„ავთენტურია თუ არა, ეს არავინ იცის და რომც იყოს ავთენტური, აქ არაფერზეა საუბარი… საუბარია რაღაც სავაჭრო ურთიერთობებზე“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გავრცელებული ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც თითქოსდა “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ.
მისი თქმით, საქართველოს გაცხადებული პოზიციაა, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს ინარჩუნებს. როგორც კობახიძე ამბობს, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს „სერიოზულ ფარგლებში“ უკრაინაც ინარჩუნებს, როცა რუსეთიდან ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის ტრანზიტი ხდება.
„საქართველოს აქვს ოფიციალურად დაფიქსირებული პოზიცია, რომ ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან. ეს არის ჩვენი გაცხადებული პოზიცია და ამაში არც კანონსაწინააღმდეგოა არაფერი და არც რაიმე სხვა პრინციპებთან მოვდივართ წინააღმდეგობაში. გარდა ამისა, პროდუქტის იმპორტირება ხდება ადგილობრივი მოხმარებისთვის და არავითარი გადაყიდვის მიზნებისთვის. შესაბამისად, ეს არის ის, რომ ჩვენ სანქციებს არ შევუერთდით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ორი ბიზნესმენის საუბარში გასაკვირი არაფერია.
„რაც შეეხება გამოძიებას, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების გადასაწყვეტი. თუ რაიმე შეხვედრა იყო პრემიერის მხრიდან, ამაზე პრემიერი გააკეთებს თვითონ განცხადებას და კომენტარს. ამ ჩანაწერში საუბარია სავაჭრო ურთიერთობებზე. როდესაც ორი ბიზნესმენი საუბრობს ერთმანეთთან თუნდაც სავაჭრო ურთიერთობებზე, ამაში რამეა გასაკვირი? მე რაც ვიცი, ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ამ პირისთვის[ევტუშენკოვისთვის] სანქციები აქვს დაწესებული, ავსტრალიაა და ამაშიც არის საინტერესო დეტალები“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ ჩანაწერების გავრცელება ოპოზიციის „ბაკურიანის რევოლუციური შეკრების“ გაგრძელებაა.
„მე მგონია, რომ ეს ყველაფერი, ე.წ. ჩანაწერი, მერე არახამიას განცხადება, არის ლოგიკური გაგრძელება ბაკურიანის შეკრების. ბაკურიანში შედგა რევოლუციური შეკრება, შულავერის კომიტეტის მოღალატეობრივი შეკრება. სადაც მათივე აღიარებით განხილული იქნა ხელისუფლების შეცვლის გეგმები. მათ იციან, რომ ემოციური ფონის შეცვლის რესურსი არ აქვთ და ეჭიდებიან ხავსს და ეს ჩანაწერიც ერთგვარი ხავსია. მე იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ იგივე აკერმანის ჩამოტანილი იყოს ეს ფარული ჩანაწერი. პირდაპირ უკავშირდებოდეს ბაკურიანის შეკრებას. ეს ჩემი პოლიტიკური ვარაუდია”.
25 აპრილს youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც თითქოსდა საუბრობენ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი. ჩანაწერების მიხედვით, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, ევტუშენკოვის წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
ჩანაწერები youtube – ზე მომხმარებელმა cyber kmara – მ გამოააქვეყნა. ამავე არხზე ადრე გავრცელდა ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა ასევე არ არის დადგენილი და რომელშიც ივანიშვილს ვლადიმერ ევტუშენკოვი დაბადების დღეს ულოცავს.
ახალი, 25 აპრილს ატვირთული ჩანაწერის მიხედვით კი, 2022 წლის მარტში ორჯერ შედგა საუბარი, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის.
ჩანაწერების მიხედვით, პირველი საუბარი 10 მარტს შედგა – ევტუშენკოვი თითქოს ეუბნება ივანიშვილს, რომ იდეა აქვს, რომელსაც “დავითი” ჩამოიტანს.
შეხვდა თუ არა ღარიბაშვილი ბრიტანეთის სანქცირებულ რუსი ოლიგარქის წარმომადგენელს?