საზოგადოება

„ოცნების“ დუმილი და ოპოზიციის შეფასება რუსეთში ნეტგაზეთის დაბლოკვაზე

12 აპრილი, 2022 • 2030
„ოცნების“ დუმილი და ოპოზიციის შეფასება რუსეთში ნეტგაზეთის დაბლოკვაზე

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ დრომდე არ შეუფასებიათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე „ნეტგაზეთისა“ დაბლოკვისა და ქართულ მედიასაშუალებაზე საკუთარი იურისდიქციის გავრცელების მცდელობის ფაქტი.

ნეტგაზეთის რუსეთში დაბლოკვას წინ უძღოდა რუსეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებლის ულტიმატუმი, „ნეტგაზეთის“ მიერ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მომზადებული ერთ-ერთი მასალის გამო.

რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებლის (როსკომნადზორი) გაფრთხილების მიუხედავად, “ნეტგაზეთმა” არ წაშალა ხსენებული მასალა.

ჩვენ ვცადეთ „ქართული ოცნების“ დეპუტატისგან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძისგან მოგვესმინა, თუ რას ნიშნავს, როცა უკრაინაში ომის ფონზე რუსეთის ფედერაცია საკუთარი იურისდიქციის გავრცელებას ცდილობს სხვა სუვერენული ქვეყნის მედიაზე. ჩვენი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს მხრიდან ქართულ მედიასაშუალებებზე თავისი კანონმდებლობის გავრცელების მცდელობას ამ დრომდე ოფიციალურად არ გამოხმაურებიან არც საქართველოს მთავრობა და არც კომუნიკაციების კომისია.

ნეტგაზეთი ასევე ესაუბრა პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებსაც. ისინი მიიჩნევენ, რომ ქართული მედიის დამოუკიდებლობაში რუსეთის ჩარევაზე საქართველოს მთავრობას პოზიცია ცალსახად უნდა დაეფიქსირებინა.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ კორძაის თქმით, ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლების დუმილით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსული სახელმწიფოს თავხედობას ჩვენი სახელმწიფო არაფერს პასუხობს.

„რა თქმა უნდა, ხელისუფლებას უნდა ჰქონოდა რეაქცია იმიტომ, რომ თუ ჩვენს ხელისუფლებას დავუჯერებთ, გამოხატვის თავისუფლებას იცავენ. რუსეთის მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთება არის ყველაფრის უგელებელყოფა, პირველ რიგში, თავისუფალი მედიის არსის უგულვებელყოფა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა ხდება რუსეთში მედიასთან მიმართებით და როდესაც შენს თავისუფალ მედიას შენსავე ქვეყანაში არ იცავ რუსული ზეწოლისგან და მოთხოვნებისგან, ეს იმას ნიშნავს, რომ არ გადარდებს თავისუფალი მედია[…]

მე რომ ვყოფილიყავი ხელისუფლებაში, ვიტყოდი, რომ „როსკომნადზორის“ კი არა, საერთოდ რუსეთის საქმე არ არის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა. მით უფრო, ჩემს სახელმწიფოში, სადაც მე ვიცავ და ვთვლი, რომ თავისუფალ მედიას ყველაფრის თქმის საშუალება აქვს“, — განაცხადა თამარ კორძაიამ ნეტგაზეთთან.

„ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით კი, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ მკაფიო პოზიციებს ვერ აფიქსირებს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს რუსეთის ხელისუფლება, ერთი მხრივ, მიესალმება ხშირად საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, მეორე მხრივ კი, თავს უფლებას აძლევს, რომ თავს დაესხას ჩვენს ქვეყანაში მედიის დამოუკიდებლობას.

ეს ყველაფერი ხდება სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერ აფიქსირებს მკაფიო პოზიციებს იმაზე, რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ჩვენი ქვეყნის პოზიციას იმ უმძიმეს დაპირსპირებაში, რომელიც დღეს მიმდინარეობს უკრაინის, თავისუფალ სამყაროსა და რუსეთს შორის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილი ნეტგაზეთთან.

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე კი ამბობს, რომ რუსული მხარის ეს გადაწყვეტილება მათ სურვილზე მიუთითებს, რომ რაც შეიძლება მეტი სივრცე დაეთმოს მათ პროპაგანდას ქართულ მედიაში.

„რეალურად, ეს არის მათი სურვილი, ქართულ მედიას შეეზღუდოს სივრცე, რაც გულისხმობს იმას, რომ რუსულ პროპაგანდას სურს, რომ რაც შეიძლება მთელი სივრცე მას დაეთმოს. იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, მან წარმატებას მიაღწია სამთავრობო მედიების კუთხით, განსაკუთრებით ვგულისხმობ „ალტ-ინფოს“, რომელიც, სამწუხაროდ, უმრავლესობის მიერაა ხელდასმული. ამიტომ, შესაბამისად, გადაწყვიტა, რომ თავისუფალ მედიაშიც შეაღწიოს.

ამიტომ სამწუხაროა, რომ უმრავლესობას და ხელისუფლებას ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით მკაცრი პოზიცია არ დაუფიქსირებია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ ნეტგაზეთთან.


რა მოხდა მანამდე

რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ, “როსკომნადზორმა”, “ნეტგაზეთი” რამდენიმე დღის გააფრთხილა, წაეშალა თავის რუსულ ვერსიაში გამოქვეყნებული მასალა, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს ეხება.

საუბარია 16 მარტს მომზადებულ მასალაზე, რომელიც ეხება რუსეთ-უკრაინის ომში მე-4 რუსი გენერლის მოკვლის ამბავს. იმავე დღეს აღნიშნული ამბავი რუსულადაც ითარგმნა და “ნეტგაზეთის” რუსულენოვანი გამოცემის ვებსაიტზე განთავსდა. სიახლის სათაურია “Война в Украине: Киев сообщил о гибели четвертого российского генерала”(“ომი უკრაინაში: კიევი მეოთხე რუსი გენერლის გარდაცვალების შესახებ იუწყება”).

მასალის გამოქვეყნებიდან 3 კვირის შემდეგ, 9 აპრილს, თბილისის დროით 02:01 საათზე, “ნეტგაზეთმა” მიიღო მეილი, რომლითაც “როსკომნადზორმა” ხსენებულ მასალაზე წვდომის შეზღუდვა მოითხოვა. უწყების მტკიცებით, ის “კანონის დარღვევით” არის გავრცელებული.

მსგავსი გაფრთხილება მიიღო სააგენტო „აქცენტმაც“, რომელის ვებსაიტიც ასევე დაბლოკეს რუსეთში იმის გამო, რომ „როსკომნადზორის“ მოთხოვნას არ დაემორჩილა.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შემდეგ, 40 დღეზე მეტია, რუსეთის ძალები ბომბავენ როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. ომს ემსხვერპლა ათასობით ადამიანი, მათ შორის, 170-ზე მეტი ბავშვი, მილიონობით ადამიანი კი იძულებული გახდა, საცხოვრებელი დაეტოვებინა.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად რუსეთის ხელისუფლებამ გააძლიერა მედიის ცენზურა და მათ აუკრძალა ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ეწინააღმდეგება ომის შესახებ კრემლის ვერსიას.

დრაკონული რეგულაციების მიღების შემდეგ რუსეთში არსებული დამოუკიდებელი მედიასაშუალებები — „ნოვაია გაზეტა“ და „დოჟდი“ იძულებული გახდნენ, მუშაობა შეეჩერებინათ. ამ მედიასაშუალებების ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა ქვეყანა დატოვა.

იმისათვის, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრებმა მომხმარებლებმა მაინც შეძლონ “ნეტგაზეთის” რუსულენოვან ვებგვერდზე შესვლა, შესაძლებელია შემდეგი VPN სერვისების გამოყენება: 

ასევე წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი