საზოგადოება

რის გაკეთებას გეგმავს რუსეთის ყოფილი ჩინოვნიკი მიხაილოვის საავადმყოფოში?

6 ივლისი, 2022 • 1806
რის გაკეთებას გეგმავს რუსეთის ყოფილი ჩინოვნიკი მიხაილოვის საავადმყოფოში?

აღმაშენებლის გამზირზე, ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფოს“ ტერიტორიაზე რუსითისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე, ბიზნესმენი და რუსეთის ფედერაციის ყოფილი ჩინოვნიკი შალვა ბრეუსი აპირებს, რომ ე.წ. არტ ცენტრი მოაწყოს. ეს ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობასთან ერთად ბრეუსის კომპანიამ „შპს ჰანსმა“ 16 მილიონ აშშ დოლარად სახელმწიფოსაგან აუქციონზე იყიდა.

ბრეუსმა თბილისში ქართული მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა. თუმცა პოლიტიკური შინაარსის კითხვებს ძირითადად არ უპასუხა – მაგალითად, ხომ არ არის ეს პროექტი მისთვის დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამოძახილი. ინვესტორმა თქვა – „ჩვენ ვართ კულტურის ტერიტორიაზე. ამ ტერიტორიაზე ყველას მოგმართავთ: დღევანდელი დღიდან არ აქვს მნიშვნელობა ნაციონალობას, მოქალაქეობას, განათლებას, სქესს, პოლიტიკურ ინტერესებს და ა.შ. ამას ოფიციალურად ვაცხადებთ კულტურის ტერიტორიაზე. გთხოვთ, ამ ტერიტორიაზე ვილაპარაკოთ კულტურაზე“.

შალვა ბრეუსი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

თუმცა, რაც მან დაადასტურა, არის ის, რომ თავად ბიძინა ივანიშვილს არ იცნობს. საქართველოში კულტურული ცენტრის მოწყობის მიზეზად კი ქვეყნის მიმართ სიყვარული დაასახელა – ის დასძენს, რომ საქართველოში დაიბადა და გაიზარდა.

კერძო „არტ ცენტრის“ იდეა მიხაილოვის საავადმყოფოში

ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რა სახე ექნება კულტურულ ცენტრს, რომელიც, ბრეუსის თქმით, აქ უნდა აშენდეს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონცეფციის შერჩევა, რისთვისაც მოკლე სიაში „შპს ჰანსმა“ 6 საერთაშორისო კომპანია უკვე შეარჩია.

თუმცა, მშენებლობამდე ჯერ კიდევ შორია, რადგან ამჟამად, თბილისის არქიტექტურის სამსახურში ყოფილი საავადმყოფოს ტერიტორიაზე ერთი განაცხადია შესული – აქ არსებული რამდენიმე შენობის დემონტაჟზე. კომპანია განმარტავს, რომ ეს შენობები არა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, არამედ ფარდულები და დაუმთავრებელი მშენებლობაა. თუმცა მერიის არქიტექტურის სამსახურმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. შალვა ბრეუსი ვარაუდობს, რომ მიზეზი ბიუროკრატიულ ხარვეზშია.

მიხაილოვის საავადმყოფოს ტერიტორია. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

„ხელშეკრულება გვაქვს მთავრობასთან, რომ უნდა დავამთავროთ საინვესტიციო პირობებიდან გამომდინარე 2028 წელს, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უფრო სწრაფად მოვითავებთ ყველაფერს.

მუზეუმს სჭირდება საგამოფენო სივრცეები, საავადმყოფო შენობას ეს სივრცეები არ აქვს, ამიტომ ჩვენ უნდა მივუშენოთ დამატებითი კომპლექსი. ისე უნდა ჩავდგათ, რომ ისტორიული იერსახე არ დავაზიანოთ, აღვადგინოთ ეს ყველაფერი, მერე მივუშენოთ რაღაც. ეს არის ყველაზე დიდი ამოცანა არქიტექტორებისთვის“ – ამბობს შალვა ბრეუსი.

ჟურნალისტებთან ის დაძენს, რომ არქიტექტორებისთვის „კონკურსი დავიწყე უფრო ადრე, ვიდრე გავხდებოდი მფლობელი“, თუმცა უარყოფს, რომ რაიმე მოლაპარაკება ჰქონდა მთავრობის წარმომადგენლებთან, ან იცოდა, რომ სწორედ ის მოიგებდა აუქციონს – „არ ვიცოდი, წინასწარ ვამზადებ ყველაფერს“.

ბრეუსი ამბობს, რომ მუზეუმთან ერთად, აქვე უნდა მოეწყოს „სკულპტურების პარკი“, შესაბამისად, არქიტექტურული ფირმისთვის ერთ-ერთი საკონკურსო მოთხოვნა იქნება  სწორედ ამ სფეროში გამოცდილება. რაც შეეხება ექსპონატებს, ბიზნესმენი თქმით, თავდაპირველად აქ გამოიფინება მის პირად კოლექციაში არსებული ნამუშევრები, თუმცა ეს იქნება ერთგვარი სტარტი, რის შემდეგაც მუზეუმი თავად იმუშავებს კოლექციის გაფართოებაზე.

კითხვაზე, მაგალითად, რომელი ავტორი გამოიფინება აქ, ასახელებს კარლო კაჭარავას, ირაკლი ფარჯიანსა და მერაბ აბრამიშვილს.

შალვა ბრეუსის თქმით, აღნიშნული კულტურული ცენტრი კონცეფციას გახსნამდე ერთი წლით ადრე გაასაჯაროვებს. კითხვაზე, გამოფენენ თუ არა საგამოფენო სივრცეში რუს არტისტებს, ის პასუხობს:

„ჩვენ გამოვფენთ ყველა მხატვარს. აქ ნაციონალობას,მოქალაქეობასა და ასაკს მნიშვნელობა არ აქვს,“.

მიხაილოვის საავადმყოფოს ნაწილი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მარტში ცნობილი გახდა, რომ წმინდა მიხეილის სახელობის საავადმყოფოს შენობა 16 020 000 ლარად გაიყიდა ქონების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე. მყიდველი „შპს ჰანსია“, რომელსაც რუსეთის ფედერაციის ყოფილი ჩინოვნიკი და ბიზნესმენი, შალვა ბრეუსი ფლობს.

საუბარია დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 8 350 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე, რომელსაც სახელმწიფო უკვე წლებია ყიდის აუქციონზე.

„შპს ჰანსს“, რომელიც 2021 წელს დაფუძნდა, რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე, შალვა ბრეუსი ფლობს, რომელიც ბათუმშიa დაბადებული. ბიზნესის გარდა სახელმწიფო მოხელის გამოცდილებაც აქვს. 1990-იანი წლების ბოლოს კრასნოიარსკის იმჟამინდელი გუბერნატორის, ალექსანდრ ლებედის მოადგილე იყო, ხოლო შემდეგ- ქონების მართვის მინისტრის მოადგილე.

რაც შეეხება აუქციონს, ჯერ კიდევ იანვარში ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე დაინტერესებულ პირთან სამინისტროს ჰქონდა კომუნიკაცია. ამასთანავე, მომავალ მფლობელს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მიხაილოვის საავადმყოფოზე არსებულ ობიექტს უნდა „ჰქონდეს ახალი, თანამედროვე მუზეუმის თუ საგამოფენო სივრცის სტატუსი, შესაბამისად, ამ კუთხით ველოდებით დაინტერესებას“.

მასალების გადაბეჭდვის წესი