საზოგადოება

ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი გასაჯაროვდა

15 აპრილი, 2022 • 2377
ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი გასაჯაროვდა

ევროკავშირისგან საქართველოსთვის გადაცემული კითხვარის პირველი ნაწილი მთავრობამ დღეს, 15 აპრილს გაასაჯაროვა. მთავრობის ინფორმაციით, ევროკავშირისგან კითხვარის მეორე ნაწილს მოგვიანებით მიიღებენ, რაც ასევე საჯაროდ იქნება ხელმისაწვდომი.

კითხვარის შევსება ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ეტაპია. გასაჯაროებული დოკუმენტი 369 კითხვისგან შედგება.

კთხვარი რამდენიმე ქვეთავადად არის დაყოფილი და შეეხება:

  • დემოკრატიასა და კანონის მმართველობას;
  • ფუნდამენტურ უფლებებს;
  • რეგიონულ საკითხებსა და საერთაშორისო ვალდებულებებს;
  • ეკონომიკურ საკითხებს;

კითხვები შეეხება იმას, თუ როგორ არის სახელმწიფოს მართვის სისტემა აწყობილი, კონსტიტუციით როგორ არის განსაზღვრული ხელისუფლების შტოებს შორის ძალთა ბალანსისა და კონტროლის სისტემა, როგორ ინიშნებიან მოსამართლეები, უზრუნველყოფილია თუ არა ქვეყანაში ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის, შეკრებისა და გამოხატვის, ასევე, რამდენად არის დაცული სხვადასხა სახის უმცირესობათა უფლებები, მათ ინტეგრაცია საზოგადოების სხვადასხვა სფეროში.

კითხვები ასევე შეეხება საქართველოში ეკონომიკის სტაბილურობას, პერსონალური მონაცემების დაცვას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, კომუნიკაციის პრივატულობის დაცვასა და ა.შ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თბილისი “მაქსიმალურად მოკლე დროში” შეავსებს კითხვარს.


საქართველომ და მოლდოვამ 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ, გააკეთეს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მანამდე „ქართულ ოცნებას“ გაცხადებული ჰქონდა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა 2024 წელს, ხოლო კანდიდატის სტატუსს 2030 წლამდე ელოდა.

უკრაინას უკვე – 8 აპრილს, საქართველოსა და მოლდოვას კი 11 აპრილს, გადაეცა ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარი. კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარი (Questionnaire) წარმოადგენს ევროკომისიის ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის გამოყენებითაც ხდება გაწევრების მსურველი ქვეყნის შეფასება კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. კითხვარზე აპლიკანტი სახელმწიფოსგან მიღებული პასუხების შემდეგ ევროკომისია ამზადებს ანგარიშს და იძლევა რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას საბჭო იღებს და ადგენს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღს.

როგორც წესი, კითხვარის შევსების და კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცედურა წლებით გრძელდება, თუმცა ამჯერად პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს და ქვეყნებს კითხვარის შესავსებად ერთთვიანი ვადა მიეცათ, ევროკომისიის შეფასება კი, სავარაუდოდ, ივნისში იქნება მზად.

მასალების გადაბეჭდვის წესი