საზოგადოება

აუცილებლად დავაბრუნებთ ელჩს, როცა ვიგრძნობთ მხარდაჭერას მთავრობის ლიდერებისგან — ზელენსკი საქართველოზე

23 აპრილი, 2022 • 4577
აუცილებლად დავაბრუნებთ ელჩს, როცა ვიგრძნობთ მხარდაჭერას მთავრობის ლიდერებისგან  — ზელენსკი საქართველოზე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქართველები უკრაინელებისთვის ერთ-ერთი უახლოესი ხალხია, თუმცა არ ესმის საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა პოზიციები. აღნიშნულის შესახებ მან 23 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“გულახდილად გეტყვით და ზოგადად, ქართველებთან შემიძლია გულწრფელი ვიყო, რადგან ჩვენ მოძმე ხალხები ვართ… ნამდვილად არ მესმის თქვენი სახელმწიფოს ლიდერების პოზიცია. დიახ, არ მესმის და ამიტომ ვიღებ ამას ძალიან მტკივნეულად”, — ციტირებს ზელენსკის liga.net

გამოცემის ცნობით, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავად საქართველოს მოქალაქეები მრავალი წელია, უკრაინას უჭერენ მხარს, ახლაც ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ უკრაინელებს და თბილისში უკრაინის მხარდამჭერ აქციებს მართავენ.

მეორე მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა გააკრიტიკა საქართველოს მთავრობის პოზიცია რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებთან დაკავშირებით. ის ასევე გამოეხმაურა გზავნილებს, რომ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე საქართველოს შეერთების შემთხვევაში ქვეყნის ეკონომიკა დაზარალდებოდა.

„მე მოვისმინე გზავნილები, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ეკონომიკაო. რა ეკონომიკა? მათ[რუსეთმა] უკვე წაიღეს საქართველოს [ტერიტორიის] ნაწილი და თითქმის თბილისს მიაღწიეს. რა ეკონომიკა? ვფიქრობ, ეს ყველაფერი არ ღირს“, — ციტირებს მედია ზელენსკის.

მან ასევე ისაუბრა საქართველოში უკრაინის ელჩის დაბრუნებაზე.

„ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ ელჩს მეგობარ საქართველოში, როგორც კი ვიგრძნობთ უკრაინის მხარდაჭერას თქვენი მთავრობის ლიდერებისგან“, — დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის პირველ მარტს გაიწვია და მიზეზად დაასახელა ქართული მხარის მიერ „მოხალისეების არგამოშვება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიცია“.

მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო არ შეუერთდებოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, ვინაიდან აღნიშნული დააზიანებდა საქართველოსა და მის მოსახლეობას.

იმავე პერიოდში ითქვა, რომ ქვეყანაში დაფრენის საშუალება არ მისცეს უკრაინის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ჩარტერულ რეისს, რომელსაც ქართველი მოხალისეები უნდა გადაეყვანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი