საზოგადოება

რადიოსადგურები დავალიანების გამო გათიშვის რისკის წინაშე დგანან

22 ივნისი, 2022 • 1128
რადიოსადგურები დავალიანების გამო გათიშვის რისკის წინაშე დგანან

რადიოსადგურების ნაწილს ფინანსური დავალიანების გამო ეთერიდან გათიშვა ემუქრება.

რამ გამოიწვია დავალიანების დაგროვება და რამდენს შეადგენს ის? რას გეგმავენ რადიოსადგურები? რას ამბობს სახელმწიფო კომპანია, რომლის ვალიც მათ აქვთ?

რა ხდება

ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რადიოსადგურებს 22 ივნისს, დღის 12:00 საათიდან ემუქრებოდათ გათიშვა, თავდაპირველად რადიო „ჰერეთის“ დამფუძნებელმა, რამაზ სამხარაძემ გაავრცელა ფეისბუკზე.

„დღეს მე და კიდევ რამდენიმე რადიოსადგურის მენეჯერს დაგვირეკეს და გაგვაფრთხილეს, თუ არ დავფარავთ მიმდინარე დავალიანებას, რომელიც პანდემიის და სარეკლამო ბაზარზე წნეხის შედეგად დაგროვდა, ხვალ, დღის 12 საათიდან ეთერიდან გაგვთიშავენ“, – განუცხადა რამაზ სამხარაძემ „ნეტგაზეთს“ 21 ივნისს.

სამხარაძის თანახმად, მხოლოდ „ჰერეთის“ შემთვევაში ეს თანხა 10.000 ლარამდეა, სხვა რადიოსადგურებთან კი – უფრო მეტი ან ნაკლები.

„მიუხედავად ჩვენი არაერთი წერილის, შეხვედრის, ზარების და ა.შ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები არ უწესებენ რადიომედიას შეღავათებს“, – თქვა სამხარაძემ.

ვისი დავალიანება აქვთ რადიოებს

რადიოკომპანიებს ფინანსური ვალდებულებები აქვთ შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ წინაშე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიაა.

„ტელერადიოცენტრის“ იურისტი ლაშა ჩალაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ კომპანიის კოტრაქტორებს აქვთ, ჯამში, 24 რადიოკომპანია, რომელთაგანაც 10-თან არსებობს შეთანხმებები და გარკვეულწილად იხდიან დავალიანებებს, ხოლო დანარჩენი 14 რადიოკომპანია საერთოდ არ იხდის ამ თანხას.

მისი თქმით, საუბარია შემდეგ კომპანიებზე:

  1. კომერსანტი
  2. ფორტუნა
  3. ჰერეთი
  4. ჯაკო
  5. ოდიში
  6. არტ რადიო
  7. ევროპა პლუს-თბილისი (რადიო ვინილი)
  8. ტვ სტილი
  9. ემ ეს გრუფი
  10. მედიასტრიმი
  11. ჯეომედია
  12. ღია აფხაზეთი
  13. მწვანე ტალღა
  14. სისტემა გამა

„მათთან რამდენჯერმე იყო ზეპირი კომუნიკაციაც, შეხვედრებიც გაიმართა, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა“, – ამბობს ჩალაძე.

რა დავალიანება აქვთ რადიოებს

ლაშა ჩალაძე განმარტავს, რომ რადიოს გადასახადი ორი კომპონენტისგან შედგება:

  • იმ მომსახურების გადასახადისგან, რასაც რადიოკომპანიები იღებენ „ტელერადიოცენტრისგან“;
  • ელექტროენერგიის გადასახადისგან;

კერძოდ, მისი განმარტებით, თითოეულ რადიოკომპანიას თავის რადიოგადამცემთან უყენია ინდივიდუალური მრიცხველი, რომლის დაწერილი ელექტროენერგიის საფასურსაც ტელერადიოკომპანია იხდის, იმ პირობით, რომ რადიოკომპანიები ამას აანაზღაურებენ.

„იმის გამო, რომ ისინი ქვეაბონენტად არ არიან აღრიცხულები და მთლიანი გადასახადი მოდის ჩვენზე, იძულებულნი ვხდებით, რომ მათი დანახარჯებიც ჩვენ დავფაროთ“, – ამბობს ჩალაძე.

იურისტის თანახმად, 2022 წლის პირველი იანვრიდან რადიოებს, ჯამში, 200 000 ლარის დავალიანება აქვთ დაგროვებული.

მისი განცხადებით, კომპანიების მიერ დავალიანების გადაუხდელობა „ტელერადიოცენტრს“ სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უქმნის:

„აპრილ-მაისში ხელფასები რთულად გავეცით, ივნისში კი ისეთი სიტუაცია გვიდგას, რომ რეალურად სახელფასო დავალიანებესაც ვერ ვისტუმრებთ, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ დავალიანებები გვიგროვდება შესყიდვებიდან გამომდინარე. იგულისხმება ის, რომ აპარატურის განახლებას, ჩანაცვლებასა და სხვა მომსახურებებს ვყიდულობთ ყოველწლიურად და ახლა ფიზიკურად ვერ ვიხდით ამ თანხებს, რადგან დავალიანება აქვთ“, – ამბობს ჩალაძე.

„ტარიფის გაზრდა“

რამაზ სამხარაძე აცხადებს, რომ „ტელერადიოცენტრს“ სურს ყოველთვიური გადასახადის გაზრდა.

ამასთან დაკავშირებით ლაშა ჩალაძე განმარტავს, რომ 2022 წლის იანვარში, ინფლაციიდან გამომდინარე, – იმ მიზნით, რომ კომპანიას მოგების ნაწილი დარჩენოდა, – „ტელერადიოცენტრმა“ რადიოებს მოსთხოვა მომატებული ტარიფის გადახდა, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

ამის შემდეგ, ჩალაძის თანახმად, რადიოებმა მიმართეს ეკონომიკის სამინისტროს თხოვნით, მომხდარიყო რადიოსექტორის სუბსიდირება.

„ამის შემდეგ სამინისტროში გაიმართა შეხვედრა და ჩვენი მხრიდან გავაკეთეთ, რაც შეიძლებოდა, – კომპანიის ინტერესები და მოგების მიღების ინტერსი ისევ უკანა პლანზე გადავდეთ, რათა რადიოსექტორი და მომხმარებელი არ დაზარალებულიყო, და დავთანხმით ძველი ტარიფით დარიცხვას ივნისამდე. პირველი ივნისიდან კი ახალ ტარიფით მოხდებოდა გადახდა“, – გვეუბნება ჩალაძე.

„ისევ ჩვენ ჩვენი ინიციატივით, მიმდინარე თვეში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კიდევ ერთი გაფრთხილების წერილები განგვესაზღვრა და იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიყავით ვალდებულნი, დამატებითი ვადა მიგვეცა, მაინც დათმობაზე წავედით და დამატებითი ვადები განვუსაზღვრეთ, რომ 22 ივნისამდე მოეხდინათ მაისის დავალიანების დაფარვა და დანარჩენ ნაწილზე განწილვადება შევთავაზეთ, – რომ წლის ბოლომდე განვუწილვადებდით დარჩენილ დავალიანებას. ესეც არ გააკეთეს“, – ამბობს ჩალაძე.

მისი თქმით,  ჩამოთვლილი 14 რადიოსადგურისათვის მაისის თვეში დავალიანება შეადგენს, ჯამში, დაახლოებით 37 000 ლარს.

„გამომდინარე საწარმოს ფინანსური მდგომარეობიდან და იმ პასუხისმგებლობებიდან, რაც გვაქვს სხვა კრედიტორების წინაშე, მეტი მექანიზმი ფიზიკურად აღარ არსებობს. გადახდის თარიღს ვეღარ გადავავადებთ, კომპანია უკვე დგას დაღუპვის წინაშე. ჩვენ აღარ გვაქვს ფინანსური რესურსი იმისა, რომ განვაახლოთ აპარატურა, ქსელში დაზიანება რომ მოხდეს, სარემონტო ხარჯები გავწიოთ და ა.შ. ან თუ გავწევთ ამ ხარჯებს, მაშინ თანამშრომლებს ვერ მივცემთ ხელფასს“, – ამბობს ლაშა ჩალაძე.

მისი თქმითვე, იმის მიუხედავად, რომ კომპანიის დამფუძნებელი სახელმწიფოა, ის ბიუჯეტიდან არ ფინანსდება.

თამარ ჩიგოგიძე, რადიო „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი „ნეტგაზეთს“ ეუბნება, რომ მართალია, ტელერადიოცენტრი პირველი ივნისიდან აპირებდა ტარიფის გაზრდას, თუმცა, საბოლოოდ, 21 ივნისს განახლებული ინფორმაციით, ტარიფის გაზრდა მომდევნო წლამდე გადაიდო.

“ამ ეტაპზე რადიოსადგურები არ გაუთიშავთ”

საბოლოოდ, 22 ივნისისთვის, რადიოსადგურები არ გათიშულა.

ამის მიზეზი ის არის, რომ რადიოსადგურების ნაწილმა, – 14-დან 11-მა რადიომ, – გადაიხადა მხოლოდ ერთი თვის, მაისის დავალიანება.

მაგალითად, „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი თამარ ჩიგოგიძე ამბობს, რომ 21 ივნისს ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია ტელერადიოცენტრის წარმომადგენლებთან, რომელთანაც ზეპირ შეთანხმებას მიიღწა, რის ფარგლებშიც კომპანიამ მაისის დავალიანება დაფარა:

„ერთი თვის დავალიანების გადახდა პრობლემა არ არის, რომ მათაც ამოისუნთქონ და ჩვენც მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ სახელმწიფოსთან გავაგრძელოთ კომუნიკაცია“, – განაცხადა ჩიგოგიძემ.

თუმცა, მისი თქმით, გარკვეული რადიოები ამ თანხას, სავარაუდოდ, ვერ გადაიხდიან, რადგან ამბობენ, რომ ვეღარ აუდიან ვალებს და რადიოს გაყიდვასაც განიხილავენ.

ამის მიუხედავად, ჩიგოგიძე იმედოვნებს, რომ „ფორტუნას“ მიერ გადახდილი ერთი თვის დავალიანება, – დაახლოებით 10 000 ლარი,- „გარკვეულ შეღავათს მისცემს ანძას და შეანელებს გამორთვის პროცესს სხვა რადიოებთან მიმართებაშიც“.

„ტელერადიოცენტრის“ იურისტის, ლაშა ჩალაძის თანახმად, დარჩენილ სამ კომპანიას, „ჯაკოს“, „ჰერეთსა“ და „მედიასტრიმს“, თვის ბოლომდე აქვთ ვადა მაისის დავალიანების გადასახდელად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაითიშებიან.

„ამასთან, ყველასთან განვაწილვადებთ დავალიანებებს წლის ბოლომდე და მიმდინარე გადასახადთან ერთად, ყოველთვე, ნაწილ-ნაწილ გადაიხდიან“, – ამბობს ლაშა ჩალაძე.

სექტორის პრობლემები

რამაზ სამხარაძე, თავის მხრივ, მიუთითებს იმ პრობლემებზე, რის წინაშეც რადიოსექტორი დგას.

მისი თქმით, სარეკლამო ბაზარზე არსებობს წნეხი, რაშიც იგულისხმება სათამაშო ბიზნესის რეკლამის აკრძალვა 2022 წლის მარტიდან, დამატებით კი, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო „დარტყმა სამშენებლო ბიზნესზე“, რომელმაც, მისი თქმით, ამ სექტორის რეკლამა შეაჩერა, დამატებით პრობლემები შექმნა პანდემიით გამოწვეულმა პროცესებმა.

„ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ რადიოსადგურებს გარკვეული დავალიანება პანდემიის პერიოდში ეპატიათ. ჩვენ ინტენსიური მუშაობა გვქონდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან ამ თემაზე… თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ახლა მედია სხვა გამოწვევების წინაშეა“, – ამბობს სამხარაძე.

„განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების უდიდესმა ნაწილმა მედიას მნიშვნელოვანი შეღავათები დაუწესა გადასახადების მიმართულებით, შეამცირა ან დროებით საერთოდ გააუქმა. ჩვენთან არაფერი შეიცვალა“, – წერს იგი.

„ტელერადიოცენტრის“ იურისტი ლაშა ჩალაძე კი გვეუბნება: „მესმის, რომ რაღაც კუთხით საკანონმდებლო ცვლილებებმა, – აზარტული თამაშების აკრძალვამ, პანდემიამ, – ხარჯები გაზარდა და შემოსავალი შეამცირა. მაგრამ ეს არის კერძო ბიზნესი, ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი კერძო ინტერესების გამო ვაზარალო მესამე პირი“.

რადიოგაერთიანებამ, რომელიც ამ პრობლემის წინაშე მდგარ სხვადასხვა რადიოს აერთიანებს, განცხადება გაავრცელა, სადაც წერენ, რომ დავალიანების დაფარვის შესაძლებლობა მედიის ამ სექტორს ამ ეტაპზე არ აქვს და პრობლემის დარეგულირების მიზნით, ჯერ კიდევ გასული წლის 2 დეკემბერს მიმართეს მთავრობას ოფიციალური წერილით, რაზე პასუხიც ამ დრომდე არ მიუღიათ.

ასევე, პრობლემის შესახებ „უშედეგო კომუნიკაცია“ ჰქონდათ ეკონომიკის სამინისტროსთან. „ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა სამინისტროს კითხვით, გეგმავენ თუ არა რაიმე სახის დახმარებას რადიოსექტორისთვის. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

თამარ ჩიგოგიძე ასევე ამბობს, რომ რადიოგაერთიანების სურვილია, თუკი შეღავათები არ დაწესდება, სექტორს იმის შესაძლებლობა მაინც უნდა მიეცეს, რომ „გარკვეული შეზღუდვებით გავიდეს სათამაშო ბიზნესის რეკლამა“, როგორც, მისი თქმით, „წამყვან დასავლეთის ქვეყნებში“ არის დაშვებული, რადგან „რადიოში რეკლამა არ ახდენს ზეგავლენას ყველაზე მოწყვლად ჯგუფზე – ახალგაზრდებზე“, რადგან ისინი რადიოს მომხმარებლები არ არიან.

ეს, მისი თქმით, რადიოებსს მისცემდა თავის შენახვისა და ვალდებულებების დაფარვის შესაძლებლობას. „ახლა იდეალური იქნებოდა გარკვეული შეღავათების დაწესება, მომავალი წლიდან კი, [აზარტული თამაშების რეკლამის] რეგულაციის შემსუბუქება რადიოს ნაწილში“, – გვეუბნება იგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი