საზოგადოება

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან დაბრუნდა

17 აპრილი, 2022 • 1227
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან დაბრუნდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. ისინი კიევში გუშინ, 16 აპრილს ჩავიდნენ.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარები გააკეთეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა.

“ლელოს” წარმომადგენლის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს დელეგაციას ორმხრივ სანქციებზე მსჯელობა და რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა სთხოვა:

“ხაზი გაესვა იმას, რომ საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის საქართველო შავი ხვრელი არ გახდება. ბატონმა სტეფანჩუკმა გვთხოვა ორი რამ, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი – მან გვთხოვა, რომ საქართველომ იმსჯელოს ორმხრივ სანქციებზე, სადაც ამის შესაძლებლობას დაინახავს და მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი – მან გვთხოვა, რომ საქართველომ გადადგას ნაბიჯები, რომელიც უკრაინამ უკვე გადადგა, ეს ეხება რუსულ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლას”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

“რეფორმების ჯგუფის” წარმომადგენლის, ხათუნა სამნიძეს შეფასებით, საქართველოს და უკრაინის მხარის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და გამოჩნდა, რომ საქართველომ უკრაინასთან “დაზიანებული ურთიერთობების” აღდგენისკენ “სერიოზული ნაბიჯი გადადგა”:

“ამ მოწოდების და შეხვედრის შემდეგ მე იმედს ვიტოვებ, რომ დისკუსია მაინც გაიხსნება, მათ შორის ოპოზიციასთან, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით დავუჭიროთ მხარი ჩვენს პარტნიორ ქვეყანას, უკრაინას, რომელიც ომშია.

დახვედრით, ვიზიტით, საუბრით, კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმებით ჩანდა, რომ ამ ვიზიტით ჩვენ შევძლებდით და სერიოზულ ნაბიჯს გადავდგამდით ურთიერთობის აღდგენისკენ, რადგან მოგეხსენებათ, რბილად რომ ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ძალიან ბევრი არასწორი განცხადების საფუძველზე ეს ურთიერთობები იყო დაზიანებული”, – სამნიძე.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკრაინელ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გუშინ, 16 აპრილს ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინას “ერთიანი და მტკიცე” მხარდაჭერის გამოსახატავად ეწვივნენ. ამასთან, მისი სიტყვებით, რუსეთმა უნდა შეაჩეროს ომი, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მის არჩევანს.

საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა სტეფანჩუკმაც. მისი თქმით, შეხვედრისას განიხილეს “აგრესორი ქვეყნისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობა, უკრაინისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მომავალი, ასევე, შესაძლო დახმარება “რეკონსტრუქციის პროცესში“ “.

“მინდა, დაგარწმუნოთ, რომ უკრაინელი ხალხისა და უკრაინის მთავრობის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა არის და იქნება ისეთივე ძლიერი!” — აღნიშნა უმაღლესი რადის თავმჯდომარემ.


საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია 9 დეპუტატისგან შედგებოდა, მათ შორის იყვნენ:

  • პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ასევე, „ქართული ოცნებიდან“ – დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ბექა ოდიშარია,
  • „რეფორმების ჯგუფი“ – ხათუნა სამნიძე,
  • „ლელოდან“ – ანა ნაცვლიშვილი
  • „მოქალაქეები“ – ლევან იოსელიანი,
  • „საქართველოსთვის“ – გიორგი ხოჯევანიშვილი,
  • „გირჩი“ – ვახტანგ მეგრელიშვილი.

საპარლამენტო დელეგაციაში არ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციისა და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი