საქართველო არ მიუერთდა ევროკავშირისა და 40-ზე მეტი ქვეყნის განცხადებას მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის მხარდაჭერის შესახებ. თბილისი თავშეკავებას იმით ხსნის, რომ საქმე ეხებოდა სამართლებრივ პროცესში პოტენციურად მესამე მხარედ ჩართვას და ვალდებულებების აღებას, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს თავად საქართველოს მიერ საერთაშორისო სასამართლოებში წარმართულ პროცესებზე.
ასეა ეს?
საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლის სპეციალისტების აზრით, პირიქით — ჩართულობა საქართველოს ინტერესებში იყო.
რა ხდება?
40-ზე მეტმა ქვეყანამ და ევროკავშირმა გაავრცელეს მეორე ერთობლივი განცხადება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის მხარდაჭერის შესახებ.
განცხადება მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ICJ-ის დროებითი ღონისძიებით განსაზღვრული ვალდებულება და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინაში სამხედრო ოპერაცია.
„დეკლარაციის ხელმომწერები, რომლებიც არიან [გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ] კონვენციის მხარეები, გამოხატავენ განზრახვას, ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში. ამ საქმეში წამოჭრილი სერიოზული კითხვების და სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შორს მიმავალი შედეგების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებმა შეძლონ, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გაუზიარონ ზოგიერთი არსებითი დებულების თავიანთი ინტერპრეტაცია“, — ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეტანილი აქვს ჰააგაში, როგორც გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ), ისე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC). საქართველო, რომელიც 2022 წლის მაისში ხელს აწერდა სახელმწიფოების პირველ ერთობლივ განცხადებას ICJ-ში უკრაინის სარჩელის შესახებ, ასევე, მარტში 39 სხვა სახელმწიფოსთან ერთად მიმართა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორს უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე გამოძიების დაწყების შუამდგომლობით, ამჯერად ხელმომწერებს შორის არაა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება
საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველო ჩვეულებისამებრ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ორგანიზაციებში, თუმცა ამბობს, რომ „ეს კონკრეტული შემთხვევა წარმოადგენს ჩვეულ სამუშაო პროცესს, სადაც საქმე ეხება ამ სამართლებრივ პროცესში საქართველოს პოტენციურად მესამე მხარედ ჩართვას და შესაბამისი ვალდებულებების აღებას („აღნიშნული დეკლარაციის ხელმომწერები, რომლებიც არიან გენოციდის შესახებ კონვენციის მხარეები, გამოხატავენ განზრახვას, ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში“)“.
„გამომდინარე ფაქტიდან, რომ საქართველოს თავად აქვს სარჩელები შეტანილი რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოებში, ასეთ ტიპის ვალდებულებების წინასწარ აღებამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს საქართველოს მიერ წარმართულ პროცესებზე, რაზეც საქართველოს მიმართული აქვს მაქსიმალური ძალისხმევა. საქართველო კვლავ გააგრძელებს საერთაშორისო საზოგადოებასთან ჩართულობით საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას“, — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „ნეტგაზეთისთვის“ წერილობით მიწოდებულ კომენტარში.
საქართველო VS რუსეთი საერთაშორისო სასამართლოებში
საგარეო საქმეთა სამინისტროს არ განუმარტავს, რა საქმეებზე და რა გავლენა შეიძლება იქონიოს საქართველოს ჩართულობამ საერთაშორისო საზოგადოების მიერ ICJ-ში უკრაინის აპლიკაციის მხარდაჭერის პროცესში.
საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე სახელმწიფოთაშორისი დავა აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, განგრძობითი ოკუპაციის საქმეზე. ორი საქმე (მასობრივი დეპორტაციის და აგვისტოს ომის) სტრასბურგის სასამართლოში ქართულმა მხარემ მოიგო, თუმცა რუსეთს გადაწყვეტილებები ჯერ არ შეუსრულებია.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) ჰააგაში მიმდინარე 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გამოცემულია დაკავების ორდერები ოსური მხარის სამი წარმომადგენლის მიმართ.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) საქართველომ 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა სარჩელი, რომელიც ეხებოდა რუსეთის მიერ რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CERD) საერთაშორისო კონვენციით დადგენილი ნორმების დარღვევას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში 1990 წლიდან 2008 წლის აგვისტოს პერიოდის ჩათვლით განხორციელებული ინტერვენციებისას. 2011 წლის პირველ აპრილს სასამართლომ უარი თქვა საქმის არსებით განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ ქართულ მხარეს არ ამოუწურავს CERD-ის კონვენციით გათვალისწინებული მოლაპარაკებების მექანიზმი და სასამართლოს “არ გააჩნია უფლებამოსილება განიხილოს საქართველოს მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს შეტანილი სარჩელი”. თუ საქართველოს სურდა ICJ-ში საქმის გაგრძელება, სასამართლო უნდა დაერწმუნებინა მოლაპარაკებების რესურსის ამოწურვაში. 2021 წლის პირველ აპრილს ამოიწურა ათწლიანი ვადა, რა პერიოდშიც საქართველოს ჰქონდა საშუალება, ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე მიემართა ICJ-ისთვის საქმის განახლებაზე, თუმცა ეს არ გაუკეთებია.
გავიდა ათწლიანი ვადა — თბილისი ჰააგაში ომის საქმის განახლების სტრატეგიაზე დუმს
შესაბამისად, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში, სადაც უკრაინის სარჩელის მხარდამჭერს განცხადებას არ შეუერთდა, საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე დავა არ აქვს.
„ICJ-ში საქართველოს მიმდინარე დავა არ აქვს. რომც ჰქონდეს, რთულია იმის თქმა, რაში შეუშლიდა ხელს უკრაინის სარჩელის მხარდაჭერა. არ ვფიქრობ, რომ სამართლებრივად ამგვარ მხარდაჭერას და პროცესში მონაწილეობას პროცესში რამე ზიანი მოეტანა. თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე პროცესის დაზიანებაზე გვაქვს საუბარი, ეს არგუმენტი უნდა ყოფილიყო რამდენიმე თვის წინაც, როცა საქართველო შეუერთდა ICC-ში გამოძიების დაწყების მოწოდებას. ასე რომ, ეს არგუმენტი არ იმუშავებს. ევროპულ სასამართლოსა და ჰააგაში მიმდინარე პროცესებს შორის კი არანაირი კავშირი არ არის“, — ამბობს ლევან მესხორაძე, საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი სტრასბურგის სასამართლოში.
ჩართულობა თუ გამოთიშვა — რა არის საქართველოს ინტერესში?
ლევან მესხორაძე მიიჩნევს, რომ მეტ სიცხადეს საჭიროებს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება უკრაინა-რუსეთის დავაში პოტენციურ მესამე მხარედ ჩართულობაზე. იურისტი განმარტავს, რომ სახელმწიფოების ერთობლივ დეკლარაციაზე შეერთება თავისთავად არ ნიშნავს სამართლებრივ პროცესში მესამე მხარედ ჩართვას, რასაც სასამართლოს ნებართვა სჭირდება.
„გარდა ამისა, შეიძლება პირიქით — საქართველოს ინტერესებში იყოს,ამ პროცესში რამენაირად ჩაერთოს, ვინაიდან დავა, რომელიც აქვს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ, ირიბად საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეხება. ამიტომ, შეიძლება საპირისპირო კუთხით განვიხილოთ, — ხომ არ არის საქართველოს ინტერესში, მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში? შესაძლოა, ეს ქართული მხარის ინტერესების სამართლებრივი ლობირების პლატფორმა ყოფილიყო. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ჩვენი დავის განახლება ვერ მოხერხდა“, — უთხრა „ნეტგაზეთს“ მესხორაძემ.
საქართველოს ყოფილი ელჩი ევროპის საბჭოში მამუკა ჟღენტი, ასევე, მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ განცხადებაზე მიერთება სამართლებრივ პროცესში მესამე მხარედ ჩართვას არ გულისხმობს, და რომც ნიშნავდეს, არანაირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ ექნებოდა საქართველოს მიერ წარმოებულ საქმეებზე.
„ალოგიკურია და არათანმიმდევრულია, როდესაც საქართველო მაისში მიუერთდა ერთობლივ განცხადებას, რაც საკმაოდ პოზიტიური და აუცილებელი იყო, და დღეს არ უერთდება. მაშინ თუ საჭირო იყო და შეიძლებოდა, ახლა რატომ არ შეიძლება, თუ იმით არის ახსნილი, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში უწერიათ, ეს არის სრული ბოდვა. თუნდაც იმიტომ, რომ 40-ზე მეტი სახელმწიფო ვერანაირად ვერ ჩაერთვება მხარედ. ასეთი პრაქტიკა არ არსებობს. რომც ჩავერთოთ, რა კავშირშია ეს ჩვენს შეტანილ სარჩელებთან? სად არის აქ წინააღმდეგობა? პირიქით, კიდევ ერთი ადგილი გაჩნდებოდა, სადაც მეტი მხარდაჭერა ექნებოდა იმ არგუმენტაციას, რის გამყარებასაც ჩვენს დავებში ვცდილობთ, ვინაიდან საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია დიდად წააგავს ერთმანეთს და ბევრი საერთო, მათ შორის სამართლებრივი მტკიცებულებები და პოზიციები არსებობს. ასე რომ, არათუ სწორია, პირიქით დამაზიანებელია ის მიდგომა, რომლის ახსნასაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ცდილობს“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ჟღენტმა.
მამუკა ჟღენტი ამბობს, რომ თავად მუშაობდა საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ საგარეო საქმეთა სამინისტროში. სწორედ ამ დეპარტამენტს უნდა მოემზადებინა ანალიზი და რეკომენდაცია უკრაინის სარჩელის მხარდამჭერ განცხადებასთან დაკავშირებით.
„საერთაშორისო სასამართლოები იუსტიციის კომპეტენციაა და შეიძლება, სამინისტროს მიჰყავს უფრო ეს საკითხები, მაგრამ სამარცხვინოა და მიუღებელი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო, თუნდაც იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებულ შეხედულებაზე თუ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასეთ არაკომპეტენტურ განცხადებას აკეთებს. საბავშვო ბაღის დონეზე მოფიქრებულია ის არგუმენტაცია, რასაც სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ. რომ არაფერი ვთქვათ პოლიტიკურ კონტექსტზე. პოლიტიკური კონტექსტი კი შემდეგია — მაისში, სანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებას ველოდებოდით, შევუერთდით განცხადებას, დღეს კი, როდესაც, ფაქტობრივად, ცივი ომი გვაქვს გამოცხადებული ევროკავშირთან და ამერიკასთან, უკვე ასეთ განცხადებებსაც არ ვუერთდებით. არ გამიკვირდება, რუსულ მხარეს აღმოუჩინონ მხარდაჭერა — ამას ვუტრირებ, მაგრამ ყველაფერი აქეთკენ მიდის. საქართველოს ხელისუფლება ღია კონფრონტაციაშია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ეს გადაწყვეტილებაც, ალბათ, ერთი ნიმუშია, რომ არანაირი საერთო დასავლეთთან არ გვაქვს“, — მიიჩნევს მამუკა ჟღენტი.
არათანმიმდევრულად მიიჩნევს ქართული მხარის პოზიციას კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი ეკა აკობია, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის ნონსენსს უწოდებს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების პასაჟს, რომ „ეს კონკრეტული შემთხვევა წარმოადგენს ჩვეულ სამუშაო პროცესს, სადაც საქმე ეხება ამ სამართლებრივ პროცესში საქართველოს პოტენციურად მესამე მხარედ ჩართვას და შესაბამისი ვალდებულებების აღებას“.
„რა „ჩვეული სამუშაო პროცესი“, რა „მესამე მხარედ ჩართვა“? მე ვიცი, რომ საჯარო მოხელეებმა ეს საკითხი იმაზე უკეთ იციან, ვიდრე განცხადებაშია აზრი თავს მობმული. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს ქმედებისა და მეტყველების პოლიტიზების მორიგი, ძალიან სამწუხარო და თვალსაჩინო მაგალითი. თქვენ ვალდებული ხართ იყოთ თანმიმდევრული როგორც უკრაინისადმი მხარდაჭერის, ასევე, ასოცირების ტრიოსადმი (მოლდოვა მიუერთდა განცხადებას)“, — მიმართავს ის საგარეო საქმეთა სამინისტროს.
ეკა აკობიას აზრით, საქართველო პირველი უნდა მიერთებოდა უკრაინის სარჩელის მხარდამჭერ განცხადებას, რადგან ეს განცხადება ამბობს, რომ გენოციდის კონვენციის არასწორი ინტერპრეტაცია ყველა მისი ხელმომწერისთვის საშიშია და მზად არიან, მონაწილეობა მიიღონ გენოციდის კონვენციის სწორად განმარტებაში/ინტერპრეტაციაში.
„მოკლედ, მოუწოდებენ ამ კონვენციის ყველა ხელმომწერს, არ დაუშვან კონვენციის აბუჩად აგდება. ჩვენ პირველს უნდა მოგვეწერა ხელი ამ განცხადებისთვის, როგორც რუსული ოკუპაციის მსხვერპლს, მეორე მსგავსი კონვენციით წარსულში რუსეთთან ICJ-ში მოდავეს (ვგულისხმობ CERD-ს) და ზოგადად, ევროკავშირის ასპირანტ და კონვენციის ხელმომწერ ქვეყანას. ბოლოს და ბოლოს, ქვეყანა, რომელსაც საერთაშორისო სამართლის გარდა სხვა დაცვის მექანიზმი არ გააჩნია, რომ გადარჩეს, როგორ შეიძლება არ იცავდეს საერთაშორისო სამართალს. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ CFSP განცხადებები ნორმატიული ძალის მატარებელია, ხოლო მათზე მიერთება პოლიტიკური ნაბიჯი (ევროკავშირთან კონვერგენციის საზომია, ტრანსპოზიციას არ საჭიროებს არათუ ასპირანტისთვის, წევრისთვისაც კი) და არანაირ თავიდან აურიდებელ სამართლებრივ ვალდებულებას არ წარმოშობდა საქართველოსთვის ამ კონკრეტულ ქეისში“, — ამბობს ეკა აკობია და დასძენს, რომ საქართველომ ევროკავშირთან ღირებულებითი თანხვედრის საზომი ეს ტექსტი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ხედვის წყალობით ჩააფლავა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთადერთი სამთავრობო უწყებაა, რომელიც დღეს წერილობითი კომენტარის გავრცელებით შეეცადა განემარტა, თუ რატომ არ შეუერთდა საქართველო ევროკავშირისა და 43 ქვეყნის ერთობლივ განცხადებას მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში უკრაინის დავის მხარდაჭერაზე. საპარლამენტო უმრავლესობაში მანამდე განაცხადეს, რომ არ ფლობდნენ ინფორმაციას მიზეზების შესახებ. დეპუტატმა ბექა დავითულიანმა თქვა, რომ შესაძლოა, საქართველო იმიტომ არაა ჰააგაში უკრაინის სარჩელის მხარდამჭერ 40-ზე მეტ ქვეყანას შორის, რომ ეს თავად უკრაინის ხელისუფლებას სურდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა ირწმუნება, რომ განცხადებაზე ხელმოწერის წინააღმდეგი პირად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და კანცელარია იყო. საქართველოს მთავრობა ამ ცნობას არ გამოხმაურებია და არც „ნეტგაზეთის“ კითხვებისთვის უპასუხია.