საზოგადოება

„რატომ იტყუება „ოცნება?” — ელენე ხოშტარია CEPS-ის შეფასების თანაავტორი არ არის

23 მაისი, 2022 •
„რატომ იტყუება „ოცნება?” — ელენე ხოშტარია CEPS-ის შეფასების თანაავტორი არ არის

„საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რა დაჯღაბნა“, — ამბობს პრემიერ-მინისტრი CEPS-ის შესახებ, ევროკავშირის საკითხებზე ბრიუსელში მოქმედ წამყვან კვლევით ინსტიტუტზე, რომელიც მნიშვნელოვან ფორუმს წარმოადგენს ევროკავშირის საკითხებზე დებატებისთვის. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ CEPS-ის კრიტიკული შეფასების თანაავტორი ელენე ხოშტარიაა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

CEPS-ის შეფასება

20 მაისს „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრმა” (CEPS) გამოაქვეყნა მოსაზრება სახელწოდებით „საქართველოს საეჭვო განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე”. CEPS-ის რეკომენდაციით, ივნისში ევროკავშირმა უნდა მისცეს კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, თუმცა „საქართველო პარადოქსია“ და მისთვის გაწევრიანების ფორმალური პროცესის დაწყების შეთავაზება „ნაადრევი იქნებოდა“.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველომ, ერთი მხრივ, შთამბეჭდავად განახორციელა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების (AA) და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ეკონომიკური ნაწილები, მეორე მხრივ, მისი პოლიტიკური რეჟიმი წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებისა და კანონის უზენაესობის შესახებ. პრობლემების შუაგულში, CEPS-ის შეფასებით, დგას ეფექტური პოლიტიკური ძალაუფლების კონცენტრაცია არაანგარიშვალდებული ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ხელში.

საქართველომ და მოლდოვამ 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ, გააკეთეს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მანამდე „ქართულ ოცნებას“ გაცხადებული ჰქონდა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა 2024 წელს, ხოლო კანდიდატის სტატუსს 2030 წლამდე ელოდა.

„მოსალოდნელი იყო, რომ ევროკავშირის წევრობაზე ისტორიულ განაცხადს მოჰყვებოდა სიგნალები, რომ საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი პოლიტიკური და სასამართლო პრაქტიკის რეფორმა უმაღლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისად. ამის ნაცვლად, ერთადერთი შესამჩნევი ცნობა გვარამიას საქმეა, რომელიც პროვოკაციულ აქტადაც კი გვევლინება, რაც მიუთითებს ხელისუფლების აშკარა სწრაფვაზე, გახდეს [ევროკავშირის] პრობლემური წევრი. ამ ეტაპზე უფრო საზიანო ნაბიჯის გადადგმა ძნელად წარმოსადგენი იყო… საქართველოს ხელმძღვანელობას, როგორც ჩანს, არ აქვს გაწევრიანების პროცესის წარმატებით განხორციელების ინტერესი და მოქმედებს ისე, რომ დააჩქაროს მისი ჩავარდნა“, — აცხადებს CEPS და დასძენს, რომ ამ პირობებში, ევროკომისიას შეუძლია, აღიაროს მხოლოდ საქართველოს პერსპექტივა, გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი (რაც წარმოადგენს ერთგვარ დაპირებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე, თუმცა არა — კანდიდატის სტატუსს“ – რედ.)

„ოცნების“ პასუხი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ CEPS-ის სტატიაზე თანახელმომწერი ელენე ხოშტარიაა.

„საერთოდ არ მაინტერესებს ვინ რა დაწერა, ვინ რა დაჯღაბნა. აი, მორიგი დასტური, რომ ჩადიან მავნებლურად ეს ანტისახელმწიფოებრივი, მტრული ძალები და ეხვეწებიან ევროპელ ლიდერებს, რომ რაიმენაირად ის პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, არ იყოს ასახული“, —  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს ასევე გაიმეორა, რომ CEPS-ის შეფასების თანაავტორი ელენე ხოშტარიაა.

„ამ კვლევის ერთ-ერთი ავტორი ხომ იცით ვინც არის? ამ კვლევას, სხვათა შორის, იგივე ორგანიზაციის კვლევა უძღოდა წინ, სადაც ქულებით არის შეფასებული საქართველო, უკრაინა და მოლდოვა და იგივე ორგანიზაციის მიხედვით შარშან მომზადდა, საქართველო ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას. ახალა რა ხდება, წელს მოამზადა დასკვნა იგივე ორგანიზაციამ და დასკვნის ერთ-ერთი ავტორი არის ელენე ხოშტარია — რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი რადიკალი. როგორ შეიძლება ამ დასკვნას ვენდოთ? იქ არის უამრავი „ფეიკი”, რომელიც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს. როგორ უნდა დაარწმუნო ვიღაც იმაში, რაც არ არსებობს? ჩართული რომ იყოს ივანიშვილი პოლიტიკაში, დაამტკიცებდი, მაგრამ, რომ რომ არ არის ჩართული, როგორ უნდა დაამტკიცო?  ეს „ფეიკი” ვრცელდება ვისგან? იგივე რადიკალების მხრიდან, ელენე ხოშტარიას მხრიდან, რომელიც არის ამ დასკვნის ერთ-ერთი ავტორი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ორგანიზაციის მიერ მანამდე (2021 წელს) გამოქვეყნებული კვლევაში, რომელზეც კობახიძე საუბრობს, შედარებულია ბალკანეთის ექვსი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროინტეგრაციის შედეგები. კვლევის თანახმად, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმების საერთო საშუალო რეიტინგით საქართველო უსწრებს როგორც უკრაინას და მოლდოვას, ისე დასავლეთ ბალკანეთის სამ ქვეყანას: კოსოვოს, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და ალბანეთს.

კვლევამ საფუძველი დაუდო დისკუსიას იმის შესახებ, თუ რამდენად სამართლიანია, როდესაც მეტ-ნაკლებად ერთნაირი შედეგების პირობებში, ევროკავშირი დასავლეთ ბალკანეთს სთავაზობს გაწევრიანების პერსპექტივას, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს კი — არა.

CEPS-ი საქართველოს გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრებაშიც იმეორებს, რომ ეკონომიკური ნაწილებში საქართველომ აჯობა დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთ კანდიდატ სახელმწიფოს, თუმცა პრობლემად რჩება პოლიტიკური კრიტერიუმები.

ვინ არის ავტორი რეალურად?

საქართველოს აპლიკაციასთან დაკავშირებით CEPS-ის შეფასების ავტორები ორგანიზაციის ვებ-გვერდზე მითითებულია და ელენე ხოშტარია მათ შორის არ ფიგურირებს. ავტორები არიან ორგანიზაციის უფროსი ასოცირებული მკვლევარი მაიკლ ემერსონი და CEPS-ის კვლევის დირექტორი, European Foreign Affairs Review-ის მთავარი რედაქტორი სტივენ ბლოქსმანი.

ელენე ხოშტარია „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ არანაირი კავშირი არ აქვს CEPS-ის მიერ საქართველოს გაწევრიანების განაცხადზე გამოქვეყნებულ შეფასებასთან, თავად ორგანიზაციასთან მისი თანამშრომლობა კი მხოლოდ 2013-14 წელს ევროკავშირის შესახებ წიგნის თანაავტორობით შემოიფარგლება.

2018 წელს CEPS-ი და Reformatics-მა გამოსცეს ტრილოგიის სახელმძღვანელო „ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავება“, სადაც ხოშტარია Reformatics-ის კონტრიბუტორებს შორის ფიგურირებს.

„როდესაც ვინმე არის თანაავტორი, ეს სტატიას ყოველთვის აწერია. ამ ორგანიზაციის შეურაცხყოფაა საუბარი, თითქოს ვინმე არის ჩუმი თანაავტორი და ვიღაცა რაღაცას მალავს. მე ძალიან ვიამაყებდი, რომ შემძლებოდა, რომელიმე ასეთ საერთაშორისო გამოცემაში დაწერა, ოღონდ ჩემი სათქმელი სულ სხვა არის — ჩემი სათქმელი ისაა, რომ საქართველო იმსახურებს ევროპის წევრობას ისტორიულად და არავის აქვს უფლება, ამას ხელი შეუშალოს“, — ამბობს ხოშტარია.

ელენე ხოშტარიას თქმით, მთავარი კითხვაა — „რატომ იტყუება „ქართული ოცნება“? ის არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება ამზადებს ნიადაგს იმისთვის, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს და ეს ოპოზიციის დააბრალოს.

„რატომ სჭირდება „ოცნებას“, მოსახლეობა მუდმივად მოატყუოს, რომ ვიღაც თანაავტორია კრიტიკის? რატომ ესხმის თავს ევროპარლამენტარებს? რატომ აკეთებს იმის საპირისპიროს, რაც კითხვარში წერია? ისინი ცდილობენ ისრების გადატანას, მაგრამ ამის საშუალებას არ მივცემთ, იმიტომ რომ, ევროკავშირში გაწევრიანება იმდენად ისტორიული საკითხია, რომ ამ პერსპექტივის დათმობა და მორგება ვიწრო პოლიტიკურ კონიუნქტურაზე, რომელიც მერე ყველას დაავიწყდება, არაფრით შეიძლება. ეჭვი ჩნდება, რომ ისინი კი არ ცდილობენ, რომ  ყველაფერი გააკეთონ კანდიდატის სტატუსის მისაღებად და თითქოს ემზადებიან უარისთვის და ეძებენ, ვის დააბრალონ ეს. ბინძური გათვლაა და ეთამაშებიან ისეთ თემას, რომელიც უპატიებელია. ეს არ არის შიდაპოლიტიკური თემა, სადაც პოლიტიკური თამაშები შეიძლება კიდევ გასაგები იყოს. ისტორიული თემაა და უკიდურესად მნიშვნელობა“, — ამბობს ხოშტარია.

„ნეტგაზეთმა“ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიმართა კითხვით, თუ რაზე დაყრდნობით მიუთითებენ პარტიის წევრები CEPS-ის შეფასებაში ელენე ხოშტარიას თანაავტორობაზე, თუმცა პასუხი არ მიუღია.

CEPS-ის შესახებ

„ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრი” (CEPS) ბრიუსელში 1983 წელს დაარსდა. ის არის წამყვანი ანალიტიკური ცენტრი და ფორუმი ევროკავშირის საკითხებზე დებატებისთვის, რომელიც ევროპის საუკეთესო ანალიტიკურ ცენტრებს შორისაა. ორგანიზაციას გააჩნია პარტნიორი ინსტიტუტების ფართო ქსელი მთელს მსოფლიოში. CEPS-ში პოლიტიკის კვლევას აწარმოებენ საკითხების ფართო სპექტრზე: ეკონომიკა, ფინანსები, ენერგეტიკა, კლიმატი, განათლება, ინოვაცია, საგარეო პოლიტიკა და ევროინტეგრაციის პროცესი, სამართლიანობა და საშინაო საქმეები.

CEPS-ის მიერ ორგანიზებულ დებატებში მონაწილეობენ ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოების უმაღლის თანამდებობის პირები. მათ შორის, 24 მაისს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების შესახებ კონფერენციის მომხსენებელია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი.

„CEPS არის პოლიტიკური კვლევების დამოუკიდებელი ინსტიტუტი ბრიუსელში. მისი მისია, მოამზადოს სანდო პოლიტიკური კვლევები, რომელიც ევროპის წინაშე არსებული გამოწვევების კონსტრუქციულ გადაწყვეტილებებამდე მიგვიყვანს“, — ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე CEPS-ის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი