ახალი ამბები

რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, პატივი სცეს უკრაინელების არჩევანს — პაპუაშვილი

16 აპრილი, 2022 • 1379
რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, პატივი სცეს უკრაინელების არჩევანს — პაპუაშვილი

“რთულია, სიტყვებით აღწერო ის, რაც ჩვენ საკუთარი თვალით ვნახეთ” — თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, უკრაინელ კოლეგასთან ერთად კიევში გამართულ ბრიფინგზე.

პაპუაშვილი, რომელიც უკრაინაში ჩასული ქართველი დეპუტატების დელეგაციას ხელმძღვანელობს, 16 აპრილს უკრაინის რადის თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკს შევხდა.

“მიუხედავად ასეთი რთული დროისა და ყოველდღიური დაბომბვებისა, ჩვენ ვეწვიეთ ჩვენს მეგობრებს, რათა გამოგვეხატა ჩვენი ერთიანი და მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

ჩვენ სხვანაირად ვერ მოვიქცეოდით, რადგან ჩვენი ხალხები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან. ჩვენი კულტურა, მეგობრობა, ისტორია კიდევ უფრო ძლიერდება ამ დღეებში.

ეს არის ის, რასაც ჩვენი ხალხები უფრთხილდებიან და სწორედ ამიტომ ჩამოვედით ჩვენ კიევში, რათა გამოგვეთქვა სამძიმარი დაღუპულთა ახლობლებისთვის და ვმდგარიყავით უკრაინელი ხალხის გვერდით”, — დასძინა პაპუაშვილმა.

მისი სიტყვებით, რუსეთმა უნდა შეაჩეროს ომი, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მის არჩევანს.

“რთულია, სიტყვებით აღწერო ის, რაც ჩვენ საკუთარი თვალით ვნახეთ და რასაც ყველა უყურებს ბუჩაში, იპრენსა და კრამატორსკში, თუმცა არსებობს კიდევ ბევრი უკრაინული ქალაქი მსგავსი საშინელი ისტორიებით, რომელიც ჯერ არავის მოუსმენია.

რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და უკრაინელების არჩევანს. ჩვენ, ქართველებს, ამ ყველაფრის ყურებისას გვახსენდება ჩვენი საკუთარი ბუჩები, 1990-იან წლებსა და 2008 წელს, როდესაც ჩვენი ქალაქებიც დაინგრა.

რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს ამ ყველაფრის ნახვა, ჩვენ ამავე დროს აღფრთოვანებული ვართ თქვენი სიმამაცით, ერთიანობითა და გმირობით, ეს მსხვერპლი დარჩება სიმამაცის მაგალითად მომავალი თაობებისთვის”, — დასძინა მან.

პაპუაშვილის სიტყვის თარგმანს “მთავარი არხი” ავრცელებს.

მანამდე, სტეფანჩუკის თქვა, რომ შეხვედრისას განიხილეს “აგრესორი ქვეყნისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობა, უკრაინისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მომავალი, ასევე, შესაძლო დახმარება “რეკონსტრუქციის პროცესში“ “.

“მინდა, დაგარწმუნოთ, რომ უკრაინელი ხალხისა და უკრაინის მთავრობის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა არის და იქნება ისეთივე ძლიერი!” — აღნიშნავს უმაღლესი რადის თავმჯდომარე.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კიევში დღეს, 16 აპრილს ჩავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი