საზოგადოება

ბრეგაძე: სააკაშვილს შევთავაზებთ „ვივამედში“ გადაყვანას

10 მაისი, 2022 • 1135
ბრეგაძე: სააკაშვილს შევთავაზებთ „ვივამედში“ გადაყვანას

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას შესთავაზებენ, სადაც ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში გაეწევა მკურნალობა.

რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ საკვებისა და მედიკამენტების შერჩევითად მიღებით სააკაშვილი  თავად უქმნის საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხეს, რამაც შესაძლოა გარკვეული გართულებები გამოიწვიოს, რისი თავიდან აცილების მიზნითაც, მას შესთავაზებენ კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას:

„მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს დანიშნული აქვს მედიკამენტური მკურნალობა, თუმცა იგი შერჩევით იღებს მედიკამენტების მხოლოდ გარკვეულ ნაწილს. ასევე, იგი საკვებსაც იღებს საკუთარი გადაწყვეტილებით, მხოლოდ შერჩევით და ამით საფრთხეს უქმნის საკუთარ ჯანმრთელობას. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანი სახელმწიფო, ვმოქმედებთ ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე.

როგორც ნებისმიერ პატიმარს, მიხეილ სააკაშვილს, შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით, გაუკეთდება შეთავაზება, რომ გაყვანილ იქნეს კლინიკა „ვივამედში“, სადაც მას ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობა“, – აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

„ნეტგაზეთი“ აღნიშნულთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, შოთა თუთბერიძეს ესაუბრა. თუთბერიძის თქმით, ოფიციალური შეთავაზება დაცვის მხარეს ჯერ არ მიუღია და როდესაც ეს მოხდება, სააკაშვილის გადაყვანის თაობაზე იმსჯელებენ.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არალეგალური გზებით ჩამოვიდა 2021 წლის შემოდგომაზე, რის შემდეგაც დააპატიმრეს. მან შიმშილობა გამოაცხადა ციხეში, სადაც ექვსწლიან საპატიმრო სასჯელს იხდის.  ბოლო პერიოდში მისი ადვოკატები და ოჯახი აცხადებენ, რომ შიმშილობის შედეგად მისი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად დაზიანდა და მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი