ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი განმარტავს, რა პრობლემები შეექმნა ივანიშვილს შვეიცარიულ ბანკთან დავის პარალელურად.
ყიფიანის თქმით, კრედიტ სუისთან დავას ბოლო პერიოდში “რამდენიმე სხვა ფაქტი მეტად საეჭვოდ დაემთხვა”. საგულისხმოა, რომ ადვოკატის თქმით, არცერთი მათგანი არავითარ კავშირშია არც აღნიშნულ დავასთან და არც ორგანიზაცია „კრედიტ სუისთან“.
„ამ წლის მარტიდან მოყოლებული აპრილის შუა რიცხვებამდე ბატონ ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში. წარმოქმნილი შეფერხებები – რომლებიც შედარებით იოლად გადაილახა ნიუ იორკში, ხოლო უფრო რთულად ლონდონში – საბოლოოდ გადაიჭრა სამართლებრივი და სხვა არხებით. ასევე, დროში უცნაურად ემთხვევა ბატონი ივანიშვილის მიერ გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებულ გართულებას. მაშინ, როდესაც ის მარტის დასაწყისში უნდა ყოფილიყო თბილისში, რეალურად მისი ჩამოყვანა შუა აპრილში მოხდა, თუმცა ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემა ბატონი ივანიშვილის მიერ იურიდიული გზებით მოგვარდა“, — ნათქვამია ადვოკატის განცხადებაში.
ვიქტორ ყიფიანის თქმით, ივანიშვილის პოზიციაა, რომ „კრედიტ სუისთან“ ყველა უთანხმოება სამართლებრივი გზებით უნდა გადაიჭრას და ამ მიზნით პროგრესიც უკვე თვალშისაცემია — ბერმუდაზე საბანკო ჯგუფთან მიღწეული წარმატების შემდეგ, ყველა პირობა არსებობს სექტემბერში სინგაპურში გასამართ პროცესთან დაკავშირებითაც.
ივანიშვილის ადვოკატის განმარტებით, როგორც ხელოვნების ნიმუშებისა თუ ვერტმფრენის შემთხვევაში, ტრასტთან უთანხმოების გადაჭრა სამართლებრივ რეჟიმში იწარმოებს, შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი ყველა საშუალების გამოყენებით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი წამოჭრილი საკითხი დამატებით შეფასებას მოითხოვს, ამას ივანიშვილი თავად გააკეთებს საგანგებოდ დაგეგმილი პრესკონფერენციების გზით.
მანამდე ადვოკატის მოწოდებაა, ნებისმიერი შეფასებისას მხოლოდ სამართლებრივი ნორმების ფარგლებში დარჩენა. თუმცა ივანიშვილის დაქირავებული კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში თავად იყო მითითებული ბანკის მხრიდან პოლიტიკურ ზეწოლაზე. ასევე, მმართველი პარტიის წევრებმა არ გამორიცხეს, ბიძინა ივანიშვილისთვის შვეიცარიული ბანკის მიერ გადარიცხვების შეფერხება “კოორდინირებული ქმედებების” შედეგი იყოს, რომლის მიზანიც საქართველოს ომში ჩართვაა.
“გადარიცხვები განყენებულ აქტივებს ეხება” — ივანიშვილის ადვოკატი “კრედიტ სუისთან” ახალ დავაზე