საზოგადოება

უკრაინა მარიუპოლის მცველების ნაწილის გადაყვანაზე განცხადებას ავრცელებს

17 მაისი, 2022 • 2198
უკრაინა მარიუპოლის მცველების ნაწილის გადაყვანაზე განცხადებას ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, “აზოვსტალიდან” ამ დროისთვის 264 ადამიანი რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზეა გაყვანილი და შემდგომში მათი გაცვლა მოხდება. ამის შესახებ განცხადება უკრაინულმა მხარემ დღეს, 17 მაისს გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზოვსტალის ტერიტორიაზე დარჩენილი მცველების გადარჩენის ოპერაციები გრძელდება.

გენშტაბის ცნობით, 211 მებრძოლი ჰუმანიტარული დერეფნით ქარხნის ტერიტორიიდან ოლენივკაში გადაიყვანეს, საიდანაც შემდეგ უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიებზე დააბრუნებენ “გაცვლის პროცედურებით”. ოლენივკა რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა.

ასევე, ამავე ინფორმაციის თანახმად, აზოვსტალიდან ევაკუირებულია 53 მძიმედ დაჭრილიც. ისინი დონბასის რეგიონში, ნოვოაზოვსკში, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ ტერიტორიასაც რუსეთი აკონტროლებს.

“უმაღლესმა სამხედრო სარდლობამ აზოვსტალში განლაგებული ქვედანაყოფების მეთაურებს პერსონალის სიცოცხლის გადარჩენა უბრძანა. ქარხნის ტერიტორიაზე ბლოკირებული უკრაინის დამცველების გადარჩენის ოპერაცია მიმდინარეობს.

53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის ევაკუაცია დაიწყო. ისინი ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. კიდევ 211 დამცველი ჰუმანიტარული დერეფნის გავლით ოლენივკაში გადაიყვანეს, შემდეგ კი უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაცვლითი პროცედურის მეშვეობით დააბრუნებენ. აზოვსტალის ტერიტორიაზე დარჩენილი მცველების გადარჩენის ოპერაციები გრძელდება”, – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

მარიუპოლის მცველების გაყვანასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმაც:

“უკრაინის შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, ასევე მოლაპარაკების ჯგუფის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და გაეროს ქმედებების წყალობით, იმედი გვაქვს, რომ ჩვენების სიცოცხლის გადარჩენას მოვახერხებთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: უკრაინას უკრაინელი გმირები ცოცხალი სჭირდება. ეს არის ჩვენი პრინციპი. ვიმედოვნებ, ამას ყველა ადეკვატური ადამიანი გაიგებს. ჩვენი მებრძოლების სახლში დასაბრუნებლად მუშაობა გრძელდება და ეს მოითხოვს დელიკატურობას და დროს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

აზოვსტალი ერთადერთი ადგილია რუსების მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში, რომელსაც უკრაინელი ჯარისკაცები იცავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი