საზოგადოება

საშიში ტკბილეული

19 აპრილი, 2010 • 3079
საშიში ტკბილეული

ნამცხვარი “პრიჩუდა“ , ”ეკლერი“, „რულეტი“ და სხვა ტკბილეული საფუარი სოკოებისა და სტაფილოკოკების დასაშვებ ნორმაზე ბევრად მეტი რაოდენობას შეიცავს, რომელიც ადამიანებში სხვადასხვა სახის დაავადებას და მოშხამვას იწვევს – აცხადებს საქართველოს მომხმარებელთა ასოციაცია.

ორგანიზაციამ დღეს ამ თემას საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა. 21 მარტს ორგანიაციაში შესული კერძო პირის საჩივრის შემდეგ მომხმარებელთა ასოციაციამ ლაბორატორიაში სხვადასხვა სახის ტკბილეული მიიტანა, რომელიც დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა სუპერმარკეტში იყიდება.

„ეს პროდუქტები დღეს ყველაზე კარგად იყიდება მისი დაბალი ფასების ( 30–70 თეთრი) გამო“,–ამბობს საქართველოს მომხმარებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, მადონა კოიძე.

შედეგები ასოციაციისთვის რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, – საფუარი სოკოებისა და სტაფილოკოკების დასაშვებ ნორმაზე ბევრად მეტი რაოდენობა, რომელიც ადამიანებში სხვადასხვა სახის დაავადებას და მოშხამვას იწვევს.

ასევე აღმოჩნდა რომ ნამცხვარ ”პრიჩუდას” საქართველოში აწარმოებენ.

„ამ ნაცხვარს კი („ნამცხვრის სახლიის “პროდუქცია), შენახვის ვადა ეტიკეტზე 15 დღე უწერია, თუმცა არსად არ წერია გამოშვების თარიღი. საერთოდ, ნამცხვარი მალფუჭებადი პროდუქტია და მისი შენახვის ვადა 6–12 საათს მერყეობს. ვადაგასულ პროდუქტის მოხმარების შედეგად კი, მომხმარებელი პოტენციურად მწვავე მოშხმავის მსხვერპლი ხდება“, –ამბობს კოიძე.

„ჩვენ არ ვართ მაკონტროლებელი ორგანო, ჩვენ ვიძენთ პროდუქტს და მერე ვამოწმებთ. შარშან ერთ–ერთ ნაყინში ლაბორატორიული შემოწმების შედეგად ოქროსფერი სტაფილოკოკები აღმოჩნდა, რაც მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მერე ვაცნობეთ ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სამსახურს და ამ ნაყინის დიდი პარტია ამოიღეს“, –აღნიშნავს ასოციაციის თავმჯდომარე.

საქართველოს მომხმარებელთა ასოციაცია 2007 წლის თებერვალში დაფუძნდა. როგორც მისი თავმჯდომარე, მადონა კოიძე ამბობს, ასოციაციაში ცხელი ხაზი არსებობს მომხმარებლისთვის და ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში მათ შეუძლია დარეკონ და განაცხადონ პრეტენზია ამა თუ იმ პროდუქტზე. შემდეგ ამ პროდუქტის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში შეამოწმებენ.

როგორც ასოციაციის წევრები აცხადებენ, ძალიან მალე სხვა პროდუქტების შემოწმებასაც გეგმავენ და პირველ რიგში, ეს მაღაზიების დახლებზე სახლში მომზადებული მაწონი იქნება. “სახლში მომზადებული პროდუქტი, შესაძლოა, უფრო მეტად არ შეესაბამებოდეს მომზადების სტანდარტებს. მიქსერიც კი, რასაც ხშირად იყენებენ სახლში სხვადასხვა ნამცხვრის მომზადების დროს, სპეციალური ხსნარებით უნდა იყოს დამუშვებული“, –ამბობს მომხმარებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, მადონა კოიძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი