საზოგადოება

ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში — ბაიდენი პუტინზე

26 მარტი, 2022 • 1858
ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში — ბაიდენი პუტინზე

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აღარ უნდა იყოს მისი ქვეყნის ლიდერი.

“ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში”, – განაცხადა ბაიდენმა 26 მარტს, პოლონეთის დედაქალაქში წარმოთქმული სიტყვის დასასრულს.

ბაიდენის სიტყვით გამოსვლიდან მალევე, სააგენტო Reuters-მა გაავრცელა თეთრი სახლის ოფიციალური პირის კომენტარი, რომელიც აცხადებს, რომ პრეზიდენტს არ მოუწოდებია რეჟიმის შეცვლისკენ რუსეთში.

“პრეზიდენტის გზავნილი იყო ის, რომ პუტინს არ შეიძლება მიეცეს უფლება, გამოიყენოს ძალა მეზობლებთან თუ რეგიონთან მიმართებით.

ის არ განიხილავდა პუტინის ძალაუფლებას რუსეთში ან რეჟიმის შეცვლას”, — დასძენს თეთრი სახლის წარმომადგენელი.

Reuters-ის თანახმად, ბაიდენის რეპლიკას კრემლში უპასუხეს. სააგენტოს ცნობით, კრემლის სპიკერმა თქვა:

“ეს არ არის ბაიდენის გადასაწყვეტი. რუსეთის პრეზიდენტს რუსები ირჩევენ”.

მიმდინარე პერიოდში ბაიდენის რიტორიკა პუტინისადმი სულ უფრო ხისტი ხდება. დღესვე, უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის ლიდერს “ყასაბი” უწოდა, მანამდე კი “ომის დამნაშავედ” მოიხსენია ის.

ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა დასძინა, რომ ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, “ბრძოლა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის, თავისუფლებასა და რეპრესიებს შორის”.

“ჩემი გზავნილი უკრაინის ხალხის მიმართ… ჩვენ ვდგავართ თქვენთან ერთად, წერტილი”, — თქვა მან.

პრეზიდენტის სიტყვებით, უკრაინა და მისი ხალხი “ერის გადასარჩენად იბრძვიან” და ამ ბრძოლის მოსაგებად დღეები თუ თვეები საკმარისი არ იქნება.

“მომავალი ხანგრძლივი ბრძოლისათვის უნდა მოვამზადოთ საკუთარი თავები”, — განაცხადა მან.

ჯო ბაიდენი პოლონეთში პარასკევს ჩავიდა, შაბათს კი შეხვდა როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, ანჟეი დუდას, ისე უკრაინის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს.

ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში — ბაიდენი პუტინზე

მასალების გადაბეჭდვის წესი