საზოგადოება

გორის რესურსცენტრის ექსუფროსის თქმით, 2016 წელს სუს-ის ინფორმაციის გამო გაათავისუფლეს

22 ივლისი, 2022 • 597
გორის რესურსცენტრის ექსუფროსის თქმით, 2016 წელს სუს-ის ინფორმაციის გამო გაათავისუფლეს

გორის განათლების რესურსცენტრის ყოფილი უფროსი ზურაბ ქარელი აცხადებს, რომ 2016 წელს, არჩევნებისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გაათავისუფლეს თანამდებობიდან. ამის შესახებ ზურაბ ქარელმა ფეისბუკ პოსტი 16 ივლისს, ISFED-ისა და TI-ის ანგარიშის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაწერა.

ზურაბ ქარელის პოსტში ვკითხულობთ, რომ 2016 წელს ის, როგორც გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ადგილობრივი სკოლების სამოცდაათ დირექტორთან ერთად ესწრებოდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის [გიორგი კვირიკაშვილი] მიერ შიდა ქართლის მაჟორიტარობის კანდიდატურების წარდგენის ღონისძიებას.

ქარელი ჰყვება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, იოსებ (სოსო) გოგაშვილს ინფორმაცია მიაწოდა, თითქოს აღნიშნული ღონისძიება პროტესტის ნიშნად დატოვა და “თან გაიყოლა” თანმხლები 70 დირექტორიც. არჩევნების შემდეგ კი მაშინდელი განათლების მინისტრის ბრძანების საფუძველზე სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მისი პოსტის თანახმად,

“2016 წელს გორში გაიმართა დიდი შეხვედრა, რომელზეც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა შიდა ქართლის მაჟორიტარობის კანდიდატურები წარადგინა. შეხვედრას მეც ვესწრებოდი, როგორც გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, სკოლების სამოცდაათ დირექტორთან ერთად. შეხვედრის შემდეგ, სახ. უსაფრთხოების შიდა ქართლის სამსახურის ერთმა ნაძირალა თანამშრომელმა(ამ ეტაპზე გვარს არ დავასახელებ), პირადი შურისძიების საფუძველზე, მიაწოდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს მე პროტესტის ნიშნად მივატოვე შეხვედრა და თან გავიყოლე სამოცდაათივე სკოლის დირექტორი”, – დაწერა ქარელმა და დასძინა, რომ გოგაშვილმა არც კი გადაამოწმა ინფორმაცია (“რაც ადვილი იყო, რადგანაც შეხვედრაზე იმყოფებოდნენ შიდა ქართლის გუბერნატორი და ყველა მერი”) და დაავალა განათლების მინისტრს მისი გათავისუფლება.

“ჩაატარეს შემოწმება და სამი თვის მერე, როდესაც დამთავრდა არჩევნები (დაელოდნენ), ჯეჯელავას ბრძანებით სამსახურიდან გამათავისუფლეს. შემდეგ თავს იმართლებდა, რა მექნა, გოგაშვილმა დამავალაო. აი, გოგაშვილის ნამდვილი სახე! P.S. ცილისმწამებელი ისევ თანამდებობაზე მუშაობს. იმედია, მისი დავალებით იარაღს ან ნარკოტიკებს არ მიპოვიან”, – წერს ქარელი.

ზურაბ ქარელი გორის რესურსცენტრის უფროსი იყო 2013-2016 წლებში. 2016 წლის 4 ნოემბერს ამ პოზიციიდან გაათავისუფლეს განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის  დასკვნის საფუძველზე.

რესურსცენტრიდან გათავისუფლების შემდეგ, 2018 წლიდან გასულ წლამდე, ქარელი იკავებდა გორის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორის პოზიციას. თუმცა 5-6 ივლისის მოვლენებისას აშშ-ის საელჩოს ფეისბუკ პოსტზე დაწერილი უცენზურო კომენტარის შემდეგ თანამდებობა დატოვა. მაშინ ის აცხადებდა, რომ ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო, რადგან “დაიღალა” და მისი გადაწყვეტილება არც სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს უკავშირდებოდა.

“ნეტგაზეთი” მეტი დეტალის გასარკვევად თავად ქარელს დაუკავშირდა, თუმცა დამატებითი კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ასევე დავუკავშირდით განათლების მაშინდელ მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასაც, რომელსაც ვკითხეთ, ადასტურებდა თუ არა, რომ ზურაბ ქარელი სუს-ის მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გათავისუფლდა. სტატიის გამოქვეყნებისას სმს-ზე მისგან პასუხი არ მიგვიღია. დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

სუს-ის და “ოცნების” დოსიეები სკოლის დირექტორებზე – ISFED და TI-ის ანგარიში

“სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლის, გიორგი მონიავას განცხადებით, კონკრეტული შემთხვევის შესახებ მათთვის ცნობილი არ არის, თუმცა, მისი შეფასებით, გუშინდელ ანგარიშში მოცემული ცნობების ფონზე შესაძლებელია, რომ ქარელის პოსტში მოთხრობილი ამბავი სიმართლე იყოს:

“კონკრეტულად ამ ადამიანთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს, ვერ დავადასტურებთ მის მიერ მოთხრობილი ამბის ნამდვილობას, თუმცა ნამდვილად ვერ გამოვრიცხავთ, რადგან ბევრად მძიმე ამბებიც ვნახეთ იმ მასალებში და მანამდეც გვქონდა ბევრად მძიმე სურათი ნანახი. ამიტომ,ვერანაირად გამოვრიცხავ და, სამწუხაროდ, ამ ლოგიკაშიც ჯდება მისი [ზურაბ ქარელის] ამბავი”, – აცხადებს მონიავა.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და „სამართლიანი არჩევნებმა“ გუშინ, 21 ივლისს ანგარიში გამოაქვეყნეს, რომელიც მათი თქმით, სოსო გოგოშავილის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით გაკეთდა. ანგარიშის თანახმად „ქართული ოცნება“ საჯარო სკოლების დირექტორების შესახებ, სავარაუდოდ, დოსიეებს აკეთებდა, სადაც, მათ შორის, შედიოდა დირექტორების პოლიტიკური გემოვნებისა და იდენტობის საკითხიც. აღნიშნულ ანგარიში მოიცავს 2018-2020 წლების არჩევნების პერიოდს.

ანგარიში ამ საკითხზე შეგიძლიათ ვრცლად ნახოთ:

სკოლის დირექტორების დოსიეები “ოცნებისა” და სუს-ის ფოკუსში – ISFED-სა და TIG-ის ანგარიში

ანგარიშის მიხედვით, დირექტორების შეფასებას განათლების ადგილობრივი რესურსცენტრი, პარტია „ქართული ოცნება“ და სუსი აკეთებდნენ, მიზანი კი მათზე ზედამხედველობა იყო.

“2018 წლამდეც ვიცოდით, რომ ასეთი რაღაცები ხდებოდა, გარკვეული მასალებიც გვქონდა. დირექტორებთანაც გვქონდა შეხება, უბრალოდ ეს ადამიანები ვერ ხვდებოდნენ, რატომ არ უგრძელდებოდათ უფლებამოსილება, რა კრიტერიუმებით არჩევდნენ მათ.

თუმცა ანგარიშში მოცემული ფაილები მიუთითებს, რომ ეს არის კარგად ორგანიზებული სქემა, თუ როგორ იყენებდნენ ადამიანებს, როგორ აშინებდნენ, როგორ ხდებოდა მათი მოსყიდვა, გადაბირება და ა.შ. იმისთვის, რომ საარჩევნოდ გამოეყენებინათ. ამისთვის სწავლობდნენ არა მხოლოდ ამ ადამიანების პირად მონაცემებს, არამედ მათი ოჯახის წევრებისა და ნათესავებისაც. შემდეგ ამ ცნობებს კანონსაწინააღმდეგოდ იყენებდნენ და ამაში იხარჯებოდა საბიუჯეტო რესურსი”, – ამბობს მონიავა.

“ნეტგაზეთისთვის” პროკურატურის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, უწყებამ უკვე დაიწყო NGO-ების მიერ გავრცელებული ანგარიშის შესწავლა.

მონიავას განცხადებით კი, პროკურატურიდან დღეს დაუკავშირდნენ და შესაბამისი პირებიც დაიბარეს გამოკითხვაზე.

მისი შეფასებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია სწორი და დროული გამოძიება და პასუხისმგებელი პირების დასჯა, რადგან სამომავლოდ მსგავსი შემთხვევები არ განმეორდეს.

“თუმცა არაერთი აღძრული საქმე გვინახავს და შემდეგ შედეგი არ მოჰყოლია ამას. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, თუმცა არ მაქვს იმედი, რომ რაღაც ეტაპამდე სწორად მივა გამოძიება და კანონის მიხედვით წარიმართება”, – განმარტა მონიავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი