საზოგადოება

როგორ იყენებდა საქართველოს I რესპუბლიკა სამხედრო-საზღვაო ძალებს

26 მაისი, 2022 • 1575
როგორ იყენებდა საქართველოს I რესპუბლიკა სამხედრო-საზღვაო ძალებს

მიუხედავად მცირერიცხოვანი პერსონალისა და შეიარაღებისა, საქართველოს პირველი რესპუბლიკა სამხედრო ოპერაციებსა და 1921 წლის ომში რუსეთის წინააღმდეგ საზღვაო ძალებსაც აქტიურად იყენებდა.

როგორც მკვლევარი დიმიტრი სილაქაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში აღნიშნავს, ქართული ძალების მფლობელობაში იმ დროს 4 პატარა ზომის, „გრინპორის“ ტიპის კატარღა იყო. კატარღებს სიმბოლურად ქართული სახელები შეურჩიეს „პატარა კახი“, „ტარიელი“, „ფრიდონი“ და „ავთანდილი“.  მათზე დამონტაჟებული იყო ერთი ტყვიამფრქვევი და ერთიც სწრაფმსროლელი ქვემეხი. კატარღის წყალწყვა 14.5 ტონას შეადგენდა, სიგრძე 18.29 მეტრი იყო სიგანე კი – 3.05 მეტრი. თითოეულს სამი, 150 ცხენის ძალის სიმძლავრის მქონე ძრავა ჰქონდა და 24.6-26.6 კვანძის სიჩქარის განვითარება შეეძლო.

კატარღები მანამდე რუსეთის იმპერიის საკუთრებაში იყო და ისინი ქართველებმა ფოთისა და ბათუმის პორტებში ჩაიგდეს ხელში. მათ გარდა საქართველო სხვადასხვა სადესანტო ოპერაციებში სამოქალაქო დანიშნულების გემებსაც იყენებდა. ზოგჯერ კი მათზე ქვემეხებსაც ამაგრებდნენ და საარტილერიო დანიშნულებითაც იყენებდნენ.

ფოტოზე გამოსახულია იმავე ტიპის კატარღა, როგორიც ქართული ფლოტის შემადგენლობაში იყო. ქართული კატარღების ფოტოები არქივებში არ მოიპოვება

ერთ-ერთმა ასეთმა კატარღამ, სახელწოდებით „ტარიელმა” 1919 წელს დენიკინის მცირე ზომის ხომალდს „დუნაის“ უკან დახევაც აიძულა. სილაქაძის თქმით, შეტაკება ფოთის მახლობლად, 7 დეკემბერს მოხდა.

„ჩრდილოეთიდან ფოთის სანაპირო ზოლს ხუთი ვერსის მანძილზე მოუახლოვდა დენიკინის მცირე ზომის ხომალდი – ,,დუნაი”, რომელთანაც შესახვედრად პორტიდან გავიდა საქართველოს სასაზღვრო ძალების მცირე ზომის კატარღა ,,ტარიელი.” ორთაბრძოლის დროს დუნაიმ 19-ჯერ ესროლა ტარიელს, ამ უკანასკნელმა კი 25-ჯერ, საიდანაც სამი მოხვდა რუსულ ხომალდს. რის შემდეგაც ,,დუნაი” სწრაფი სვლით გაეცალა ბრძოლის ველს, ჯერ ბათუმის მიმართულებით , ხოლო შემდეგ კი გეზი ჩრდილოეთისაკენ აიღო“ – ამბობს დიმიტრი სილაქაძე.

საქართველოს შეიარაღებაში არსებულის იდენტური კატარღა

პირველი რესპუბლიკის დროს ბათუმში სამხედრო საზღვაო სკოლაც დაარსდა, თუმცა მეზღვაურების რაოდენობა მწირი იყო. სილაქაძის თქმით, ქართველებს რუსეთის იმპერიის პერიოდში მრავლად ჰყავდათ ქვეითი ჯარის და კავალერიის, არტილერიის და საინჟინრო ჯარის ოფიცრები, თუმცა მეზღვაურების რაოდენობა თითზე ჩამოსათვლელი იყო.

მიუხედავად ამისა, იგივე აფხაზეთის სანაპირო ზოლში ბოლშევიკების წინააღმდეგ მცირე ადამიანურ და ტექნიკურ რესურსებს მაინც აქტიურად იყენებდნენ, როგორც სადესანტო თვალსაზრისით, ასევე ზღვიდან მოწინააღმდეგის მცირე ზომის საარტილერიო დაბომბვასაც ახერხებდნენ.

სახალხო გვარდიელების დესანტირება აფხაზეთის ფრონტზე

სწორედ აფხაზეთის ფრონტზე საქართველოს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია ფრანგულმა ესკადრამ, რომლის ფლაგმანიც ჯავშნოსანი კრეისერი „ვალდეკ რუსო“ იყო.

„რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს აფხაზეთის მიმართულებაზე სოჭის მხრიდან შემოიჭრა რუსეთის მეცხრე არმიის 31-ე მსროლელი დივიზია. მოწინააღმდეგის მიზანს წარმოადგენდა პირველ რიგში გაგრის დაკავება, შემდეგ მდინარე ბზიფზე გამაგრება და სოხუმის აღება. შემდეგში კი გადაადგილება ზუგდიდის, ახალი სენაკისა და ფოთის მიმართულებით, სადაც უნდა გასულიყო ქართული არმიის ზურგში და შეერთებოდა მეთერთმეტე არმიასა და მამისონის უღელტეხილიდან მოქმედ 98-ე ბრიგადას.

მათ ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთზე ალყაში უნდა მოექციათ ქართული არმიის ნაწილები და გაენადგურებინათ. აფხაზეთის ფრონტზე რუსული ნაწილების წარმატება ასევე დამოკიდებული იყო აღმოსავლეთ საქართველოს საბრძოლო მოქმედებათა სცენაზე მიმდინარე მოქმედებებზე.

აფხაზეთის სანაპიროსა და კავკასიონის ქედის სიახლოვე რუსებს არ აძლევდა საშუალებას, მთლიანი დივიზია ერთდროულად გაეშალათ ფრონტზე. აფხაზეთის ფრონტზე ქართული მხრიდან ომის დაწყების წინ განთავსებული იყო რეგულარული ჯარის მეორე ათასეული, სოხუმის გვარდიის ბატალიონი და სოხუმის სანაპირო რაზმი, ფრონტზე გაიგზავნა არმიის მესამე ათასეული და მცირერიცხოვანი ნაწილები.

ფრონტს სარდლობდა გენერალი დავით ართმელაძე. რუსულ ძალებს მხარდაჭერას უწევდა მე-9 არმიის საავიაციო შენაერთი, ხოლო ქართულ არმიას ზღვიდან საარტილერიო მხარდაჭერას უწევდა ფრანგული ფლოტი, ჯავშნოსანი კრეისერის „ვალდეკ რუსოს“ ფლაგმანობით“.

დიმიტრი სილაქაძის თქმით, ამ პერიოდში ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური რუკის განაწილება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა და შავ და ხმელთაშუა ზღვებში ფრანგული და ბრიტანული ფლოტი მოქმედებდა. მისი თქმით, ეს ის პერიოდია, როცა ბრიტანეთს იტალიასა და საფრანგეთს კონსტანტინოპოლი დროებით დაკავებული ჰქონდათ. ამას 1921 წლის დასაწყისში დაემთხვა საფრანგეთში სოცილიასტი არისტიდ ბრიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნაც, რომლის პოლიტიკაშიც სილაქაძის თქმით, საქართველოს თავისი ადგილი ეკავა:

„მას ჰქონდა ე.წ. საკორდონო ხაზის იდეა ბოლშევიკებისგან დასაცავად და ამ საკორდონო ხაზში შედიოდა კავკასია, სადაც ერთადერთი დამოუკიდებელი ქვეყანა საქართველო იყო. ამ პოლიტიკის ფარგლებში მოხდა ეს საზღვაო დახმარება“ – ამბობს სილაქაძე.

ფრანგული შეჯავშნული კრეისერი „ვალდეკ რუსო“

მკვლევარი აღნიშნავს, რომ „ვალდეკ რუსომ“ და ფრანგულმა ფლოტმა 2021 წლის ომში საქართველოს ორი ტიპის დახმარება გაუწია. მისი თქმით, ერთი მხრივ, ბოლშევიკებმა საკუთარი ფლოტის გამოყენება ვერ შეძლეს და მეორე მხრივ, ფრანგული კრეისერი საქართველოს საარტილერიო დახმარებასაც უწევდა:

„ბოლშევიკების ხელთ არსებული ფლოტი ქართულზე მრავალრიცხოვანი იყო და შეიძლებოდა მათი გამოყენებით, სადესანტო ოპერაციის ჩატარებაც, მაგრამ რადგან შავ ზღვაში ფრანგული ფლოტი მოქმედებდა, ბოლშევიკების ფლოტის მოქმედებამ აზრი დაკარგა“ – ამბობს დიმიტრი სილაქაძე.

მისი თქმით, ფრანგული ხომალდები ზღვიდან აქტიურად ბომბავდნენ ბოლშევიკების პოზიციებს თუმცა ერთ დღეს შეცდომა მოხდა და “მეგობრული ცეცხლით” უნებლიედ, ქართველების პოზიციები დაბომბეს.

ფრანგული ესკადრა ,,ვალდეკ რუსოს“ ფლაგმანობით, გაგრისაკენ 19-20 თებერვლის ღამეს დაიძრა. 20 თებერვალს, 17:00 საათზე ერთმა-ორმა ფრანგულმა ხომალდმა სოფელ ვესელოესთან 4 კილომეტრის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან 80-მდე ჭურვი ესროლა რუსულ ნაწილებს. 21 თებერვლის დღის 11:00 საათზე კი ორმა გემმა პილონკოვოში მყოფ რუსულ ნაწილებს მსხვილკალიბრიანი ქვემეხებიდან საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა.

22 თებერვალს 00:20 წუთზე სამმა ფრანგულმა გემმა შორსმსროლელი ქვემეხების ცეცხლით დაბომბა სოფელი ვესელოე, შემდეგ ერთი ხომალდი მიუახლოვდა პილენკოვოს ნაპირიდან ერთ კილომეტრზე, რამდენიმე ჭურვი ისროლა რუსული 273-ე პოლკის განლაგებაში და ასევე გახსნა ტყვიამფრქვევების ცეცხლი, დილის ცხრა საათზე კი სამმა ხომალდმა დაბომბა რუსული 91-ე მსროლელი ბრიგადის საველე შტაბი და 273-ე მსროლელი პოლკის განლაგება. 23-24, 27 თებერვალს და 2-3 მარტს პილენკოვოსთან, გაგრასთან, გუდაუთასთან და ახალ ათონთან ზღვიდან საარტილერიო მხარდაჭერას უწევდნენ ქართულ ნაწილებს.

კრეისერს შეიარაღებაში ჰქონდა 14 ერთეული 194 მილიმეტრიანი ქვემეხი, 20 ერთეული 56 მმ. კალიბრის ქვემეხი, ორი 450 მმ-იანი სატორპედო აპარატი. ხომალდის სიგრძე 158.9 მეტრი იყო, სიგანე კი 21.51 მეტრი. მისი ძრავების საერთო სიმძლავრე 37 000 ცხენი ძალას შეადგენდა, სიჩქარე კი 23 კვანძს აღწევდა.

ფრანგული ფლოტის ეკიპაჟი

თუ რა ზიანი მიაყენა რუსეთის წითელ არმიას ფრანგულმა კრეისერმა, სილაქაძის თქმით, ამის პასუხი პირველ რიგში რუსეთის მე-9 წითელი არმიის და მისი 31-ე მსროლელი დივიზიის არქივში იქნება, რომელიც ჩვენთვის ამ ეტაპზე ხელმიუწვდომელია. თუმცა მისი თქმით, არსებობს საქართველოს გენერალური შტაბის ოფიციალური ცნობა ახალი ათონის პოზიციებზე:

„2 მარტს გამართულ ბრძოლაში ფრანგული ფლოტის მოქმედების შედეგის შესახებ…  გენერალური შტაბის ცნობით, ამ დღეს ფრანგულმა ფლოტმა მოწინააღმდეგის 4 ქვემეხი, 2 ჯავშანმანქანა და 100-მდე მებრძოლი გაანადგურა. გენერალური შტაბის ასეთი ოფიციალური ცნობები, რომ რეალობას აზვიადებს, თუნდაც ჩვენს რეგიონში მომხდარი უკანასკნელი ომიდანაც ვიცით, მაგრამ ეს ცნობა სანახევრო სიმართლე მაინც იქნება“ – ამბობს დიმიტრი სილაქაძე.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, 4 მარტს რუსულმა ჯარებმა სოხუმის აღება შეძლეს.

1921 წლის ომი წითელი არმიის გამარჯვებით დასრულდა და საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. მასთან ერთად არსებობა დაასრულა მისმა შეიარაღებულმა ძალებმა, ფლოტმა და სამხედრო ავიაციამ.

ოკუპაციამდელი ქართული ავიაციის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ნეტგაზეთის სტატია – როგორ იყიდეს 1920-ში საუკეთესო იტალიური აეროპლანები — ქართული ავიაცია ოკუპაციამდე.


სტატიაში გამოყენებულია დიმიტრი სილაქაძის ნაშრომი „საქართველოს პირვლი რესპუბლიკის არმიისა და სახალხო გვარდიის შეიარაღება“, რომელსაც სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი