საზოგადოება

წუთიერი დუმილი თუ გენოციდის აღიარება

13 აპრილი, 2010 • • 1578
წუთიერი დუმილი თუ გენოციდის აღიარება

საქართველოში სომეხთა სათვისტომო, რომელიც დაახლოებით 500-მდე წევრს აერთიანებს, საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს მიმართვას უგზავნის და  ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის აღიარების თხოვს.  დეპუტატების ნაწილი ფიქრობს, რომ სომხების გენოციდის აღიარება ნაადრევია.

სანდრო ოგანოვი, სომეხ სტუდენტთა ასოციაციის წარმომადგენლი ასევე არის ამ მიმართვის ავტორი. კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა ორგანიზაციამ სწორედ აქხლა მიემართათ საქართველოს ხელისუფლებისთვის გენოციდის აღიარების მოთხოვნით, ამბობს, რომ მათ ახლა დაასრულეს ამ დოკუმენტზე მუშაობა.  ამასთან, წელს  ოსმალეთში განვითარებული მოვლენებიდან 95-ე წლისთავი აღინიშნება.

”საქართველოში სტატისტიკის მიხედვით 250 ათასი ეთნიკურად სომეხი მოქალაქე ცხოვრობს. ისინი აღიარებენ გენოციდს და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ასევე აღიარებდეს საუკუნის წინ მომხდარ ტრაგედიას, როგორც გენოციდს”- ამბობს ოგანოვი.

„სახელმწიფომ დღეს კონკრეტული ნაბიჯები გადადგა სხვა ეთნიკური უმცირესობის მიმართ, როდესაც ნოვრუზ– ბაირამი სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადდა“,–ამბობს ოგანოვი.

მისი თქმით ამ და სხვა შემთხვევებში საქართველოს ხელისუფლების მიერ  ეთნიკური უმცირესობების მიმართ გადადგმულმა  პოზიტიურმა  ნაბიჯებმა საქართველოს სომეხთა ასოციაციას გადააწყვეტინა, რომ პრეზიდენტისა და პარლამენტისთვის გენოციდის აღიარების მოთხოვნით მიემართათ.  

ვან ბაიბურთი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ამბობს, რომ საქართველო იმის მოდელია, თუ როგორ უნდა იცხოვრონ კავკასიის ხალხებმა გვერდიგვერდ. ის ამბობს, რომ ნებისმიერი სათვისტომოს უფლებაა, ნებისმიერი საკითხით მიმართოს პარლამენტს და პრეზიდენტს. თუმცა აღნიშნავს, რომ საქართველო სომხეთს რეალურად მაშინ დაეხმარა,როდესაც ეს ამ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

„195-16 წლამდე, თბილისში იყო შექმნილი დევნილების დახმარების კომიტეტი. აი ეს იყო რეალური დახმარება მაშინ სომხების მიმართ“,–ამბობს ბაიბურთი – „როდესაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჩადიან ერევანში, ისინი მიდიან მემორიალთან და გვირგვინს დებენ“.

საქართველოს პარლამენტის წევრ, ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერ, ლევან ვეფხვაძის თქმით, საქართველოს კარგი ურთიერთობა აქვს სომხებთან და იმავდროულად აზერბაიჯანთან და თურქეთთან.

„მე მგონია ეს ის თემაა, რომელშიც ქართული მხარის ზედმეტი აქტიურობა არ იქნება მიზანშეწონილი“,–ამბობს ვეფხვაძე.

დეპუტატი გია ცაგარეიშვილი ფიქრობს,რომ თურქეთი საქართველოს მეზობელი ქვეყანაა და უმსხვილესი სავაჭრო და პოლიტიკური პარტნიორი. ემოციურ დონეზე გადაწყვეტილების მიღებამ კი შესაძლოა სავალალო შედეგები მოუტანოს საქართველოს.

„შესაძლებელია ოდესმე საქართველოს პარლამენტმა აღიაროს გენოციდი, მაგრამ არა ამ მოწვევის პარლამენტმა, ამ მოწვევის პარლამენტში არ ვფიქრობ, რომ ამის დროა“,–ამბობს ცაგარეიშვილი.

დავით დარჩიაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტმა თავისი კომპეტენციიდან და ფუნქციიდან გამომდინარე იხელმძღვანელოს.

„ვფიქრობ, საქართველოს საკანონმდებლო ორგანო იხელმძღვანელებს, თავისი კომპეტენციიდან თავისი ფუნქციიდან, ისევე როგორც თავისი კეთილმეზობლური ურთიერთობიდან გამომდინარე, როგორც სომხეთთან, ასევე თურქეთთან. მთავარია გავითვალისწინოთ როგორც ორგანოს კომპეტენცია, ასევე კეთილმეზობლობა ორივე ქვეყანასთან“, – ამბობს დარჩიაშვილი.

ოგანოვი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მცხოვრები 250 ათასი სომეხის დიდი სურვილია საქართველომ გენოციდის ფაქტი აღიაროს, ისინი ქვეყნის საგარეო–პოლიტიკურ ვითარებასაც უწევენ ანგარიშს.

 „სამწუხაროდ დღეს საქართველოს ხშირად გადააქვს შიდა საკითები საგარეო საკითხებში, საქართველო–აზერბაიჯანის ტანდემი საქართველოში ძალიან ძლიერია, ისევე როგორც თურქეთის და ალბათ შესაბამის პასუხს ჩვენ ახლა ვერ მივიღებთ.“

თუმცა ოგანოვს მიაჩნია,  რომ საქართველოს საზოგადოებამ გენოციდი აღიარა და ისინი მხოლოდ პოლიტიკურ აღიარებას ითხოვენ.

„დღეს ვერ მივიღებთ იმ პასუხს, რომელსაც ველით, მაგრამ იმედი გვაქვს , რომ თუნდაც წუთიერი დუმილით აღინიშნება პარლამენტის სხდომაზე ეს საკითხი. ეს უკვე დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე და მათ გამბედაობაზე, იმიტომ, რომ სამწუხაროდ ეს საკითხი გამბედაობასაც მოითხოვს“,–ამბობს ოგანოვი.

თუ რამდენი სომეხი დაიღუპა ოსმალეთის, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, ოსმალების მხრიდან განხორციელებული სომხების მკველობების შედეგად, არ არის დაზუსტებული. სომხეთი აცხადებს,  რომ ეს ციფრი 2 მილიონია, თურქეთი კი ამბობს, რომ 300 ათასია. გენოციდის საერთაშორისო ორგანიზაცია კი ამ ფაქტზე ასე წერს „მილიონზე მეტი“.

არგენტინა, ბელგია, კანადა,საფრანგეთი, იტალია, რუსეთი და ურუგვაი იმ 20 ქვეყანას შორისაა, რომელმაც სომხების გენოციდი ოფიციალურად აღიარა. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი