საზოგადოება

ევროპარლამენტში საქართველოზე რეზოლუციის 6 კრიტიკული პროექტია დარეგისტრირებული

8 ივნისი, 2022 • 2375
ევროპარლამენტში საქართველოზე რეზოლუციის 6 კრიტიკული პროექტია დარეგისტრირებული

8-9 ივნისს ევროპარლამენტში გაიმართება დებატები და რეზოლუციის კენჭისყრა საქართველოში მედიის თავისუფლებების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე.

საქართველოზე რეზოლუციის საერთო ტექსტი ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა, თუმცა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მიერ წარმოდგენილია რეზოლუციის 6 პროექტი. რეზოლუციის საკუთარი ვერსია მოამზადა ევროპარლამენტის ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა, გარდა „იდენტობა და დემოკრატიისა”, რომელიც ულტრამემარჯვენე ევროსკეპტიკოს პარტიებს აერთიანებს.

ექვსივე პროექტში გამოთქმულია მწვავე კრიტიკა საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის, კერძოდ, მედიის მდგომარეობის გაუარესების მიმართულებით. რეზოლუციის ყველა ვერსია გმობს პოლიტიკურ ჩარევას სასამართლო სისტემასა და მედიის პლურალიზმში და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ეფექტიანად გამოიძიოს 2021 წლის 5 ივლისის ინციდენტი და ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება და დასაჯოს ძალადობის ყველა ორგანიზატორი;

6-დან 3 პროექტში ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამასთან, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) მიერ მომზადებული პროექტი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოწოდებით გამოდის.

პროექტი №1

ევროპარლამენტის მემარცხენე ჯგუფის (GUE/NGL) სახელით მიგელ ურბან კრესპოს მიერ მომზადებული პროექტით, ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვისა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. დოკუმენტში კრიტიკულად არის მიმოხილული: 2021 წლის 5 ივლისის მოვლენები და ის ფაქტი, რომ ძალადობის ორგანიზატორები ამ დრომდე არ გამოვლენილა; მედიის, პოლიტიკოსების, სასულიერო პირების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატების ფარული მიყურადება; ხელისუფლების  აგრესიული რიტორიკა კრიტიკული მედიის მიმართ. რეზოლუცია კატეგორიულად გმობს მართლმსაჯულების სისტემის გამოყენებას მედიის ცენზურის და დაშინების მიზნით და ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება და ლგბტქი+ პირების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.

რეზოლუციის აღნიშნული პროექტი პოზიციას არ აფიქსირებს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ უკრაინაში ომის და საქართველოს გეოსტრატეგიული პოზიციის გამო ევროკავშირმა თვალი არ უნდა დახუჭოს მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ქვეყანაში.

პროექტი №2

მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსის ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტის ავტორები არიან: მარკეტა გრეგოროვა, ვიოლა ფონ კრამონი, გვენდოლინ დელბოსი-კორფილდი, რასმუს ანდრესენი, ფრანსისკო გერეირო, ჰანა ნოიმანი, ტინეკე სტრიკი, იგნაციო კორაო და ბრონის როპე.

აღნიშნული პროექტი, ასევე, გმობს საქართველოში მედიის თავისუფლების მზარდ შეზღუდვებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს მედიის მუშაკებისა და მფლობელების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა; აღნიშნავს რეპორტიორების საზღვრებს გარეშე მოწოდებას ნიკოლოზ გვარამიას ნასამართლობის გადახედვის შესახებ. რეზოლუციის ავტორები მოელიან, რომ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად უზრუნველყოფს უსაფრთხოებას უცხო რეჟიმებისგან თავშეფარებული ადამიანებისთვის, განსაკუთრებით- ბელარუსიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან. ასევე, მოუწოდებს აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცების საქმის გამოძიებისკენ.

რეზოლუციის პროექტში არაფერია ნათქვამი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

პროექტი №3

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ასევე, არაფერს ამბობს „ქართული ოცნების“ პარტნიორი ევროპელ სოციალისტების და დემოკრატების ჯგუფის რეზოლუციის პროექტი, რომლის ავტორები არიან პედრო მარკესი, ანდრეა კოზოლინო და სვენ მიქსერი.

რეზოლუცია აღიარებს საქართველოს მყარ საკანონმდებლო ბაზას გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების გარანტირებისთვის, მაგრამ გამოხატავს შეშფოთებას 2021 წლის ზაფხულიდან მოყოლებული საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების ხელშესახები გაუარესების გამო.

დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ აღმასრულებელი დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენის ირგვლივ პოლარიზებულ საჯარო დებატებთან დაკავშირებით, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს სასამართლო სისტემისადმი მუდმივ უნდობლობას და სასამართლო სისტემის რეფორმის გადაუდებელ აუცილებლობას.

რეზოლუცია მოუწოდებს ყველა ქართველ პოლიტიკურ აქტორს, თავი შეიკავონ რუსული დეზინფორმაციის გამოყენებისაგან მათი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ.

რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ურყევად დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში, და ამით ცალსახად აჩვენოს პოლიტიკური გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად, რაც ევროკავშირში წევრობის განაცხადით გამოვლინდა.

პროექტი №4

ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფის დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტით, ევროპარლამენტი მიესალმება ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერას საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ, ისევე როგორც ამ კუთხით ხელისუფლების და ოპოზიციის მხრიდან ერთიან ხმას; გულწრფელად წუხს საქართველოში მედიის თავისუფლებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის სფეროებში მიმდინარე უკან დახევის გამო, თუმცა აღნიშნავს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიული ომის ფონზე, ეს არის ისტორიული მომენტი უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის და ამიტომ მხარს უჭერს სამივე მათგანისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიული განვითარებისადმი დემონსტრირებული ერთგულების არარსებობის მიუხედავად, რეზოლუციის ავტორები ფიქრობენ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიულ რეფორმებს და ახალ ბიძგს მისცემს პოზიტიური ცვლილებებისთვის.

კონსერვატორებისა და რეფორმერების ჯგუფი გმობს ნიკა გვარამიას ყალბ ბრალდებებზე დაფუძნებულ განაჩენს და მოითხოვს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

რეზოლუციის პროექტით, ევროპარლამენტი სერიოზულად შეშფოთებულია პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებით და სთხოვს ევროკავშირის ლიდერებს, განსაკუთრებით საფრანგეთსა და ჩეხეთს, როგორც ევროკავშირის ამჟამინდელ და მომავალ პრეზიდენტს, ზეწოლა მოახდინონ ქართული ოცნების ლიდერებზე, რათა სრულად დაიცვან სააკაშვილის უფლებები და ღირსება. საქართველოს პრეზიდენტს სთავაზობს, გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივები (შეწყალება) ამ საკითხის გადასაჭრელად.

დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას როლი მედიის თავისუფლების დაცვის კუთხით, მიუხედავად მმართველი პარტიის მხრიდან მასზე მუდმივი თავდასხმებისა.

პროექტი №5

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ჯგუფის წევრების მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის შელახვის გამო, პერსონალური სანქციებს დაუქვემდებარონ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, ასევე, მოსამართლეები და პროკურორები, რომლებიც მოწადინებული არიან, შერჩევითი მართლმსაჯულება განახორციელონ.

რეზოლუცია აღნიშნავს, რომ ხელისუფლების კრიტიკოსების გაჩუმება სასამართლოს გზით, რომელიც საქართველოში არ ითვლება დამოუკიდებლად, არ შეესაბამება საქართველოს გაცხადებულ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მოუწოდებს ნიკა გვარამიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ.

მიუხედავად კრიტიკული პათოსისა, EPP იმეორებს „ურყევ მხარდაჭერას“ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ და ევროპულ ინსტიტუტებს მოუწოდებს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და დამსახურების საფუძველზე.

პროექტი №6

Renew Group მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, მიანიჭოს მას ეს სტატუსი 2022 წლის ივნისში.

ამასთან, ჯგუფის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტით, ევროპარლამენტი გმობს მთავარი ოპოზიციური მაუწყებლის, მთავარი არხის მთავარი რედაქტორის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს და მოითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ასევე, გამოთქვამს შეშფოთებას სხვა ორი კრიტიკული მედიასაშუალების მფლობელებთან და მენეჯერებთან, კერძოდ, დავით კეზერაშვილთან და ვახტანგ წერეთელთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო საქმეებთან დაკავშირებით; პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პოლიტიკური ვენდეტის სახით პატიმრობის გამო და მოითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

რეზოლუცია მოუწოდებს ქართულ პოლიტიკურ ძალებს, დაძლიონ ის პოლიტიკური განხეთქილება, რომელიც ხელს უშლის ქართველი ხალხის ევროკავშირში ინტეგრაციის ნების რეალიზებას.


ევროპარლამენტმა უკრაინის მიერ განაცხადის გაკეთებიდან მეორე დღესვე, 1 მარტს, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდა, იმუშაონ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. 5 მაისს მსგავსი რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა მოლდოვის განაცხადთან დაკავშირებითაც. რეზოლუციაში ევროპარლამენტი მიესალმება მოლდოვის განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და აცხადებს, რომ ევროკავშირმა მას კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს. საქართველოსთან დაკავშირებით მსგავსი რეზოლუცია ევროპარლამენტს ჯერ არ მიუღია.

ამის ნაცვლად, ევროპარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებით დღევანდელ დებატებზე განიხილავს რეზოლუციას მედიის უფლებების დარღვევაზე, რომელსაც 9 ივნისს ეყრება კენჭი. განხილვისას რეზოლუციის ტექსტში შესაძლოა, გარკვეული ცვლილებების შევიდეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასადმი მიმართავაში გამოეხმაურა ინიცირებულ რეზოლუციას და თქვა, რომ „მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე დისკუსია ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის ფართო კონტექსტი ახლა უფრო რელევანტური უნდა იყოს, ვიდრე ყოველდღიურ პოლიტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი