საზოგადოება

ცნობილია, რა შესთავაზა უკრაინამ რუსეთს

29 მარტი, 2022 • 2484
ცნობილია, რა შესთავაზა უკრაინამ რუსეთს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინამ რუსეთთან დააყენა წინადადება უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე.

როგორც Unian წერს, რუსეთის დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ პოდოლიაკმა განმარტა პროცედურა, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს:

„თავდაპირველად გაიმართება რეფერენდუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს უკრაინის ყველა მოქალაქე და ისინი გამოხატავენ საკუთარ პოზიციას ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ მოხდება დოკუმენტის რატიფიცირება უკრაინასა და გარანტორი ქვეყნების პარლამენტებში“, – განმარტავს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი.

უკრაინული გამოცემა Nexta აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების გარანტიები, რომელსაც უკრაინა მიიღებს, უნდა იყოს ნატოს მე-5 პუნქტის მსგავსი, მათ შორის, თუ ქვეყანა აგრესიის ობიექტი გახდება, კონსულტაციების დაწყებიდან სამი დღის შემდეგ გარანტორებმა უკრაინა უნდა მოამარაგონ შეიარაღებით, გაუწიონ სამხედრო დახმარება და დაკეტონ ცა. თუ ამგვარი გარანტიები შეიქმნება, ამ შემთხვევაში უკრაინა გამოაცხადებს უბლოკო სტატუსს, დარჩება არაბირთვულ სახელმწიფოდ და შეინარჩუნებს ნეიტრალიტეტს. 

დავით არახამიას განცხადებით, ერთ-ერთი ასეთი გარანტორი ქვეყანა შესაძლოა თურქეთი იყოს, სადაც დღევანდელი მოლაპარაკებები გაიმართა. ქვეყნებს შორის, რომლებსაც არახამია გარანტორებად განიხილავს, ასევე არის აშშ, საფრანგეთი, გერმანია, კანადა, პოლონეთი და ისრაელი. 

მისი თქმით, ყირიმის საკითხი მოლაპარაკებებზე ცალკე განიხილება. უკრაინა რუსულ მხარეს სთავაზობს ყირიმის და სევასტოპოლის სტატუსზე 15-წლიან ბილატერალურ მოლაპარაკებებს. ამასთან, შეთანხმების ფარგლებში უკრაინამ და რუსეთმა უნდა დადონ პირობა, რომ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას საკითხის გადასაწყვეტად სამხედრო ძალას არ გამოიყენებენ.

რაც შეეხება დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებულ რესპუბლიკებს, უკრაინული მხარის განცხადებით, ესეც განცალკევებული პუნქტია და ის განიხილება უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის ფარგლებში.

გარდა ამისა, პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია აღნიშნავს, რომ რეფერენდუმის გამართვა მხოლოდ მშვიდობიან ვითარებაშია შესაძლებელი. მისი თქმით, რუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ აღიარებს ვენის კონვენციას, რომლის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვითაც, თუ საერთაშორისო შეთანხმება ზეწოლის ქვეშაა დადებული, ის ძალას კარგავს:

„ესაა საჭირო, რომ შეთანხმებამ იმუშაოს. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მშვიდობა უნდა იყოს. თუ ყველა მხარე ამგვარ ომებს მიიღებს, ეს ომის დასასრული იქნება. ადამიანები, რომლებსაც ქვეყნის დატოვება მოუწიათ, უნდა დაბრუნდნენ და ეს მექანიზმიც ამოქმედდება“, – ამბობს დავით არახამია.

მასალების გადაბეჭდვის წესი