საზოგადოება

პროკოპენკო მეუღლეს ესაუბრა და განაცხადა, რომ ტყვეობაში პირობები „დამაკმაყოფილებელია“ — The Guardian

25 მაისი, 2022 • 3842
პროკოპენკო მეუღლეს ესაუბრა და განაცხადა, რომ ტყვეობაში პირობები „დამაკმაყოფილებელია“ — The Guardian

აზოვის პოლკის მეთაურის, დენის პროკოპენკოს მეუღლის, კატერინა პროკოპენკოს განცხადებით, იგი ესაუბრა ტყვეობაში მყოფ ქმარს, რომელმაც განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობდა, ხოლო მასთან ერთად დატყვევებულ მებრძოლებს რუსები არ აწამებდნენ.

უცნობია, განხორციელებული ზარის დროს იმყოფებოდა თუ არა დენის პროკოპენკო ზეწოლის ქვეშ, ან მეუღლესთან მონათხრობი ნამდვილად შეესაბამება თუ არა სიმართლეს.

კატერინა პროკოპენკომ The Guardian-ს განუცხადა, რომ მან სხვა წყაროებით შეიტყო, რომ ტყვეობაში მყოფთათვის შექმნილი პირობები მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია.

„მათ საკვებსა და წყალს აწვდიან. პირობები მოთხოვნებს აკმაყოფილებს და არ განიცდიან ძალადობას“, — განაცხადა კატერინა პროკოპენკომ.

აზოვის პოლკის მებრძოლები, სხვა უკრაინული დანაყოფების წევრებთან და მოხალისეებთან ერთად, საპორტო ქალაქ მარიუპოლს, მოგვიანებით კი აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანას იცავდნენ.

მარიუპოლის წინააღმდეგობამ, სამხედრო ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, შესაძლებელი გახადა რუსული არმიის დიდი ნაწილის უკრაინის სხვა ქალაქებზე შეტევის შეფერხება, რა დროსაც, უკრაინულმა ძალებმა შეძლეს მოწინააღმდეგის პოზიციების შესუსტება და მათი კიევის, სუმის, ჩერნიჰივის, მიკოლაევისა და ხარკოვის ოლქებიდან სრული ან ნაწილობრივი გაძევება.

მას შემდეგ, რაც ქარხნის ტერიტორიაზე პრაქტიკულად ამოიწურა საკვები, სასმელი წყალი, სამედიცინო საშუალებები და საბრძოლო მასალა, დაჭრილების მდგომარეობის გათვალისწინებით, აზოვის პოლკის რუსეთის ძალებს ჩაბარდა.

დანებების დროს შუამავალი წითელი ჯვრის ორგანიზაცია და გაეროა.

მასალების გადაბეჭდვის წესი