შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ მისი აზრით, პარაპლანით ფრენები დროებით უნდა შეჩერდეს და აიკრძალოს, შესწავლილი იქნეს, როგორაა რეგულირებული, რა იწვევს პარაპლანისტების დაღუპვას, და შემდეგ გაიცეს ლიცენზიები პროფესიონალებზე.
„გიდასტურებთ, რომ პარაპლანის ფრენები დიდი პრობლემაა. არაერთხელ მოხდა… შეიძლება ითქვას, კვირა არ გავა, რომ არ გახდეს საჭირო სამაშველო ოპერაციის ჩატარება, ვერტფმრეფნის ჩართვა. არის გარდაცვალების ფაქტებიც“, – განუცხადა გომელაურმა 29 ივლისს ჟურნალისტებს.
„არ ვიცი, რატომ ვარდებიან აქ ასე ხშირად პარაპლანები.. არ ვიცი, ქარია, ხეობებია, ან არ არიან პროფესიონალები… ეს ლიცენზიაც როგორ გაიცემა, საინტერესოა ყველაფერი და ამასაც ჩავყვებით აუცილებლად“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი განცხადებით, „მანამ, სანამ ეს საკითხები გაირკვევა, უნდა გაჩერდეს პარაპლანებით ფრენა და შესწავლის შემდეგ გაიცეს ლიცენზია ისეთ ადამიანებზე, რომლებიც პროფესიონალები არიან“.
პარასკევს, 29 ივლისს გუდაურში, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა.
სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.
ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 ექიმი, – ჯამში რვა ადამიანი.
ვიდეოებში ჩანს, როგორ ეხება ვერტმფრენი უკანა პროპელერით კლდეს, პროპელერი სძვრება, ტრიალს იწყებს და ხევში ვარდება, რის შემდეგაც ფეთქდება.
ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა.
დაიღუპა პარაპლანის უცხოელი მგზავრიც.
ქართველი ინსტრუქტორი გადარჩა, კლინიკაში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მთავრობის განკარგულებით, 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაეშვა.
ცხედრების ამოსვენება შაბათ დილისთვის უკვე დასრულებული იყო.
საქმის გამოძიება გრძელდება.