საზოგადოება

კობახიძე აშშ-ის ანგარიშს ეხმაურება

13 აპრილი, 2022 • 1294
კობახიძე აშშ-ის ანგარიშს ეხმაურება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე საუბრისას ამბობს, რომ თუ ვინმეს სურს, გააკრიტიკოს ესა თუ ის ინსტიტუტი, მათ შორის სასამართლო, მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს.

კობახიძის თქმით, წლიდან წლამდე ანგარიშის საერთო შინაარსი არ იცვლება და გუშინ, 12 აპრილს, გამოქვეყნებული ანგარიშის შინაარსი დაახლოებით იგივეა, რაც შარშან და შარშანწინ იყო.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ნაწილს, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წამების, არაადამიანური ან/და დამამცირებელი მოპყრობის ქვეთავში მოხვდა, კობახიძის თქმით, ანგარიშის ინტერპრეტაცია ენმ-მ და მასთან დაკავშირებულმა მედიებმა მისცეს.

„გუშინ აქაც გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია, „ფეიკი“ „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულმა ტელევიზიებმა, თითქოს პოლიტპატიმრად იყო მოხსენიებული, როგორც სააკაშვილი, ასევე, მელია, რურუა, რაც არის სრული სიცრუე. აქ არის საუბარი იმაზე, რომ საკუთარი პარტიები ამ ადამიანებს მოიხსენიებენ პოლიტპატიმრებად, რაც დამეთანხმებით, აბსოლუტურად განსხვავებული რამ არის. ეს იგივეა, ანგარიშში რომ ჩაიწეროს, ვიღაცამ კაცი მოკლა და დედამისი ამბობდეს, ჩემი ბიჭი უდანაშაულოაო. დაახლოებით ასეთი რამ არის ჩაწერილი ამ ანგარიშში. რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრებად ამ ადამიანებს არავინ მოიხსენიებს, გარდა საკუთარი პარტიებისა.

ალბათ, [სააკაშვილი] არ უნდა დაგვეჭირა, ალბათ, უნდა განგვებაჟებინა არაჟნებთან ერთად და გაგვეშვა უკან, ეს იქნებოდა, ალბათ, ჰუმანური. რაც შეეხება სახელმწიფოს მოქმედებას, სახელმწიფომ იმოქმედა, როგორც სისტემას უნდა იმოქმედა. ეს პირი დაკავებულია როგორც დამნაშავე და სასჯელს იხდის სათანადო დაწესებულებაში“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება სასამართლოს ნაწილს, კობახიძის თქმით, ამ მიმართულებითაც მხოლოდ ზოგადი კრიტიკა ისმის და კონკრეტული მტკიცებულებები არ არსებობს.

„რაც შეეხება სასამართლოს, სასამართლოსთან დაკავშირებით ჩვენ გვჭირდება ფაქტები, მტკიცებულებები და არა ზოგადი განცხადებები. ყოველ ჯერზე ამას ვითხოვთ, თუმცა არ გვაქვს არავითარი მტკიცებულება მანკიერებათა შესახებ სასამართლოში და გვესმის მხოლოდ ზოგადი კრიტიკა. ამის მიუხედაად, ჩვენ გვაქვს სამუშაო ჯგუფი შექმნილი, განხორციელდება სასამართლო რეფორმა, ამ კუთხით გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, მაგრამ თუ ვინმეს სურს, გააკრიტიკოს ესა თუ ის ინსტიტუტი, მათ შორის სასამართლო თუ ნებისმიერი სხვა, უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები“, – განაცხადა კობახიძემ.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ანგარიშს ავრცელებს. საქართველოზე მომზადებული ანგარიში 85 გვერდისგან შედგება და მასში მიმოხილულია გასულ წელს ქვეყანაში  განვითარებული მოვლენები.

დოკუმენტში მოხვდა 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენები, 2020 წლის ოქტომბრის არჩევნები, მიხეილ სააკაშვილის დაკავება და სხვა საკითხები. ანგარიშში საუბარია იმ საქმეების შესახებაც, რომლებზეც განაჩენი არ დამდგარა, მათ შორის, 20 ივნისს პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცებისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეებზე.

რა წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოზე, შეგიძლიათ ნახოთ აქ:

5-6 ივლისის ძალადობა, „სუს-ის ფაილები“ და სააკაშვილის საქმე – რა წერია აშშ-ის ანგარიშში

მასალების გადაბეჭდვის წესი