საზოგადოება

როგორ გადაარჩინა კაცმა მარიუპოლიდან დაზიანებული ფურგონით 200-ზე მეტი ადამიანი

28 აპრილი, 2022 • 3843
როგორ გადაარჩინა კაცმა მარიუპოლიდან დაზიანებული ფურგონით 200-ზე მეტი ადამიანი

მარიუპოლის ალყაში მოქცევის შემდეგ მიხაილო პურიშევი მოსახლეობის ევაკუაციისთვის დაზიანებული ფურგონით ექვსჯერ დაბრუნდა ქალაქში. როიტერის ცნობით, 36 წლის კაცმა, საფრთხის მიუხედავად, ქალაქიდან 200-ზე მეტი ადამიანის გაყვანა შეძლო.

“როდესაც პირველად წავედი [8 მარტს], ქალაქი კვამლის ღრუბელს, კოცონს ჰგავდა… ბოლოს რომ ვიყავი, მხოლოდ ნაცარი და დანახშირებული შენობები იყო”, – იხსენებს ის.

ფურგონის შესაძენად მიხაილომ და მისმა მეგობრებმა ფული სპეციალურად შეაგროვეს, შემდეგ ხალხის ევაკუაციისთვის რომ გამოეყენებინათ.

როიტერის ცნობით, ერთ-ერთი დაბომბვისას ავტომანქანის საქარე მინა, სამი გვერდითი ფანჯარა და კარი განადგურდა. ამ დროს მანქანაში არავინ იყო, შედეგად, არავინ დაშავებულა.

მიხაილო ფურგონს მარიპოლში ვიზიტებს შორის შეაკეთებდა ხოლმე, შემდეგ კი ისევ ქალაქში ბრუნდებოდა. თითო მგზავრობას კი დაახლოებით 8 საათს ანდომებდა.

“ფურგონი მოყვა დაბომბვებში, ნაღმებში, სროლებში… ომის იმდენი კვალია მასზე”, – ამბობს მიხაილო.

მიხაილო ჰყვება, რომ ქალაქში მგზავრობისას ცდილობდა არ შეეხედა ქუჩაში დატოვებული ცხედრებისთვის და დანახშირებული მანქანებისთვის იმის შიშით, რომ დაღუპული ბავშვი არ დაენახა.

მისი თქმით, ადამიანებს კრძალავდნენ ქალაქის ქუჩებში, სავაჭრო ცენტრებთან, ღამის კლუბებთან და საბავშვო ბაღებთან ახლოს. ზოგიერთ ცხედარს კი ხალიჩებში გახვეულს ტოვებდნენ ქუჩის სკამებზე.

ომის დაწყებამდე მიხაილო ღამის კლუბს ფლობდა, ომის შემდეგ კი თანამშრომლებმა კლუბის სარდაფში თავშესაფარი მოაწყვეს, სადაც საბოლოოდ 200-მდე ადამიანმა შეაფარა თავი.

თავდაპირველად მიხაილო მარიუპოლში სწორედ თავისი თანამშრომლების გადასარჩენად დაბრუნდა, საბოლოოდ კი ყველა მსურველის გაყვანა დაიწყო, ვისთვისაც თავის წითელ ფურგონში გამონახავდა ადგილს.

“ყველაზე საშიში მომენტი იყო, როცა სიჩუმე ჩამოვარდებოდა. ერთხელ რვა საათის განმავლობაში იყო ასეთი სიჩუმე. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ყველაფერი დამთავრდა, ამ დროს კი თავიდან დაიწყო [დაბომბვა]”, – იხსენებს მიხაილო.

მიხაილომ ასევე გაიხსენა ქვრივი ქალი, რომელიც სთხოვდა, ავიათავდასხმის შედეგად დაღუპული ქმრისთვის ბეჭედი მოეხსნა, თუმცა მიხაილომ ეს ვერ გააკეთა.

მარიუპოლში ჩასვლები 28 მარტს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც სამხედროებმა გააფრთხილეს, რომ თუ  კიდევ ერთხელ  ჩავიდოდა მარიუპოლში, ქალაქში ჩაიკეტებოდა, ან შეიძლება უარესი დასასრულიც ჰქონოდა.

“ერთადერთი, რა დაზიანებაც მივიღე, მინის ნატეხი მომხვდა მხარში, მაგრამ ჩემმა ქურთუკმა გადამარჩინა და მხოლოდ ნაკაწრები მქონდა. ჩემმა ფურგონმა დამიცვა. როცა მარიუპოლში დავბრუნდებით, მას [ფურგონს] მონუმენტად ვაქცევთ”, – ამბობს მიხაილო.

მასალების გადაბეჭდვის წესი