ახალი ამბები

“გაზპრომბანკის” ვიცე-პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს

27 აპრილი, 2022 •
“გაზპრომბანკის” ვიცე-პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს

რუსეთის “გაზპრომბანკის” ვიცე-პრეზიდენტი იგორ ვოლობუევი ამბობს, რომ რუსეთი დატოვა, რათა იარაღით ხელში იბრძოლოს უკრაინის მხარეს. ვოლობუევი, რომელმაც 2 გამოცემას მისცა ინტერვიუ, ამბობს, რომ ეროვნებით უკრაინელია და ომის დაწყების შემდეგ გადაწყვიტა, სამშობლოში დაბრუნებულიყო მის დასაცავად.

“რუსეთში ვეღარ გავჩერდებოდი. მე ეროვნებით უკრაინელი ვარ, [სუმის ოლქის ქალაქ] ოხტირკაში დავიბადე. გარედან ვეღარ დავაკვირდებოდი, რას უკეთებს რუსეთი ჩემს სამშობლოს”.

“რუსები კლავდნენ მამაჩემს, ჩემს ნაცნობებსა და ახლო მეგობრებს. მამაჩემი 1 თვე ცივ სარდაფში ცხოვრობდა. ხალხმა, რომელთაც ბავშვობიდან ვიცნობ, მითხრა, რომ რცხვენოდათ ჩემი”, — განუცხადა მან დამოუკიდებელ რუსულენოვან გამოცემას, The Insider-ს.

ვოლობუევი, რომელმაც რუსეთი 2 მარტს დატოვა, ომის დანაშაულს უწოდებს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. როგორც ამბობს, უკრაინაში დაბრუნება 2004 წლიდან სურდა, თუმცა ამას ვერ ახერხებდა ოჯახთან დაკავშირებული მიზეზების გამო.

მისი სიტყვებით, უკრაინაში ჩასვლით სურს, ჩამოირეცხოს რუსული წარსული:

“ეს არის დანაშაული პუტინის, რუსეთის მთავრობის და, ფაქტობრივად, რუსი ხალხის მხრიდან. იმიტომ, რომ პუტინი აქ არ კლავს უკრაინელებს, პუტინი არ იპარავს უნიტაზებს, პუტინი არ აუპატიურებს ქალებს. ეს რუსი ხალხია.

და მეც, თუმცა ეროვნებით უკრაინელი ვარ, ამაზე პასუხისმგებლობა მეკისრება. ამის მრცხვენია, ამას მთელი ცხოვრება ვინანებ, რადგან ორმაგი პასუხისმგებლობა მაკისრია – უბრალოდ რუსი არ ვარ. აქ[უკრაინაში] დავიბადე, 18 წელი ვიცხოვრე, ასე რომ, ორმაგად და სამმაგად ვაგებ პასუხს”.

ვოლობუევის თქმით, “გაზპრომის” სისტემაში 30 წელზე მეტი ხნის მანძილზე საქმიანობდა და იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდშიც, რომელსაც უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემისთვის ძირი უნდა გამოეთხარა ევროპელთა თვალში.

“ვეღარ დავრჩებოდი ამ ხალხთან, ვეღარ ჩამოვართმევდი ხელს, გავუღიმებდი და ვუყურებდი ამ ომს ტელეფონში, როგორც საშინელებათა ფილმს და ამავე დროს, თავს ისე დავიჭერდი, თითქოს ეს არ მაშფოთებს.

უკრაინაში ჩამოვედი, რათა იარაღით ხელში დავიცვა ჩემი ოხტირკა. 2014 წელს, როცა ყირიმის ოკუპაცია მოხდა, თავს პირობა მივეცი, რომ თუ რუსული ტანკები ოხტირკას მიადგებოდნენ, მათთან ომში ჩავებმებოდი”, — დასძენს ვოლობუევი უკრაინულ liga.net-თან საუბრისას.

იგორ ვოლობუევმა ასევე გააკეთა კომენტარი “გაზპრომბანკის” ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ვლადისლავ ავაევისა და მისი ოჯახის დაღუპვასთან დაკავშირებით. რუსული მედია ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით წერს, რომ ავაევმა თავისი ცოლ-შვილი დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

“არ ვიცი, რა გააკეთა, არც ვიცნობდი და არც მსმენია მის შესახებ. მე ვიცი, რომ მისი სავარაუდო თვითმკვლელობის დროს იყო “გაზპრომბანკის” პირველი ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.

არ მჯერა, რომ მას შეეძლო ცოლ-შვილის მოკვლა, მე ვფიქრობ, რომ ეს არის დადგმა. რატომ? ძნელი სათქმელია. შესაძლოა, მან რაღაც იცოდა და რაიმე სახის საფრთხეს წარმოადგენდა”, — დასძენს ვოლობუევი.

ჟურნალისტმა ვოლობუევს ჰკითხა, იყო თუ არა მის მიერ რუსეთის დატოვების კიდევ ერთი მიზეზი უსაფრთხოება.

“არა, ჩემს სიცოცხლეს რუსეთში საფრთხე არ ემუქრებოდა. მეტიც, რუსეთში ძალიან სტაბილური მდგომარეობა მქონდა მატერიალური კუთხით. დიახ, ყველა გაგებით, შეიძლება ითქვას, რომ კარგად მქონდა ყველაფერი. ეს რომ უსაფრთხოების საკითხი ყოფილიყო, საერთოდაც არსად წავიდოდი”.

“მიმიღებს ჩემი სამშობლო? — მე უკრაინას ჩემს სამშობლოდ მივიჩნევ და ყოველთვის ასე მივიჩნევდი — არ ვიცი. მესმის, რომ შანსები მცირეა”.

“მყავს მოსამართლეები. ეს არის მამაჩემი, ჩემი ნათესავები, ეს თქვენ ხართ, ესენი არიან ქუჩაში გამვლელი ადამიანები. მათ შეუძლიათ სახეში შემაფურთხონ და ვიცი, რატომაც. მესმის, რომ ეს ძალიან რთული იქნება და მესმის, რომ ამას ვიმსახურებ”.

გარეკანის ფოტო: The Insider

მასალების გადაბეჭდვის წესი