საზოგადოება

CNN: რუსმა სამხედროებმა ორი უკრაინელი სამოქალაქო პირი ზურგში სროლით დახვრიტეს [ვიდეო]

12 მაისი, 2022 • 2281
CNN: რუსმა სამხედროებმა ორი უკრაინელი სამოქალაქო პირი ზურგში სროლით დახვრიტეს [ვიდეო]

რუსმა სამხედროებმა კიევთან ორი უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქე დახვრიტეს. ამის ამსახველ ვიდეოს CNN ავრცელებს. შემთხვევა მარტში მოხდა, როდესაც რუსეთი კიევის მიმართულებას აქტიურად უტევდა.

სათვალთვალო ვიდეოკამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ გადაადგილდება ორი მშვიდობიანი მოქალაქე, ორი რუსი სამხედრო კი მათ ზურგში რამდენჯერმე ესვრის. CNN-ის ინფორმაციით, ორივე მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა. მომხდარს კი, როგორც ომის დანაშაულს, უკრაინული პროკურატურა იძიებს.

CNN-ის ცნობით, ერთ-ერთი მსხვერპლი იმ ავტოსავაჭრო კომპანიის მფლობელი იყო, სადაც შემთხვევა მოხდა. მის ოჯახს ვინაობის დასახელება არ სურს. მეორე კი 68 წლის ლეონიდ ოლექსიევიჩ პლიატსია, რომელიც ავტოსავაჭრო ცენტრში უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა.

მისი შვილი, იულია ვერ უყურებს კადრებს, სადაც ჩანს, როგორ კლავენ მამამისს, თუმცა ვიდეოს ინახავს, რომ ერთ დღეს საკუთარ შვილებს ანახოს, როგორც რუსეთის სისასტიკის ამსახველი ფაქტი.

“ისინი ჯალათები არიან. ეს საშინელებაა… მამაჩემი მშვიდობიანი მოქალაქე იყო, 68 წლის, მშვიდი, შეუიარაღებელი კაცი”, – ეუბნება იულია CNN-ს.

მარტში უკრაინის დედაქალაქისკენ მიმავალ მთავარ გზაზე რუს და უკრაინულ სამხედროებს შორის ბრძოლები აქტიურად მიმდინარეობდა, თუმცა 16 მარტს, როდესაც აღნიშნული შემთხვევა მოხდა, სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე სიმშვიდე იყო.

CNN-მა მომხდარის ამსახველი სხვა კადრებიც მოიპოვა, რომელიც სავაჭრო ცენტრის რამდენიმე წერტილიდანაა გადაღებული. კადრებში ჩანს, როგორ მიდის 5 ჯარისკაცი ავტოცენტრთან, ამსხვრევს მინებს, ესვრის საკეტებს და ცდილობს შიგნით შეღწევას.

ავტოცენტრის მფლობელი სამხედროებს ხელებაწეული უახლოვდება, რუსები მათ აჩერებენ და ჩხრეკენ. შემდეგ მოდის 68 წლის ლეოინიდ პლიატსი, რომელსაც ასევე ჩხრეკენ. მცირე დიალოგის შემდეგ მშვიდობიანი მოქალაქეები დაცვის პუნქტისკენ მშვიდად იწყებენ გადაადგილებას, რა დროსაც ორი ჯარისკაცი იარაღს ამზადებს და ზურგში ესვრის მათ.

მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვის შემდეგ ორი რუსი ჯარისკაცი შენობაში შედის და ერთ-ერთ კაბინეტს ჩხრეკს. კაბინეტში დამონტაჟებულ ვიდეოკამერაში მათი სახეებიც ჩანს. ერთ-ერთი მათგანი კარადიდან იღებს ქუდს და თავზე იფარებს, შემდეგ კი ორივე მათგანი იწყებს დალევას.

მომხდართან დაკავშირებით CNN-მა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსაც მიმართა, თუმცა, როგორც გამოცემა იუწყება, მათგან არავითარი პასუხი არ მიუღიათ.

კადრებში ასევე ჩანს, რომ დაცხრილული 68 წლის კაც მაშინვე არ გარდაცვლილა და სანამ ჯარისკაცები ბიზნესცენტრს არბევენ, ის ცდილობს ჭრილობის გადახვევას და დაცვის პუნქტისკენ აბრუნებს თავს. შემდეგ იღებს ტელეფონს, რომ დახმარებისთვის დარეკოს. როგორც აღმოჩნდა, მან სხვა მოქალაქეებს დაურეკა, რომლებიც ადგილზე მივიდნენ და ცეცხლი გაუხსნეს რუს ჯარისკაცებს, რათა გადაერჩინათ ლეონიდ პლიატსი.

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ პლიატსი დაცვის პუნქტში შესვლას ახერხებს, რის შემდეგაც უკრაინელებს გამოჰყავთ, მიწაზე კი სისხლის კვალი რჩება.

მოხალისე მებრძოლთა ჯგუფის მეთაურმა CNN-ს უთხრა, რომ პლიატსი სისხლისგან დაიცალა, რადგან რაღაც დროს, არასაკმარისი რესურსის გამო, უკრაინელებს უკან დახევა მოუწიათ.

ჯგუფის მეთაურის თქმით, პლიატსი და სავაჭრო ცენტრის მფლობელი გაფრთხილებულები იყვნენ, რომ რუსები ტერიტორიას უახლოვდებოდნენ, თუმცა დარჩენა არჩიეს. პლიატსის შვილის თქმით, მამამისს სჯეროდა, რომ შეძლებდა საკუთარი მოვალეობის შესრულებას, ამიტომ სამსახურში წავიდა.

“ისინი უნდა გასამართლდნენ. საერთაშორისო სასამართლოს იმედი მაქვს. იმედი მაქვს, რომ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი მსოფლიო შეიტყობს მათი დანაშაულების შესახებ”, – უთხრა მოკლული დაცვის თანამშრომლის შვილმა CNN-ს.

გარეკანის ფოტო: CNN

მასალების გადაბეჭდვის წესი