაიწუნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი