საზოგადოება

მოკლე პერიოდში გარდაცვლილი რუსი ოლიგარქები და ბიზნესმენები — რა ვიცით მათზე

7 ივლისი, 2022 •
მოკლე პერიოდში გარდაცვლილი რუსი ოლიგარქები და ბიზნესმენები — რა ვიცით მათზე

მიმდინარე კვირაში რუსეთში, ლენინგრადის ოლქში, გარდაცვლილი იპოვეს  61 წლის იური ვორონოვი, რომელიც სათავეში ედგა “გაზპრომის” კონტრაქტორ ლოჯისტიკურ კომპანიას. მას ჭრილობა თავში ჰქონდა მიყენებული.

ვორონოვი უკანასკნელია რუს ბიზნესმენებს შორის, რომლებიც ბოლო ექვს თვეში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალნენ. არაერთი მათგანი რუსეთის გაზის ინდუსტრიასთან იყო დაკავშირებული.

ოფიციალურად, საგამოძიებო უწყებები სუიციდის ვერსიაზე მუშაობენ, თუმცა რუსეთსა თუ მის გარეთ მცხოვრები ოლიგარქების მოკლე პერიოდში დაღუპვა არაერთ კითხვას აჩენს, მათ შორის, პროცესთან რუსეთის მთავრობის შესაძლო კავშირებზე.

2 დაღუპული 1 დასახლებაში

ყველა იმ პირს, რომელთა გარდაცვალების გარემოებების შესახებაც სტატიაში მოგითხრობთ, დიდძალი სიმდიდრე აერთიანებდათ, არაერთ მათგანს კი — მაღალი თანამდებობები რუსეთის გაზის ინდუსტრიაში.

30 იანვარს ლენინგრადის ოლქში, ვიბორგსკის რაიონის სოფელ ლენინსკიში “გაზპრომ-ინვესტის” სატრანსპორტო სამსახურის ტოპ მენეჯერის, ლეონიდ შულმანის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.

“ნოვაია გაზეტას” მიხედვით, მის ცხედართან ნახეს წერილი, რომელშიც შულმანი მოტეხილი ფეხის გაუსაძლის ტკივილზე ჩიოდა და ამბობდა, რომ არ სურდა, ტვირთად დასწოლოდა თავის ოჯახს.

თუმცა, როგორც გამოცემა წერს, გამომძიებლები ეჭვქვეშ აყენებდნენ წერილის ავთენტურობას,  მიანიშნებს რა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, შულმანს მაღალი ხარისხის ტკივილგამაყუჩებლების ყიდვა გასჭირვებოდა.

“ნოვაია გაზეტას” თანახმად, იმ ფონზე, რომ 2021 წლის ბოლოს “გაზპრომის” უსაფრთხოების სამსახურმა შემოწმება ჩაატარა მის შვილობილ სატრანსპორტო განყოფილებაში, “თვითმკვლელობის ნამდვილი მიზეზები შეიძლება არ იყოს დაკავშირებული მოტეხილობის ტკივილთან”.

ალექსანდრ ტიულიაკოვი. ფოტო: “გაზპრომი”

მომდევნო თვეში, 25 თებერვალს, იმავე სოფელში, საკუთარ სახლში მკვდარი იპოვეს კორპორაციული უსაფრთხოების საკითხებში გაზპრომის “ერთიანი განსახლების ცენტრის” (კომპანიის ხაზინა) გენერალური დირექტორი ალექსანდრ ტიულიაკოვი, რომელიც 61 წლის იყო.

დამოუკიდებელი რუსული გამოცემის, “ინსაიდერის” თანახმად, მანამდე ის მუშაობდა კორპორაციული უსაფრთხოებისა და ადამიანური რესურსების საკითხებში “გაზპრომ ტრანსგაზ სანკტ-პეტერბურგის” გენდირექტორის მოადგილედ.

როგორც “ნოვაია გაზეტას” უთხრა საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომელმა, ტიულიაკოვის ცხედართან ქაღალდი ნახა, თუმცა გამოცემა არ ფლობდა ინფორმაციას ჩანაწერის შინაარსზე.

იმავე პერიოდში გამოცემა “ფონტანკა.რუ” წერდა, რომ გარდაცვალების წინა დღეს ტიულიაკოვი სასტიკად ნაცემი ნახეს. ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

“მკვლელობა და თვითმკვლელობა” — 3 შემთხვევა მსგავსი სცენარით

24 მარტს რუსეთის ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდში, მსხვილი სამედიცინო მომარაგების კომპანიის “MedStom” დირექტორი, მილიარდერი ვასილი მელნიკოვი გარდაცვლილი იპოვეს. მრავალმილიონიანი ღირებულების ბინაში ასევე ნახეს მელნიკოვის ცოლისა და მათი ორი მცირეწლოვანი ვაჟის ცხედრები.

რუსული “კომერსანტი” წერდა, რომ ყველა მათგანს ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. დანაშაულის იარაღი პოლიციამ ამოიღო. როგორც სააგენტო აღნიშნავდა, პოლიცია, სხვა სცენარებთან ერთად, განიხილავდა ვერსიასაც, რომ მელნიკოვმა ჯერ ოჯახის წევრები მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

ამერიკული გამოცემა “ბიზნეს ინსაიდერი” უკრაინულ “გლავრედზე” დაყრდნობით წერს, რომ მელნიკოვის კომპანია მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიდა დასავლეთის სანქციების გამო.

“გლავრედი” ასევე ახსენებს ვერსიას, რომლის თანახმადაც ბიზნესმენი ყოფილ ბიზნესპარტნიორთან კონფლიქტის შემდეგ მოკლეს. მეორე მხრივ, “კომერსანტი” წერს, რომ არ შეინიშნებოდა ბინაში შეჭრის ან დაპირისპირების კვალი.

1 თვის შემდეგ, 18 აპრილს, მოსკოვში რუსი მილიონერის, ვლადისლავ ავაევის, მისი ქალიშვილისა და ცოლის ცხედარს პოულობენ.

“წინასწარი გამოძიების მიხედვით, ავაევმა ცოლსა და 13 წლის ქალიშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

პოლიცია ამ დასკვნამდე იმიტომ მივიდა, რომ იარაღი ავაევის ხელში იყო. კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი და სროლის დროს სახლში სხვა პირების კვალი არ ჩანდა”, — წერს “ინსაიდერი”.

ვლადისლავ ავაევი. ფოტო: Twitter/Sota

1 დღის შემდეგ, 19 აპრილს, ესპანეთის ქალაქ ლორეტ დე მარის პოლიციაში რუსი ოლიგარქის, სერგეი პროტოსენიას ვაჟის, ფიოდორის ზარი შედის. მისი ოჯახი სწორედ ამ ქალაქში ფლობდა ვილას. საფრანგეთში მყოფი ფიოდორ პროტოსენია ამბობდა, რომ რამდენიმე საათის მანძილზე ცდილობდა დედასთან დაკავშირებას, თუმცა, უშედეგოდ.

ოჯახში მისულ პოლიციას ფიოდორ პროტესინიას მშობლებისა და მისი დის ცხედრები დახვდა. პოლიციამ თავდაპირველად ივარაუდა, რომ მილიონერმა სერგეი პროტოსენიამ ცოლ-შვილი დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა. მის ვაჟს აღნიშნულის არ სჯერა და დასძენს, რომ მამამისი მკვლელი არ არის.

ხსენებული 3 შემთხვევა შინაარსით ერთმანეთს ჰგავს, უკანასკნელ 2 შემთხვევაში კი საუბარია ადამიანებზე, რომლებსაც მაღალი თანამდებობები ეკავათ რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში: პროტოსენია ერთ დროს ბუნებრივი აირის კომპანიას, Novatek-ს ხელმძღვანელობდა, ავაევი კი “გაზპრომბანკის” ვიცე-პრეზიდენტი იყო.

ავაევის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში რუსეთის “გაზპრომბანკის” კიდევ ერთმა ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა იგორ ვოლობუევმა, რომელმაც რუსეთი დატოვა და უკრაინის მხარეს საბრძოლველად წავიდა, თქვა, რომ არ სჯერა ზემოხსენებული ვერსიის.

“არ მჯერა, რომ [ავაევს] შეეძლო ცოლ-შვილის მოკვლა. ვფიქრობ, რომ ეს დადგმაა. რატომ? ძნელი სათქმელია. შესაძლოა, მან რაღაც იცოდა და რაიმე სახის საფრთხეს წარმოადგენდა”, — დასძინა ვოლობუევმა.

ანდრეი კრუკოვსკის საქმე

ანდრეი კრუკოსვკი სოჭთან ახლოს მდებარე სათხილამურო კურორტის, “კრასნაია პოლიანას” დირექტორი იყო. გერმანული მედიის თანახმად, არსებობს ცნობები, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იქ არაერთგზის ეპატიჟებოდა სტუმრებს სათხილამუროდ.

“კომერსანტის” ცნობით, კრუკოვსკი 2 მაისს სალაშქროდ იყო გასული, როცა კლდიდან გადავარდა და გარდაიცვალა.

იური ვორონოვის საქმე

“გაზპრომის” არქტიკულ კონტრაქტებზე პასუხისმგებელი ლოჯისტიკური კომპანიის გენერალური დირექტორის, იური ვორონოვის ცხედარი მიმდინარე კვირაში ლენინგრადის ოლქის ერთ-ერთ ელიტარულ სოფელში იპოვეს.

მედიის თანახმად, ცხედარი მისსავე სახლის ტერიტორიაზე ნახეს, იქვე იყო ცეცხლსასროლი იარაღიც.

იური ვორონოვი. ფოტო: foundation-of-historic-boats.ru

ვორონოვის ცოლის თანახმად, მისი მეუღლე ლენინგრადის ოლქში პირველ ივლისს გაემგზავრა, წასვლამდე კი ბიზნესპარტნიორებთან პრობლემები ჰქონდა ფინანსური დანაკარგების გამო.

სააგენტო SPARK-Interfax-ის მიხედვით, ვორონოვის კომპანიამ “Astra-Shipping” 2020 წელს 95 მილიონი რუბლი იზარალა, 2021-ში კი — 65 მილიონი.

ეჭვები და უპასუხო კითხვები

მოკლე პერიოდში რუსი ბიზნესმენებისა და ოლიგარქების საეჭვო გარემოებებში გარდაცვალებამ არაერთი კითხვა გააჩინა ხსენებულ შემთხვევებს შორის შესაძლო კავშირსა თუ სუიციდის ვერსიის ნამდვილობაზე.

“არაერთმა მედიასაშუალებამ ივარაუდა, რომ შესაძლოა, თვითმკვლელობები გაყალბებული ყოფილიყო. ზოგიერთი მათგანი ისე შორსაც წავიდა, ივარაუდა, რომ შესაძლოა, კრემლი ან თვით პუტინიც რაიმე ფორმით იყო ჩართული [ამ პროცესში]” ,— წერს გერმანული “დოიჩე ველე”.

აღნიშნულ ეჭვები, გარდა უშუალოდ ოლიგარქების გარდაცვალების შემთხვევებს შორის მსგავსებებისა და მათ შორის მოკლე ინტერვალისა, ლოგიკურია რუსეთის უახლესი ისტორიის კონტექსტშიც, რომელსაც მრავლად ახსოვს კრემლის კრიტიკოსთა მკვლელობები თუ მკვლელობის მცდელობები.

თუმცა DW ხაზს უსვამს, რომ არცერთ გარდაცვლილ ოლიგარქს საჯაროდ არ გაუკრიტიკებია უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა, მეორე მხრივ კი, არცერთი მათგანი ყოფილა დასავლეთის მიერ უკანასკნელ პერიოდში სანქცირებული პირების სიაში.

“ვარშავის ინსტიტუტი”, რომელიც საერთაშორისო საკითხებზე, მათ შორის, რუსეთზე ორიენტირდება, დასძენს, რომ ოლიგარქების გარდაცვალების ფაქტების გამოძიება სწრაფად დაიწყეს როგორც “გაზპრომის” უსაფრთხოების სამსახურებმა, ისე პოლიციამ.

“შესაძლოა, კრემლთან დაკავშირებული ზოგიერთი მაღალჩინოსანი ახლა ფარავს თაღლითობის კვალს სახელმწიფო კომპანიებში”, — ციტირებს “დოიჩე ველე” “ვარშავის ინსტიტუტის” მიერ აპრილში გამოქვეყნებულ მოსაზრებას.

ხსენებულ საქმეებთან დაკავშირებული ეჭვების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერჯერობით ეჭვებად რჩება, ვინაიდან არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ოლიგარქების გარდაცვალებაში გარე ჩარევას დაადასტურებს. ამ ეტაპზე გაცილებით მეტია კითხვა, ვიდრე პასუხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი