IPM-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თუ რუსული ჯარები, უკრაინის მსგავსად, საქართველოშიც შემოვლენ, გამოკითხული მოსახლეობის 42.7% მზად არის, ქვეყანაში დარჩეს და იარაღით ხელში იბრძოლოს.
გამოკითხულთა 24.2% ამბობს, რომ ქვეყანაში დარჩება და შეეცდება უსაფრთხოდ იყოს. რესპონდენტების 16.7% გამოთქვამს მზაობას, რომ ჩაერთოს მოხალისეობრივ აქტივობებში (11.2% სამოქალაქო, ხოლო 5.5% სამედიცინო ან ფსიქო-სოციალურ მოხალისეობრივ აქტივობაში).
11.2% აღნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რაც ქვეყნისთვის იქნება საჭირო. 3% აცხადებს, რომ მიტინგებს შეუერთდება.
თუ რუსული ჯარები საქართველოშიც შემოვლენ, გამოკითხულთა მხოლოდ 1.7% აღნიშნავს, რომ ქვეყნიდან წავა.
IPM-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 57% გამოთქვამს მზაობას, რომ დახმარების შესათავაზებლად გაემგზავროს უკრაინის რომელიმე ქალაქში ან ოლქში.
გამოკითხულთა 43% კი აღნიშნავს, რომ არ გაემგზავრებოდა უკრაინის რომელიმე ქალაქში ან ოლქში დახმარების შესათავაზებლად.
კითხვაზე, თუ რა ტიპის დახმარებისთვის წავიდოდა უკრაინაში, გამოკითხული მოსახლეობის 47.9% პასუხობს, რომ ყველანაირად შეეცდებოდა დახმარებას, რითიც შეძლებდა. მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართვაზე მზაობას, ჯამში, 34% გამოთქვამს, აქედან 17% სამედიცინო/ფსიქო- სოციალურ, ხოლო 17% სამოქალაქო მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართვას ასახელებს.
სამხედრო დახმარებისთვის გამოკითხულთა 10.6%-ია მზად, ხოლო დევნილებთან და ბავშვებთან დაკავშირებული დახმარებისთვის მზაობას, შესაბამისად, რესპონდენტების 4.4% და 2.1% გამოთქვამს.
ამავე კვლევის თანახმად, რესპონდენტების უმრავლესობა, 91% აცხადებს, რომ უკრაინაში ყოფნის შემთხვევაში ჩაერთვებოდა რაიმე სახის თავდაცვით, საბრძოლო თუ სოციალურ საქმიანობაში, მხოლოდ გამოკითხულთა 9% არ გამოხატავს ზემოთ ჩამოთვლილ საქმიანობებში ჩართვის სურვილს.
IPM აცხადებს, რომ კვლევა მარტში ჩატარდა და თბილისსა და რეგიონებში სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით (CATI) 18 წელს ზემოთ ასაკის 1026 ადამიანთან გასაუბრებას ეყრდნობა. ცდომილების ზღვარი არის 3.1%.