საზოგადოება

”ფურცლები ” თავისუფლების” დღიურებიდან”

8 აგვისტო, 2011 • 1483
”ფურცლები ” თავისუფლების” დღიურებიდან”

სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტის” სადღესასწაულო დარბაზი ხალხით ივსება. სტუმრები თავს იყრიან მაგიდასთან, რომელზეც  წიგნებია სახელწოდებით- ”თავისუფლების დღიურები 2009.”

პრეზენტაცია რადიო ”თავისუფალი ევროპის” ქართული ბიუროს ინიციატივით იმართება. მიზეზი ოთხი წლის წინ დამკივიდრებული ტრადიციაა. რადიო თავისუფლებამ 2009 წელსაც შეკრიბა 52 ადამიანის დღიური.

მარინა ვაშაყმაძე, რადიო ”თავისუფლების” ხელმძღვანელი, ამბობს, რომ ამ წიგნში თავმოყრილია ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი თუ უცნობი ადამიანების თითო კვირის ქრონიკა. კრებული რადიოს დაფინანსებით 1000 ეგზემპლარად დაიბეჭდა.

სამასგვერდიან წიგნს ვიდეო ვერსიაც ახლავს თან. დღიურების წერა პირველი იანვრიდან იწყება და ოცდათერთმეტ დეკემბრამდე გრძელდება. თითო ავტორი თავის ერთ კვირას იხსენებს.  მათ სუბიექტურ მოგონებებს თან იმ დღის მთავარი თემები ერთვის და ასე იკვეთება 2009 პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრება.

საღამოს ექვსი საათი, პრეზენტაციის დასაწყისი, ახლოვდება. მარინა ვაშაყმაძე და დავით კაკაბაძე, თავისუფლების დღიურების იდეის ავტორი, შეკრებილ საზოგადოებას მადლობას უხდიან პრეზენტაციაზე მისვლისთვის. მადლობას ღებულობს ყველა ადამიანი, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ წიგნის შექმნაში.

დავით კაკაბაძე აღნიშნავს, რომ მარინას ”ნაზ მხრებზე” გადაიარა ამ საქმის სიმძიმემ. განსაკუთრებული ძალისხმევა დასჭირდა ყველა ავტორის დღიურის თავმოყრას. პროექტში მონაწილეობის მსურველთა სიმრავლე სტიმულს აძლევს წიგნის ავტორებს, რომ 2010 წლის თავისუფლების დღიურებსაც იხილავს აუდიტორია.

დღიურების ავტორებიდან, მხოლოდ დენის კიფი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, გამოდის სიტყვით. მისი დღიური ერთი წლის წინ დაიწერა და რომ არა ეს კრებული გაუჭირდებოდა იმ დღის გახსსენება. ”ძალიან მინდა მთელი წიგნი წავიკითხო, რადგან ეს არის საქართველოს ცხოვრების მთელი წელი,”- ამბობს ელჩი.

დარბაზში შუქი ქრება და ფილმად ქცეული ვიდეოდღიურების ჩვენება იწყება. 55 წუთიანი დოკუმენტური ფილმი, ”ფურცლები თავისუფლების დღიურებიდან,” ანდრო ჭიაურელის შექმნილია. წელიწადის ოთხ სეზონებად დაყოფილ ფილმს 52 რესპონდენტის თითო კვირა აერთიანებს. ფილმის ყურებისას გგონია, რომ მართლაც მთელი საქართველოა ფილმში თავმოყრილი.

ასაკი და პროფესია შეუზღუდავია. ერთმანეთის თანმიმდევრობით აბიტურიენტი და მხრცოვანი, მხატვარი და იურისტი, ხელოვნებათმცოდნე და პოლიტიკოსი, დიზაინერი და მასწავლებელი ერთად იხსენებენ გასულ წელს. მათი განწყობები მსგავსია-რუსეთთან ომის შედეგებით დამძიმებული.

ზოგი რესპონდენტი ომის განცდილ სიმძიმეს იხსენებს, ზოგი აპრილის მიტინგს, ზოგს დიდი ხნის უკმაყოფილება ახსენდება და განათლების რეფორმას იწუნებს. ზოგიერთი ცდილობს დაგვარწმუნოს პასტორალურ გარემოში ცხოვრების უპირატესობაში, ზოგი კი ერთეულების შეხედულებას, ქალაქში ცხოვრების პრივილეგიაზე, აკრიტიკებს.

მაყურებლის თვალწინ ირევა სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების და ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს დაპირიპირებული ადამიანები. უფრო მეტიც, ერთსა და იმავე ფილმში ეს ადამიანები ერთმანეთის საწინააღმდეგო მოსაზრებებს იმეორებენ. თუმცა, ყველაზე მთავარი ისაა, რომ შესაძლებელია რუსების კონტროლირებად ახალგორში მცხოვრები და ავსტრალიიდან ახლად დაბრუნებული რეჟისორის მოგონებების ერთ წიგნში თავმოყრა.

ორმოცდათორმეტი ერთწუთიანი სიუჟტის ნახვის შემდეგ ფილმი სრულდება. თუმცა, ეს მხოლოდ 2009 წელი იყო. 2010 წლის დღიურები ჯერ კიდევ დასაწერია. როგორც დავით კაკაბაძე ამბობს: ”კიდევ რამდენი საინტერესო დღიურის წაკითხვა გველის წინ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი