საზოგადოება

„მე ვარ კრიმინალი თუ რას ნიშნავს კრიმინალების მფარველი?“ – ევროპარლამენტარი „ოცნებას“

20 მაისი, 2022 • 3565
„მე ვარ კრიმინალი თუ რას ნიშნავს კრიმინალების მფარველი?“ – ევროპარლამენტარი „ოცნებას“

„ცოტა ვერ გავიგე, მე ვარ კრიმინალი თუ ვინ ვარ? რას ნიშნავს კრიმინალების მფარველი?“ – ასე გამოეხმაურა  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდი.

მარინა კალიურანდი, რომელიც ევროპარლამენტში „ქართული ოცნების“ პარტნიორი პოლიტიკური ჯგუფის – “სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ წევრია, აცხადებს, რომ საქართველომ მეგობრების კრიტიკასა და რჩევებს უნდა მოუსმინოს და სერიოზულად მოეკიდოს.

ამის შესახებ მან „ტვ პირველთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„ცოტა ვერ გავიგე, მე ვარ კრიმინალი თუ ვინ ვარ? რას ნიშნავს კრიმინალების მფარველი? პოლიტიკოსები საკუთარ განცხადებებში თავისუფლები ვართ, მაგრამ თუ კრიტიკა მოდის ევროპარლამენტარებიდან და პარტნიორებიდან, რომლებიც რეალურად ზრუნავენ საქართველოს მომავლაზე, ქართველ ხალხზე და რეფორმებზე, ჩემი რჩევა იქნება, რომ მიიიღოთ ჩვენი კრიტიკა სერიოზულად.

ევროპარლამენტარებს გვაქვს უფლება, რომ გამოვხატოთ ჩვენი მოსაზრება, შთაბეჭდილება. ჩემი რჩევა იქნება, რომ მოუსმინოთ მეგობრებს და მეგობრულ კრიტიკას, ასევე სერიოზულად. საქართველო ძალიან კრიტიკულ პერიოდშია – ომი უკრაინაში, წევრობის განაცხადი, ევროკომისიის დასკვნა ახლოვდება, ეს ყველაფერი ძალიან კრიტიკული ასპექტებია“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.

მარინა კალიურანდი  ყველა ქართველ პოლიტიკოსს ურჩევს, რომ ერთად, პარტიულ ინტერესებზე მაღლა დადგნენ და ეროვნული ინტერესი პირველ ადგილზე დააყენონ.

„დაივიწყეთ პოლარიზაცია, თქვენ მუშაობთ მომავალზე და თქვენი ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, მიიღებთ თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს“, – მიმართავს ქართველ პოლიტიკოსებს კალიურანდი.

ევროპარლამენტარი ასევე შეეხო „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაკავებას და მას „დასანანი“ უწოდა, რადგან მისი თქმით, ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფლების შესახებ პარტნიორებს კითხვები ჯერ კიდევ აქვთ.

„ამიტომაცაა, რომ ეს პროცესი პოლიტიზებულად აღიქვა სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოებამ. მე არ ვერევი თქვენს შიდა პროცესებში, თუმცა მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ კანონის უზენაესობა და არა შეხედულებები და აღქმები“, – ამბობს კალიურანდი.

მისი თქმით, სწორედ სასამართლო რეფორმა  და 19 აპრილის შეთანხმებაა მთავარი საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, თუმცა იმ პირობებში, როდესაც შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებული შეთანხმება „ქართულმა ოცნებამ“ ანულირებულად გამოაცხადა, მისთვის რთული იქნება, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ქვეყნის პოზიციები დაიცვას.

„შარლ მიშელმა, რომელმაც დიდი ძალისხმევა ჩადო მოლაპარაკებებში, უნდა დაიცვას საქართველოს კანდიდატურა ევროკავშირში. ეს არ არის მისთვის მარტივი, განსაკუთრებით, მედიაციის ჩაშლის და შეთანხმების შეუსრულებლობის შემდეგ. როგორ წარმოგიდგენიათ, ის წავიდეს ევროკომისიაში და თქვას, რომ „მართალია, ამ დოკუმენტს თავდაპირველად არ შეუერთდნენ, მართალია, შემდეგ საერთოდ უარყვეს და ჩაშალეს, თუმცა საქართველო მაინც უნდა გახდეს კანდიდატი“, – ეს მან როგორ უნდა შეძლოს?

დაივიწყეთ წარსული! თუ ყოველდღიურ პარტიულ ინტერესს არ დაივიწყებთ, ვერ წახვალთ წინ. ამ შესაძლებლობას თუ ვერ გამოიყენებთ, მე ვშიშობ და არ ვიცი ეს ფანჯარა გაიხსნება თუ არა თქვენთვის ისევ მალე. ეს იქნება უზარმაზარი, უდიდესი ტრაგედია ქართველი ხალხისთვის, ვისაც ევროინტეგრაცია უნდა“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.


“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს “კრიმინალების მფარველად” მოიხსენიებს და დასძენს, რომ მასზე სერიოზული განცხადების გაკეთება არ შეიძლება.

მანამდე ვიოლა ფონ კრამონი გამოეხმაურა საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებებს, რომელთა თანახმადაც “უცხოელების პატარა ჯგუფი”, მათ შორის, ვიოლა ფონ კრამონი, “პირდაპირ ერევა ქართულ პოლიტიკაში” და „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ეს ხალხი „მოგვყიდოს როგორც თვით ევროპა, სინამდვილეში კი ეს ასე არ არის“.

კობახიძე ფონ კრამონს უწოდებს “კრიმინალების მფარველს”, რომელზეც “არ შეიძლება სერიოზული განცხადების გაკეთება”

მასალების გადაბეჭდვის წესი