საზოგადოება

არ დავუჭერთ მხარს ცესკოში პრეზიდენტის კანდიდატებს – საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე

8 აგვისტო, 2022 • 1413
არ დავუჭერთ მხარს ცესკოში პრეზიდენტის კანდიდატებს – საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ არ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატებს ცესკოში.

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი მესამედ აღარ წარუდგინა. კანდიდატებს შორის, რომლებიც ზურაბიშვილმა შეარჩია, თამარ ალფაიძე და რევაზ ეგაძე არიან.

ირაკლი ქადაგიშვილმა „აბსოლუტურად გაურკვეველი“ უწოდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კალანდარიშვილის წარდგენაზე თავის შეკავებას და თქვა, რომ პრეზიდენტის „განცხადებიდან ჩანს, ეს უფრო მისი პოლიტიკური პოზიციის გამოჩენაა“.

„რეალურად, პრეზიდენტს არ ევალება პოლიტიკური პოზიციის გამოხატვა, მით უმეტეს, ამ საკითხში. ის უნდა ყოფილიყო მიუკერძოებელი და ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით უნდა მიეღო გადაწყვეტილება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მან განაცხადა, რომ გიორგი კალანდარიშვილმა „უმაღლესი შეფასებით“ „ჩაატარა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები“ და „გაურკვეველია, რატომ ხდება ასეთი ადამიანის არდაშვება პარლამენტში წარსადგენად“.

„გამომდინარე აქედან, ჩვენც ვფიქრობთ, რომ გვექნება ჩვენი ხედვა და არ დავუჭერთ პრეზიდენტის ამ ობიექტურად არამოტივირებულ გადაწყვეტილებას მხარს“, – განუცხადა ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს 8 აგვისტოს.

ქადაგიშვილის განმარტებით, მანამ, სანამ პარლამენტი ახალ თავმჯდომარეს არ აირჩევს, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გააგრძლებს მოვალეობის შესრულებას. მისი თქმით, უნდა ჩაინიშნოს ახალი კონკურსი საშემოდგომო სესიის განმავლობაში, სავარაუდოდ, ოქტომბერში.

ქადაგიშვილის განცხადებითვე, არაეფექტური გამოდგა ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი პარლამენტის შემადგენლობის 2/3-ით. „ჯერ ეს ერთი, არ არსებობს ქვეყანა, სადაც პოზიციაზე, თანამდებობაზე ადამიანის განწესება ხმების 2/3-ით ხდება. მთავრობის არჩევას არ სჭირდება 2/3“.


გარდა ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურებისა, პრეზიდენტმა პარლამენტს წარუდგინა ცესკოს ერთი წევრის პოზიციაზე ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები; ხოლო ცესკოს მეორე წევრის თანამდებობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ჩატარებული ღია კონკურსის შედეგად პრეზიდენტის მიერ ვერ შეირჩა შესაბამისი კანდიდატურები.

პრეზიდენტმა კალანდარიშვილის არწარდგენა ასე ახსნა: „ცესკოს მოქმედი თავმჯდომარისა და მოქმედი წევრების პარლამენტისათვის არწარდგენა განპირობებულია იმით, რომ მათმა კანდიდატურებმა ორჯერ უკვე ვერ მოიპოვეს პარლამენტის წევრთა 2/3 -ის უმრავლესობა, რაც საჭიროა 5 წლის ვადით ასარჩევად“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს პროცესში ახალი პროფესიონალების ჩართულობის ხელშეწყობას, ცესკოს დემოკრატიულ და ინსტიტუციურ გაძლიერებას, ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე ასარჩევად ფართო პოლიტიკური კონსენსუსისა და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე კანდიდატურების გამოვლენას.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ცესკოც და განაცხადა, რომ პრეზიდენტმა პოლიტიკური მოტივებით იხელმძღვანელა.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი