საზოგადოება

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

19 მარტი, 2022 • 3495
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბახვა ჩიქობავა დაიღუპა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” გარდაცვლილის ახლობელმა, ლევან თარხნიშვილმა დაუდასტურა.

თარხნიშვილის თანახმად, ჩიქობავა 19 მარტს, გამთენიისას, მარიუპოლთან დაიღუპა და მომხდარის შესახებ ოჯახი უკვე ინფორმირებულია.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს ჩიქობავა საქართველოს სპეცდანიშნულების რაზმში საქმიანობდა.

2014 წელს, უკრაინის დონბასის რეგიონში პრორუსი სეპარატისტების გააქტიურების შემდეგ, ის უკრაინაში მოხალისედ წავიდა.

“ჯერ “აზოვის” [ბატალიონში] იყო, შემდეგ კი – ქართულ ბრიგადაში”, – დასძენს თარხნიშვილი.

დაუზუსტებელია, რა ვითარებაში დაიღუპა ქართველი მებრძოლი.

სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი მარიუპოლი რუსეთის ძალების ინტენსიური შეტევის ქვეშაა. 19 მარტის მონაცემებით, ბრძოლები უკვე ალყაშემორტყმული ქალაქის ცენტრში მიმდინარეობს.

მანამდე, 17 მარტს, უკრაინაში, კიევის ოლქში, ქართველი მოხალისეები, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი დაიღუპნენ.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

გაეროს თანახმად, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინიდან უკვე 3 მილიონამდე ლტოლვილი და 2 მილიონამდე დევნილია. 

თბილისსა და სხვა ქალაქებში პატივი მიაგეს უკრაინაში დაღუპული ქართველი მოხალისეების ხსოვნას

მასალების გადაბეჭდვის წესი