საზოგადოება

როგორ დასრულდა ბაიდენის შეხვედრა უკრაინის საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან პოლონეთში

26 მარტი, 2022 • 1875
როგორ დასრულდა ბაიდენის შეხვედრა უკრაინის საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან პოლონეთში

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთის დედაქალაქში უკრაინის ორ მინისტრს შეხვდა. ეს პირველი შემთხვევაა რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, როცა ბაიდენი პირისპირ ხვდება უკრაინის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს.

ვარშავაში აშშ-ის პრეზიდენტთან შესახვედრად უკრაინის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები, ოლექსი რეზნიკოვი და დმიტრო კულება ჩავიდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინიც.

შეხვედრის შემდეგ, კულებამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ უკრაინამ აშშ-სგან დაპირებები მიიღო დამატებითი თავდაცვითი მხარდაჭერის შესახებ.

”დღეს ჩვენ მივიღეთ დამატებითი დაპირებები შეერთებული შტატებისგან იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება თავდაცვის სფეროში ჩვენი თანამშრომლობა,” – დასძინა მან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ”არც ერთს სხვა ქვეყანას აღმოუჩენია უკრაინისთვის აშშ-ზე მეტი მხარდაჭერა”.

თეთრი სახლის თანახმად, შეხვედრაზე საუბარი იყო “აშშ-ის მცდელობაზე, გააერთიანოს მსოფლიო უკრაინისადმი რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად”.

თეთრი სახლი ამ კონტექსტში ახსენებს ბაიდენის მიერ მიმდინარე კვირაში ბელგიაში გამართულ შეხვედრებსა და ჰუმანიტარულ/სამხედრო დახმარებას, რომელსაც აშშ უკრაინას უწევს.

“მათ განიხილეს შემდგომი ძალისხმევა უკრაინის ტერიტორიის დაცვაში დასახმარებლად. მათ ასევე განიხილეს შეერთებული შტატების აქტივობები, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს პრეზიდენტ პუტინს რუსეთის სასტიკ აგრესიაზე, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით, მათ შორის, ახალი სანქციების მეშვეობით, რომლებიც პრეზიდენტმა 24 მარტს გამოაცხადა ბრიუსელში”, — ნათქვამია განცხადებაში.

თავად ბაიდენმა, რომელიც პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტს, ანჟეი დუდასაც შეხვდა, თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტს არ გამოუვიდა ნატო-ს გაყოფა.

“დარწმუნებული ვარ, ვლადიმირ პუტინი იმედოვნებდა, რომ შეძლებდა ნატო-ს გაყოფას, აღმოსავლეთის ფლანგის დასავლეთიდან გამოყოფას, წარსულ ისტორიებზე დაყრდნობით ერების ერთმანეთისაგან გამიჯვნას… მაგრამ მან ეს ვერ შეძლო – ჩვენ ყველანი ერთად დავრჩით”, – დასძინა მან.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, “ფრთხილი ოპტიმიზმით” აფასებს 26 მარტის შეხვედრას ბაიდენთან, ბლინკენთან და ოსტინთან.

“განვიხილეთ უკრაინის არმიის გადაუდებელი საჭიროებები. პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა: ”უკრაინამ შთააგონა მთელი მსოფლიო”. გამამხნევებელია. ჩვენ ვცხოვრობთ უკრაინოცენტრიზმის ეპოქაში, მაგრამ საერთო ბრძოლაში საერთო მტერთან”, — წერს ოლექსი როზნეკოვი.

მთავარი ფოტო: Reuters

მასალების გადაბეჭდვის წესი