საზოგადოება

Мир-ი შესაძლოა არღვევდეს ოკუპაციის კანონს — ეროვნული ბანკი

9 მარტი, 2022 •
Мир-ი შესაძლოა არღვევდეს ოკუპაციის კანონს — ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის განცხადებით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები და საბარათე საპროცესინგო სისტემები არ თანამშრომლობენ გადახდების სისტემების კომპანია “Мир”-თან, ამ სისტემით ოპერაციები სრულად ხორციელდება რუსულ სისტემაში და მას საქართველოს საფინანსო სისტემასთან შეხება არ აქვს.

ბანკის ინფორმაციით, საგადახდო სისტემების კომპანია Мир თანამშრომლობს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან, რაც ბანკის შეფასებით,შესაძლოა, არღვევდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს.

რაც შეეხება ქართული კომპანიების თანამშრომლობის საკითხს, აღნიშნულის შეფასება სცილდება ეროვნული ბანკის კომპეტენციას.

„საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებდა და მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში. შეგახსენებთ, რომ სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს უკვე მისცა“, — ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

Мир რუსული ბაზრისთვის შექმნილი საბანკო საბარათო სისტემაა [ვიზას და მასტერქარდის მსგავსი] და საქართველოში ოფიციალურად არ გამოიყენება. რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების ფონზე, „აირზენამ“ 7 მარტს „ჯორჯიან ეარვეისის“ საიტზე გადახდის სისტემაში, „მასტერქარდთან“ და ვიზასთან ერთად, რუსული Мир დაამატა. „ჯორჯიან ეარვეისი” აცხადებს, რომ რუსული საგადახდო ბარათის, МИР-ის მეშვეობით ბილეთებს თავად არ ყიდის. კომპანია განმარტავს, რომ მას ხელშეკრულება აქვს ესპანურ კომპანია WebSky.tech-თან, რომელიც ამერიკულ საბარათე სისტემებთან ერთად ბილეთებს МИР-ის მეშვეობითაც ყიდის.

„ევროპელი სოციალისტების” წევრი დეპუტატი ფრიდონ ინჯია ფიქრობს, რომ საქართველო რუსეთის საბანკო სისტემა Мир-ს უნდა შეუერთდეს.

“ჯორჯიან ეარვეისი” აცხადებს, რომ МИР-ის მეშვეობით ბილეთებს თავად არ ყიდის

მასალების გადაბეჭდვის წესი