სამართალი

გოგაშვილს ციხეში გომელაური ესაუბრა და დაემუქრა – ადვოკატები

11 აგვისტო, 2022 • 2030
გოგაშვილს ციხეში გომელაური ესაუბრა და დაემუქრა – ადვოკატები

ადვოკატების განცხადებით, პატიმრობაში მყოფ სოსო გოგაშვილს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პირადად ემუქრება.

ადვოკატები ჰყვებიან, რომ გოგაშვილისგან შს მინისტრი ითხოვდა გაჩუმებასა და რიგ საკითხებზე სასურველი ჩვენების მიცემას. იგივე მიზნით, მათი თქმით, ის ციხეში ორჯერ შეახვედრეს ოჯახსაც, რაც მანამდე გოგაშვილს აკრძალული ჰქონდა.

დღეს, 10 აგვისტოს, ადვოკატებმა, რამაზ ჩინჩლაძემ და დიმიტრი ღონღაძემ პრესკონფერენცია გამართეს, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ გოგაშვილის ოჯახის წევრები.

„გაიყვანეს [გოგაშვილი] ე.წ. საშხაპეში, სააბაზანო ოთახში, და მას მიუთითეს ფანჯრის რაფაზე განთავსებულ ტელეფონზე. იოსებ გოგაშვილმა, რა თქმა უნდა, უპასუხა აღნიშნულ ტელეფონს და მას უპასუხა საქართველოს შს მინისტრმა. აღნიშნული საუბარი შეეხებოდა მუქარებს. ძირითადი მოთხოვნა იოსებ გოგაშვილის მიმართ იყო, რომ მას მიეცა მათთვის სასურველი ჩვენება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც იოსებ გოგაშვილმა გააჟღერა. დღეს ცნობილი არის, თუ რა ნომრიდან ხდებოდა იოსებ გოგაშვილთან დაკავშირება და ასევე, თუ რა ნომერი იყო მოთავსებული იმ ტელეფონში, რომლითაც ის პასუხობდა შს მინისტრს“, – აცხადებს ადვოკატი რამაზ ჩინჩლაძე.

მისივე თქმით, გოგაშვილმა მოახერხა და წებოვანი ლენტით ტელეფონიდან აიღო თითის ანაბეჭდი, რომელიც ადვოკატების ინფორმაციით უკვე გამოტანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან – „ჩვენ, ადვოკატები შევეცდებით, რომ თუკი, რა თქმა უნდა, ვარგისი იქნება იდენტიფიკაციისთვის, ჩავატაროთ შესაბამისი ექსპერტიზები“.

დამატებით დეტალებზე საუბრობს ასევე ადვოკატი დიმიტრი ღონღაძე. მისი თქმით, გომელაურმა გოგაშვილს 4-ჯერ დაურეკა,

„პირველ ორ შემთხვევას ორგანიზებას უწევდა დაწესებულების ხელმძღვანელი ზურაბ მოდებაძე, რომელმაც მიუთითა, რომ შესულიყო  საშხაპეში“, – ამატებს ის.

ნეტგაზეთთან დამატებით კომეტარში ადვოკატი დიმიტრი ღონღაძე აცხადებს, რომ გოგაშვილსა და ოჯახს შორის შეხვედრა ორჯერ შედგა ციხეში, მიუხედავად იმისა, რომ გოგაშვილს ეს დადგენილებით ჰქონდა აკრძალული.

„სოსო გოგაშვილს მოსთხოვეს, რომ ის გაჩუმებულიყო, საჯაროდ ბრალდების შესახებ აღარ ესაუბრა და მიეცა სასურველი ჩვენებები მის მიერ გაცხადებულ საკითხებთან დაკავშრებით. ეს იყო მოთხოვნა.

მანამდე ოჯახთან შეხვედრა მას აკრძალული ჰქონდ. ამ მიზნით შეახვედრეს, რომ ოჯახისთვისაც გაეცნო ეს მოთხოვნა და ოჯახის პოზიციაც მოესმინა ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ მიზნით შეახვედრეს“ ,- აცხადებს ადვოკატი.

პრესკონფერენციის მიმდინარეობისას გოგაშვილის ცოლმა თეა მარტყოფლიშვილმა სიტყვით მიმართა ვახტანგ გომელაურს, სუს-ის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილსა და პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ის ასევე ადასტურებს, რომ შეხვედრა გოგაშვილთან მართლაც შედგა.

„ჩვენს ოჯახის წევრებს, ან ჩემს ახლობლებს თუ რაიმე ზიანს მიაყენებენ, ან ქუჩაში პროვოკაციას მოგვიწყობენ, პირადად მათ ვაკისრებ პასუხისმგებლობას. ჩემი მეუღლის უსაფრთხოება არ არის დაცული“, – აცხადებს ის და ამატებს, რომ ყველაფერი ეს თანხმდება ბიძინა ივანიშვილთან.

ნეტგაზეთი საპასუხო კომენტარს ელოდება სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.


უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ სახლში, სამი ბრალდებით დააკავეს. გამოძიება მას ედავება პერსონალური მონაცემების ხელყოფას, უფლებამოსილების გადამეტებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას. გოგაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.

დღეს, 10 აგვისტოს, გომელაურის ფეისბუკ გვერდზე მისი განცხადება გამოქვეყნდა. სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ  ბიძინა ივანიშვილისგან მუქარა მიიღო.

ივანიშვილისგან მუქარა მივიღე – გოგაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი