საზოგადოება

„რუსეთმა შეამცირა შეტევის ტემპი, დეზერტირებისა და ძარცვის რიცხვი გაიზარდა — უკრაინის გენშტაბი

10 მარტი, 2022 • 2688
„რუსეთმა შეამცირა შეტევის ტემპი, დეზერტირებისა და ძარცვის რიცხვი გაიზარდა — უკრაინის გენშტაბი

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მე-15 დღე დაიწყო.

უკრაინის შეიარაღბეული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსეთის არმიის შეტევის შეკავებას დონეცკში, სლობოჟანსკში და ტავრიის ოპერატიული ტერიტორიების ნაწილებში, იცავენ ხარკოვს და ოხტირკას.

„ძირითადი ძალისხმევა მიმართულია მტრის სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით წინსვლის აღკვეთაზე. ქალაქ მარიუპოლის წრიული თავდაცვა გრძელდება. ამავდროულად, გრძელდება ბელარუსთან საზღვრის დაფარვა. მიიღება ზომები მტრის წინსვლის შესაჩერებლად კიევის მიმართულებით. ქალაქ კიევის ძალებისა და თავდაცვის საშუალებების ჯგუფი მუდმივად მზადაა მოწინააღმდეგის შეტევის მოსაგერიებლად, აყენებს ზარალს ოკუპანტების შემტევ ჯგუფს და ინარჩუნებს გარკვეულ თავდაცვით ხაზებს“, — ნათქვამია გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, სამხრეთის მიმართულებით, რუსეთი უკან იხევს ქალაქების კრივიი-რიჰის (კრივოი როგის), მიკოლაივის (ნიკოლაევი), ვოზნესენსკის და ნოვოვორონცოვკას (ხერსონის ოლქი) მიმართულებით, ხოლო სხვა რაიონებში ჯარები აწარმოებენ სტაბილიზაციის ოპერაციას.

გენშტაბის ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში მოიერიშე თვითმფრინავებმა და საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა გაანადგურეს ოთხი „სუ-25“ შემტევი თვითმფრინავი და ორი რუსული ვერტმფრენი.

„მტერმა შეამცირა შეტევის ტემპი, მისი პერსონალი დემორალიზებული იყო. საგრძნობლად გაიზარდა დეზერტირობისა და ძარცვის შემთხვევები“, — ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა. უკრაინული მხარის მონაცემებით, გარდაცვლილია 12 000-ზე მეტი რუსი სამხედრო. გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, 9 მარტის მდგომარეობით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის 474 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი