90-იან წლებში ჩემი სკოლის შესასვლელში ორი მოზრდილი სტენდი იყო ჩამოკიდებული წარწერებით „აფხაზეთი ჩვენი ტკივილია“ და „ჩვენ დავბრუნდებით.“ როდის გამოჩნდა ეს წარწერები სკოლაში ნამდვილად არ ვიცი. სწავლა ისე დავასრულე ისინი იქ იყვნენ ბავშვების ჟრიამულსა და სკოლისთის დამახასიათებელ ჟივილხივილში. ამ ლოზუნგებს ისე ავურბენდი და ჩავურბენდი, რომ არც დიდ ყურადღებას ვაქცევდი და არც არასდროს გავჩერებულვარ სპეციალურად მათ წასაკითხად. თუმცა ფაქტია, რომ ამ ლოზუნგებმა იმუშავეს, მერე რა რომ არ წამიკითხავს, მერე რა რომ შიგთავსი არ მახსოვს, მერე რა რომ უყურადღებო ვიყავი, სკოლის დასრულებიდან თითქმის 20 წლის მერე ეს ლოზუნგები ჩემს მეხსიერებაში ისევ ცოცხლობენ.
წარსულის აღქმის შესაქმნელად მსგავს მიდგომას ყველგან იყენებენ. ემოციურ ლოზუნგებს ადამიანები კითხულობენ, მარტივად ამახსოვრდებათ და მერე ეს ისტორია ჰგონიათ. გაცილებით რთული და კომპლექსური მოვლენა კი წარსულში მომხდარი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცვლილებების ანალიზია. ისინი ერთ ლოზუნგში ვერ მოთავსდება და ვერც ელიტები გრძნობენ თავს კომფორტულად სხვა შემთხვევაში. ემოციური მანიპულაციების მიღმა ისმის გაცილებით რთული კითხვა. არა რა გვახსოვს, არამედ რა დავივიწყეთ, როგორ დავივიწყეთ და რატომ დავივიწყეთ.
ამ ლოზუნგებში, მესამე პირის მრავლობით ნაცვალსახელი „ჩვენ“ განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობის მატარებელია. სკოლებში გამოკრული ამ სტენდებით განცდა ჩნდება თითქოს „ჩვენ“ ყველას ვინც ამ სკოლაში ვსწავლობთ, მათ ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს ყველას ერთი განცდა და სურვილი გვაქვს რომ აფხაზეთი გვახსოვს და იქ დავბრუნდეთ.
არის თუ არა ეს სიმართლე? არ არის ეს ასე და ეს დიდი ტყუილია.
ომი ყველაზე მეტად აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს შეეხო, მათ ყველაზე მეტი მსხვერპლი გაიღეს, როგორც ადამიანური, ისევე – სოციალური. მათ დაკარგეს მუდმივი საცხოვრებელი სივრცე, იქცნენ დევნილებად და ცხოვრების ახლიდან დაწყებამ მოუწიათ. მათი მხრიდან ომში მონაწილეობა არ იყო მხოლოდ სამხედრო მსხვერპლი, დაღუპული ჯარისკაცები და უანგაროდ დახმარება სახელმწიფოსადმი. მათი მსხვერპლი გაცილებით დიდია, რადგან ეს სამხედრო დაპირისპირება, ცოცხლად გადარჩენილთათვის ცხოვრების თანამგზავრი გახდა. ისინი უბრალოდ ომის ადამიანებად იქცნენ. მათი მეხსიერებაც ასეა აგებული, ცხოვრება ომამდე და ცხოვრება ომის შემდეგ. იგივეა აფხაზებისა და აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებისათვის ცხოვრების აღქმა – ომამდე და ომის შემდეგ.
ყველაზე ტრაგიკული ბედი ამ შემთხვევაში გალის რაიონის ქართულ მოსხლეობას ერგო. ერთი შეხედვით ისინი აფხაზეთში საკუთარ სახლებში, ხშირად გადამწვარში, დაბრუნდნენ და ახლა მეორედ ან მესამედ აშენებულში ცხოვრობენ. განიცდიან ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას. აფხაზებისთვის ისინი მეხუთე კოლონად აღიქმებიან. მათ წინააღმდეგ 1990-იან წლებსა და 2000-იანის დასაწყისში პერმანენტულად ეწყობოდა ეთნიკური ნიშნით წმენდები. მოსახლეობა მაინც დარჩა, გადარჩა, დაბრუნდა. და ეს არ იყო ნებაყოფლობითი აქტი, უბრალოდ მათ სხვა საშუალება არ ჰქონდათ, საქართველო, როგორც სახელმწიფო მათზე არ ზრუნავდა.
არსებობისათვის და მიზერული სარჩოს მოსაპოვებლად, საკუთარი სიცოცხლის ფასად ისინი უკან ბრუნდებოდნენ. გალელებს სრულფასოვან, სრულუფლებიან მოქალაქეებად არც აფხაზეთის ხელისუფლება აღიქვამს და არც საქართველოსი. არიან ასე ორ ნაკვეთს შორის მომიჯნავედ გაზრდილი ხესავით, სადაც ფესვები ერთ მხარესაა, ხოლო ნაყოფი მეორეში, ნაკვეთის მფლობელებს კი ეს ხე მოსავლის აღების დროს, შემოდგომაზე ახსენდებათ. ამ ხალხისთვის ომი არ არის 30 წლის მორჩენილი დაპირისპირება, მათთვის ის დღემდე გრძელდება, ოღონდ ეს ომი უფრო ხანგრძლივი და დაუნდობელი აღმოჩნდა და მას ყოველდღიური გადარჩენისათვის ომი ჰქვია. რასაკვირველია ნაცვალსახელ „ჩვენში“ გალელების და სხვა რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების გათანაბრება ძალიან, ძალიან უხერხულია.
მეორე მნიშვნელოვანი ლოზუნგი, დაბრუნებაა. აქაც უსამართლობა და არათანმიმდევრულობაა. აფხაზეთს მიღმა მცხოვრები საქართველოს მოსახლეობისათვის ეს ტერიტორია საკურორტო ზონაა, სადაც განსაკუთრებით ზაფხულში დასვენება სასიამოვნო იყო. ტურისტად წასვლა ყველგან უფრო მარტივად შეიძლება დამოუკიდებელ აფხაზეთშიც და საქართველოს შემადგენლობაში არსებულისთვისაც. აი, ამ ტერიტორიიდან დევნილებისათვის კი დაბრუნება სრულიად სხვა დატვირთვისაა, მეტია ვიდრე ბიჭვინთის სანაპიროზე წოლა და პინგვინის ნაყინის ჭამა.
30 წელია საქართველოს ხელისუფლება ლოზუნგებით საუბრობს აფხაზეთსა და აქ დაწყებულ ომზე. სამი ათწლეულის შემდეგ კი ომის შესახებ უფრო მეტი პასუხგაუცემელი კითხვაა ვიდრე პასუხი, უფრო მეტიც ხშირად კითხვის დასმაც კი დანაშაულად და სახელმწიფოს ღალატად ცხადდება, მედია მანუპულაციებისა და ე.წ ინფლუენსერების საშუალებით.
მოდით ჩამოვთვალოთ იმ შეკითხვების ნაწილი, რომლებზეც პასუხის გაცემა წარსულის გაგებაში დაგვეხმარება.
- სამოქალაქო ომი, რომელიც საქართველოში იყო საჭიროებს თუ არა პოლიტიკურ შეფასებას? როგორ უნდა შეფასდეს სამეგრელოსა და აფხაზეთში შეიარაღებული პირების მიერ უდანაშაულო მოსახლეობის ხოცვა და ძარცვა? არის თუ არა ძეგლებისა და მუზეუმის გახსნა ამ მოვლენის გასააზრებლად საკმარისი?
- აფხაზეთში რკინიგზის დასაცავად შესული შეიარაღებული ძალები, მხოლოდ რკინიგზას იცავდნენ თუ სამოქალაქო ომში მონაწილე, ოპონენტების დასჯას და ფიზიკურ განადგურებასაც ისახავდნენ მიზნად?
- ძარცვავდა თუ არა ქართული შეიარაღებული ძალები აფხაზეთში მშვიდობიან მოსახლეობას? მათ შორის აფხაზებს, სომხებს, ბერძნებსა და სხვებს? უნდა აიღოს თუ არა ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა?
- იყო თუ არა ქართული შეიარაღებული ძალების მართვა ცენტრალიზებული? იყო თუ არა კორუფცია ომის დროს შეიარაღებულ ძალებში, თანხების მითვისება, იარაღით ვაჭრობა, პროტექციონიზმი და მსგავსი დანაშაულები? ვინ უნდა აგოს ამაზე პასუხი?
- რატომაა არის გასაიდუმლოებული საგამოძიებო მასალები, რომელიც აფხაზეთში ომში დამარცხების მიზეზებს იკვლევდა ?
- რა როლს თამაშობდა კრიმინალური სამყარო ომის დროს? როგორ თანამშრომლობდა მასთან სახელმწიფო?
როგორი იყო პოლიტიკური ჯგუფების ურთიერთობა საქართველოში მყოფ რუსულ ჯარებთან? როგორ მარაგდებოდნენ ისინი იარაღით? - როგორია რუსეთის და ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების ურთიერთობა ამ პერიოდში? ახერხებს თუ არა მოსკოვის მათ ეფექტურ მართვას? როგორია რუსეთის შიდა პოლიტიკა და რა გავლენის ჯგუფები არსებობდნენ მაშინ?
- რა ხდებოდა ჭუბერში? იყო თუ არა ქალების გაუპატიურება, დევნილების ძარცვა და არნახული ძალადობა სისტემური? თუ მხოლოდ ერთეულ შემთხვევებთან გვაქვს საქმე? ვინ უნდა აგოს ამაზე პასუხი?
- რატომ გახდნენ დევნილები, „ლტოლვილები“ და „თბილისში ჩამოთრეულები“, როგორ მიიღო ისინი დანარჩენმა საზოგადოებამ ? რა გზა გაიარეს ადაპტაციამდე და გაიარეს კი?
- როგორ მოხდა „ტრაგედია უგმიროდ“, როდესაც ყველა, ომის მსხვერპლი გახდა, მიუხედავად იმისა, შეეხო მას პირადად ეს კონფლიქტი თუ არა?
- რა ვიცით გალში მცხოვრებ გალელებზე? ვიცით მათ უფლებრივი მდგომარეობა? ვეხმარებით მათ?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ბევრ მანიპულაციას დაუსვამდა წერტილს. ეს ის შეკითხვებია, რომელზეც პასუხი საქართველოს მხარემ უნდა გასცეს. შეკითხვები კიდევ შეიძლება გაიზარდოს, ოღონდ ამ შემთხვევაში მან კონფლიქტის სხვა მხარეებიც უნდა მოიცვას და შეეხოს.
ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ კონფლიქტის შედეგად დაზარებულთა ხმა ფაქტიურად არ ისმის საქართველოში. არც ომის დროს ისმოდა. აფხაზეთში კონფლიქტის პარალელურად არ შეწყვეტილა პრივატიზაციის პროცესი, მდიდრების მეტად გამდიდრების ვნება, რომელიც სახელმწიფო ქონების დაუფლებას გულისხმობდა და არა საწარმოო განვითარებას.
როდესაც მავანნი ამა ქვეყნისა კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ ყველა ქართველი ომობდა აფხაზეთში, იქნებ პირველად 30 წლის მერე, ვინმემ ჰკითხოს, თუ ყველა ომობდა და ყველა მსხვერპლია, მაშინ ვინ დადიოდა დუბაიში შოპინგ ტურებზე და ვინ ყიდულობდა იქიდან ჩამოტანილ ნივთებს?