ახალი ამბები

პროკოპენკომ ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა

20 მაისი, 2022 • 2614
პროკოპენკომ ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა

„აზოვის“ პოლკის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დენის პროკოპენკომ ვიდეომიმართავ გაავრცელა და აზოვსტალიდან ევაკუაციის პირობებზე ისაუბრა.

მისი თქმით, უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გარნიზონის სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის გადარჩენისა და ქალაქის თავდაცვის შეჩერების ბრძანება გასცა.

„მიუხედავად მძიმე ბრძოლებისა, ალყისა და მარაგების არარსებობისა, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით ჩვენთვის სამ ყველაზე მნიშვნელოვან პირობაზე: მშვიდობიანი მოქალაქეები, დაჭრილები და დაღუპულები. მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მოხერხდა, მძიმედ დაჭრილებმა მიიღეს საჭირო დახმარება — მათი ევაკუაცია განხორციელდა შემდგომში გაცვლის და უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნების პირობით. დაღუპულ გმირებთან დაკავშირებით პროცესი გრძელდება და ვიმედოვნებ, რომ ახლო მომავალში ახლობლები და მთელი უკრაინა შეძლებენ თავიანთი გმირების პატივით დაკრძალვას“, — აცხადებს პროკოპენკო.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაში გამაგრებული 1908 უკრაინელი ჯარისკაცი ჩაბარდა. აზოვსტალი უკრაინის წინააღმდეგობის სიმბოლო და იყო უკანასკნელი საყრდენი რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში. „აზოვსტალში“ გამაგრებული იყვნენ აზოვის პოლკი, მესაზღვრეები, პოლიცია, 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადა, ეროვნული გვარდია და მარიუპოლის ტერიტორიული თავდაცვა. 16 მაისიდან აზოვსტალიდან დაჭრილების და მებრძოლების რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაყვანა დაიწყო. უკრაინა შემდგომში მათ გაცვლას იმედოვნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი