პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც საქართველომ ოფიციალურად მოითხოვა ევროკავშირში გაწევრიანება.
“ქართულ ოცნებაში” 2 მარტს განაცხადეს, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალურად განაცხადა ახლა და არა 2024-ში, როგორც თავდაპირველად იყო დაგეგმილი.
“ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე – ეტაპი, რომელიც ჩვენი ისტორიის ახალ ფურცელს შლის და აგრძელებს ჩვენი წინაპრების ძალისხმევას, რომელიც საერთო ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ იყო მიმართული”, – თქვა დოკუმენტის ხელმოწერისას ღარიბაშვილმა.
მანამდე, 28 თებერვალს, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი რუსეთთან სრულმასშტაბიან ომში მყოფმა უკრაინამ შეიტანა. როდესაც ანალოგიური მოთხოვნები საქართველოშიც გაისმა, “ქართულ ოცნებაში” თქვეს, რომ საკითხთან დაკავშირებით „ემოციური აჟიოტაჟი“ იყო შექმნილი.
როგორც მაშინ ირაკლი კობახიძე აცხადებდა, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან, რომლებმაც უთხრეს, რომ ევროპული პერსპექტივის შეთავაზება „რელევანტურია უკრაინისთვის და არა — საქართველოსთვის და მოლდოვისთვის“.
თუმცა,მცირე ხნის შემდეგ მმართველმა პარტიამ პოზიცია შეიცვალა. კობახიძის სიტყვებით, განაცხადის დაჩქარებული წესით მომზადების გადაწყვეტილება “საერთო პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით” მიიღეს.