საზოგადოება

“ოცნებას” გაეროში ელჩის შეცვლა სურდა, რასაც “პრეზიდენტი არ დაეთანხმა”

7 ივნისი, 2022 •
“ოცნებას” გაეროში ელჩის შეცვლა სურდა, რასაც “პრეზიდენტი არ დაეთანხმა”

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობის საკონსტიტუციო სარჩელი პრეზიდენტთან უფლებამოსილების გამიჯვნაზე შეეხება მხოლოდ ელჩებს და არავითარ შემთხვევაში — ვიზიტებს.

„ვიზიტები არის განყენებული თემა. ეს კონკრეტული საქმე ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება იმპიჩმენტის საფუძველი. შესაბამისად, დღეს ეს არის სპეკულაცია. ერთადერთი, რასაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გააკეთებს, ეს არის ნორმის განმარტება. ანუ, განმარტავს, თუ როგორ უნდა დაინიშნონ ელჩები, ვისი მატერიალური პრეროგატივაა ეს“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, სარჩელში მითითებულია, სად შეიქმნა პრობლემა ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით.

„პრეზიდენტისთვის შეთავაზებული იყო 3 გადაწყვეტილება მთავრობის მხრიდან. ერთი იყო დავით ბაქრაძის დანიშვნა გაერო-ში მუდმივ წარმომადგენლად, რაზეც პრეზიდენტმა უარი განაცხადა. მიზეზი გაუგებარია. ეს იყო კახა იმნაძის, გაეროსთან მოქმედი მუდმივი წარმომადგენლის, გადასვლა კანადაში და ამაზეც უარი ითქვა. და იყო იმნაძის გათავისუფლება ვადამდე, თუმცა ტექნიკური საკითხი იყო, ივნისში ისედაც ეწურება ვადა. ამ 3 შეთავაზებაზე უარი ითქვა. ერთი იმაზე, რომ იმნაძეს 2 თვით ადრე შეწყვეტოდა უფლებამოსილება და კანადაში გადასულიყო და ბაქრაძე გაერო-ში მუდმივ წარმომადგენლად დანიშნულიყო. ეს წარდგინება შევიდა პრეზიდენტთან და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან უარი ითქვა. შესაბამისად, სარჩელი შეეხება ამ 2 თანამდებობის პირს და ამასთან დაკავშირებით უნდა გამოიტანოს საკუთარი დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლომ. აქ რეალობა ძალიან მარტივია, საპარლამენტო რესპუბლიკებში ელჩის დანიშვნის მატერიალური უფლებამოსილება მთავრობას ეკუთვნის. საქართველოც არის საპარლამენტო რესპუბლიკა“, — განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, არავითარი საფუძველი არ არსებობდა იმისთვის, რომ პრეზიდენტს ეს ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები, არ დაენიშნა. მეორე მხრივ, კობახიძის თქმით, გვახსოვს სხვა შემთხვევები, როდესაც პრეზიდენტმა ვიღაც დანიშნა და კომპეტენცია არ აღმოაჩნდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო სარჩელს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ მომავალში არ დაიბლოკოს ელჩების დანიშვნა, რაც „უხერხულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს“.

საქართველოს მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა პრეზიდენტთან უფლებამოსილების გამიჯნის მოთხოვნის სარჩელით.

წარმოუდგენელია ასეთ დროს ანტიდასავლური ჯგუფების გააქტიურება იყოს სპონტანური – ზურაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი