საზოგადოება

არც იფიქრო ნატო-ს ტერიტორიის გადმოკვეთაზე, ერთი ინჩითაც კი — ბაიდენი პუტინს

26 მარტი, 2022 • 3649
არც იფიქრო ნატო-ს ტერიტორიის გადმოკვეთაზე, ერთი ინჩითაც კი — ბაიდენი პუტინს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 26 მარტს ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას მკაცრად გააფრთხილა რუსეთის პრეზიდენტი ნატო-ს საზღვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით. მან ვლადიმერ პუტინს მიმართა:

“არც იფიქრო ნატო-ს ტერიტორიის გადმოკვეთაზე, ერთი ინჩითაც კი”.

ბაიდენის სიტყვებით, აშშ ერთგულია ნატო-ს წესდებით გათვალისწინებული კოლექტიური დაცვის ვალდებულებებისა.

მეორე მხრივ, ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში — ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოში — მიმდინარე კონფლიქტი არ მოითხოვს აშშ-ის პირდაპირ ჩარევას.

“ამერიკული ძალები ევროპაში არ არიან იმისთვის, რომ კონფლიქტში ჩაერთონ რუსულ ძალებთან, ამერიკული ძალები აქ არიან ნატოს მოკავშირეების დასაცავად”, — დასძინა მან.

ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა ასევე დასძინა, რომ ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, “ბრძოლა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის, თავისუფლებასა და რეპრესიებს შორის”.

“ჩემი გზავნილი უკრაინის ხალხის მიმართ… ჩვენ ვდგავართ თქვენთან ერთად, წერტილი”, — თქვა მან.

პრეზიდენტის სიტყვებით, უკრაინა და მისი ხალხი “ერის გადასარჩენად იბრძვიან” და ამ ბრძოლის მოსაგებად დღეები თუ თვეები საკმარისი არ იქნება.

“მომავალი ხანგრძლივი ბრძოლისათვის უნდა მოვამზადოთ საკუთარი თავები”, — განაცხადა მან.

ჯო ბაიდენი პოლონეთში პარასკევს ჩავიდა, შაბათს კი შეხვდა როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, ანჟეი დუდას, ისე უკრაინის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს.

ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში — ბაიდენი პუტინზე

მასალების გადაბეჭდვის წესი