საზოგადოება

შემოწმებული კლინიკების 78%-ში პერსონალისთვის გამიზნული დანამატი არ გაუციათ

6 მაისი, 2022 • 1919
შემოწმებული კლინიკების 78%-ში პერსონალისთვის გამიზნული დანამატი არ გაუციათ

„ნეტგაზეთის“ მოპოვებული ინფორმაციით, შრომის ინსპექციის სამსახურმა საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მართვაში ჩართული 110 კლინიკა შეამოწმა და აღმოაჩინა, რომ 86 მათგანში (ანუ 78%-ში) სახელმწიფოს მიერ მიწოდებული, სამედიცინო პერსონალისთვის გამიზნული დანამატი ან არ გაუციათ, ან დანაკლისით გასცეს, ან შრომის ანაზღაურების წესი ბუნდოვანი იყო.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თავდაპირველად 20 აპრილს, ინტერნეტგამოცემა „აიპრესისთვის“ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი კლინიკისათვის კორონავირუსთან ბრძოლისას ექთნებისა და ექიმებისათვის განკუთვნილი დანამატი ექთნებსა და ექიმებს არ ეძლეოდათ, რაც, მისი შეფასებით, სერიოზული პრობლემაა და სანქციებს საჭიროებს.

„სამწუხაროდ, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც კოვიდპანდემიის დროს ექიმებსა და ექთნებს მათთვის დარიცხული დანამატი არ მიუღიათ. თანაც, საუბარია თანხაზე, რომელსაც სახელმწიფო, კონკრეტული მიზნობრიობით, რიცხავდა და, სამწუხაროდ, ბენეფიციარებამდე არ მიდიოდა“, – განაცხადა აზარაშვილმა მოგვიანებით, 27 აპრილს, ჟურნალისტებთან საუბრისას.

მინისტრის განცხადებით, „სამწუხაროდ, რამდენიმე კლინიკაში იყო შემთხვევა, როდესაც დირექტორი და მისი მოადგილეები 5-10-ჯერ იზრდიდნენ ხელფასებს, ექიმებისა თუ ექთნების დანამატებისა და სახელმწიფოს ხარჯზე“.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, როგორც კი კოვიდკლინიკებში სიტუაციას სრულად შეისწავლიან და ინფექციების გავრცელების, პროტოკოლის დარღვევის თუ ფინანსური პრობლემების საერთო სურათი შეიქმნება, ეს ინფორმაცია „ყველასათვის ხელმისაწვდომი“ იქნება.

„ნეტგაზეთმა“ შრომის ინსპექციის სამასხურისგან 27 აპრილს გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, სადაც მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით დამატებით ინფორმაციას ვითხოვდით.

შრომის ინსეპქციის სამსახურის მიერ „ნეტგაზეთისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის 3 სექტემბრიდან 2021 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით, COVID 19-ის მართვის პროცესში ჩართული სამედიცინო პერსონალისთვის სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ანაზღაურების/დანამატისა და მისგან გამომდინარე შრომითი ურთიერთობის კანონიერების შესწავლის მიზნით, შრომის ინსპექციის სამსახურმა 110 კლინიკა შეამოწმა საქართველოს მასშტაბით.

„პირველადი ინსპექტირების პროცესში 86 კლინიკასთან მიმართებით დადგინდა როგორც დამატებითი ანაზღაურების/დანამატის გაუცემლობის, ამასთან, დანაკლისით გაცემისა და შრომის ანაზღაურების წესის ბუნდოვანი მოწესრიგების შემთხვევები“, – წერია შრომის ინსპექციის სამსახურისგან მიღებულ პასუხში.

უწყების თანახმად, აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები თანდართული მითითებებით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ჭრილში 86 კლინიკას მიეცა გაფრთხილება და დარღვევების გამოსწორების ვადად განესაზღვრათ 30 კალენდარული დღე.

თუმცა, უწყების თანახმადვე, 2022 წლის 24 იანვრიდან 28 იანვრის ჩათვლით, განხორციელდა 86 კლინიკის განმეორებითი ინსპექტირება, რომელიც მიზნად ისახავდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებითა და მასზე თანდართული მითითებებით გათვალისწინებული დარღვევების გამოსწორების საკითხის შესწავლას.

„შედეგად დადგინდა, რომ COVID 19-ის მართვის პროცესში ჩართული სამედიცინო პერსონალის მიმართ შრომის კოდექსის სხვადასხვა ნორმის დარღვევა, ასევე, დამატებითი ანაზღაურების/ დანამატის გაცემის წესის დარღვევა კვლავ იკვეთებოდა კლინიკების მიერ“, – წერია დოკუმენტში.

„ნეტგაზეთი“ შრომის ინსპექციის სამსახურისგან ასევე ითხოვდა დაზუსტებულ ინფორმაციას – თანხის რა რაოდენობა გასცეს აღნიშნულ კლინიკებზე პერსონალის დამატებითი ანაზღაურების მიზნით, როგორც ჯამურად, ისე კონკრეტულად ამა თუ იმ კლინიკაზე, თუმცა ეს ინფორმაცია არ მიგვიღია. „ნეტგაზეთი“ კვლავ ეცდება ამ ინფორმაციის მიღებას.


ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 2021 წლის 18 აგვისტოს განაცხადა, რომ კოვიდკლინიკებში დასაქმებული ექთნების ხელფასი 1400-დან 1600 ლარამდე მერყეობს.

თუმცა, „სოლიდარობის ქსელის“ მიერ 2021 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც 307 ექთნის გამოკითხვას ეფუძნება, ექთნის თვიური ხელფასი საშულოდ გაიზარდა 250-508 ლარიდან 283- 582 ლარამდე, როცა თითქმის 90%-ს პანდემიისას გაეზარდა სამუშაო დატვირთვა, 15-21 საათიდან 16-29 საათამდე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი