საზოგადოება

პაპუაშვილის თქმით, პარლამენტში ზელენსკის მოწვევას არ აპირებენ

18 მარტი, 2022 • 4240
პაპუაშვილის თქმით,  პარლამენტში ზელენსკის მოწვევას არ აპირებენ

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსასვლელად ვოლოდიმირ ზელენსკის მოწვევას არ აპირებენ. ამის შესახებ მან დღეს, 18 მარტს, პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

ზელენსკის მოწვევის ინიციატივა „ლელოს“ ეკუთვნის და მათ შესაბამისი თხოვნით წერილობით მიმართეს შალვა პაპუაშვილს. აღნიშნულ ინიციატივას მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობაც“. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, მისი ინფორმაციით, ზელენსკი მზადაა, საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსასვლელად ონლაინ ჩაერთოს.

პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ არც კი განიხილავს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ არცერთ ინიციატივას, რომელიც უკრაინას შეეხება.

მისი თქმით, ოპოზიციას მხოლოდ პიარი და „ისტერიის აწევა“ სურს.

„ამ ოპოზიციის წარმომადგენლებისგან პარლამენტის სახელით ჰუმანიტარული დახმარების გასაგზავნად არცერთი თეთრი არ შემოსულა. ასე რომ, აქ ჩანს, სინამდვილეში, რა არის რეალური განზრახვა ოპოზიციის ამ ნაწილის – ეს არის მხოლოდ პიარი, უხეშად რომ ვთქვათ, და რაც შეეხება რეალურ დახმარებას და გვერდში დგომას, ისინი არანაირ დამხარებას არ იჩენენ[…]

ამიტომ, თუკი რეალურად ვინმეს სურს გვერდში დაუდგეს უკრაინას, დაუდგეს საქმით და არა ხმამაღალი განცხადებებით და ასეთი ისტერიით, რასაც ცდილობენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, „აბსურდია“, რომ ქართული ოპოზიციის ნაწილი უკრაინის ხელისუფლების სახელით გამოდის და საუბრობს, რომ ზელენსკის საქართველოს პარლამენტში ჩართვა სურს.

„არც კი ჰკითხეს უკრაინის ხელისუფლებას. ასე რომ, ესეც გვაჩვენებს, რა არის რეალური მიზანი ამის უკან – ეს არის კიდევ ერთხელ ისტერიის აწევა და ა.შ. საერთოდ, საკვივრეველია, საქართველოს პარლამენტის წევრს როგორ აქვს უცხო ქვეყნის ადმინისტრაციასთან… რა კავშირი აქვს, რატომ საუბრობს მათი სახელით… ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოსა და უკრაინას ხელისუფლებას შორის კომუნიკაცია არ ყოფილა და ამით არის ეს საკითხი გარკვეული“, – განაცხადა პაპუშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, არც იქნება [ზელენსკის მოწვევაზე კომუნიკაცია], პაპუაშვილი პასუხობს:

„ჩვენ არანაირი ინიციატივის დაყენებას არ ვაპირებთ“, – აცხადებს პაპუშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი