საზოგადოება

“კიევის აჩრდილი” დაიღუპა, გასაჯაროვდა მისი ვინაობაც – The Times

29 აპრილი, 2022 • 74686
“კიევის აჩრდილი” დაიღუპა, გასაჯაროვდა მისი ვინაობაც – The Times

უკრაინული MiG-29-ის პილოტი, მეტსახელად “კიევის აჩრდილი”, რომელმაც უკრაინული წყაროების თანახმად ომში არაერთი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო, გასულ თვეში ბრძოლაში დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული ტაიმსი ავრცელებს.

სტეფან ტარაბალკა

გამოცემის თანახმად, დღეს პირველად ცნობილი გახდა იმ პილოტის ვინაობაც, ვინც “კიევის აჩრდილის” მეტსახელის უკან იდგა. საუბარია 29 წლის მაიორ სტეფან ტარაბალკაზე, რომელიც ერთი შვილის მამაა. ტაიმსის ცნობით, მისი MIG-29 13 მარტს ჩამოაგდეს, თუმცა მანამდე, უკრაინული მხარის თანახმად, ათეულობით რუსული თვითმფრინავის განადგურება შეძლო, აქედან ექვსის – ომის პირველ დღეს.

დღემდე პილოტის ვინაობას უკრაინული არმია საიდუმლოდ ტოვებდა, რაც ტაიმსის ცნობით აძლიერებდა განცდას, რომ “კიევის აჩრდილი” მითი იყო, რომელიც უკრაინულმა მხარემ ჯარში განწყობის გასაძლიერებლად მოიგონა.

სინამდვილეში, ტაიმსის მიხედვით, ტარაბალკა დასავლეთ უკრაინაშია დაბადებული და ხარკოვის საჰაერო ძალების უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. ის დაჯილდოებულია უკრაინის უმაღლესი მედლით მამაცობისთვის.

ტარაბალკას დედა NPR-თან ინტერვიუში ამბობს, რომ მისი შვილი პილოტობაზე ღრმა ბავშვობიდან ოცნებობდა. მისი მამა ამბობს, რომ შვილის ბოლო ფრენის შესახებ მხოლოდ ის იციან, რომ “კიევის აჩრდილმა” დავალება შეასრულა, თუმცა უკან ვეღარ დაბრუნდა. უკრაინული მხარის თანახმად, პილოტი დიდი რაოდენობის მტერთან ბრძოლაში დაიღუპა.

უკრაინა აცხადებს, რომ ომის განმავლობაში, ჯამში, მისმა არმიამ 189 რუსული თვითმფრინავი გაანადგურა, ასევე, 155 ვერტმფრენი და 229 დრონი.

მასალების გადაბეჭდვის წესი