ახალი ამბები

წარმოუდგენელია ასეთ დროს ანტიდასავლური ჯგუფების გააქტიურება იყოს სპონტანური – ზურაბიშვილი

6 ივნისი, 2022 • 1168
წარმოუდგენელია ასეთ დროს ანტიდასავლური ჯგუფების გააქტიურება იყოს სპონტანური – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ანტიდასავლური და ჰომოფობური ჯგუფების გააქტიურება შეუძლებელია, არ იყოს მართული.

„ქვეყანა, რომლის მოსახლეობის 80%-ზე მეტი ევროკავშირში გაწევრიანებისა და ევროპული გზის მომხრეა, წარმოუდგენელია და ლოგიკას არ ექვემდებარება, იმ პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიურად განწყობილი და ანტიევროპული ჯგუფების გააქტიურებები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტებში იყოს სპონტანური და არამართული.

ეს ქვეყნის ევროპული გზის დასაზიანებლად მიზანმიმართული ქმედებებია, რომელიც არ გამოხატავს ქართველი ხალხის აზრსა და თანხვედრაში არაა მის ევროპულ არჩევანთან.

ეს არის გეგმა, რათა მსგავსი პროვოკაციებით საქართველოს ხელი შეეშალოს ევროინტეგრაციის გზაზე, წარმოჩინდეს, როგორც ანტიდასვლური და ანტიევროპული სახელმწიფო.

სხვა რას უნდა ემსახურებოდეს ასე გეგმურად და ერთმანეთის მიყოლებით ძალადობა ქუჩაში, ძალადობა პოლიტიკოსებზე, ძალადობა ქალ პოლიტიკოსზე, თავდასხმა ელჩებზე და ევროპულ პრინციპებზე, მოწოდებები ევროპული სიმბოლოს შეურაცხყოფაზე?

ყოვლად მიუღებელია მსგავსი ქმედებები და დასაგმობია, რაც აზიანებს ქვეყნის ევროპულ მომავალს“, – წერს ზურაბიშვილი.


თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, ანტიდასავლური და ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ორგანიზებული აქციის 7 მონაწილე დააკავეს, მათ შორის არის გურამ ფალავანდიშვილიც.

თუმცა, გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი – ალექსანდრე ფალავანდიშვილი, მალევე გამოუშვეს დაკითხვიდან. მალევე ის პრორუსული არხის „ალტინფოს“ ეთერში გამოჩნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი