საზოგადოება

გომელაურის მტკიცებით, რუსეთიდან შემოსული 20100 მოქალაქიდან ახლა ქვეყანაში 3000-ია

9 მარტი, 2022 • 2173
გომელაურის მტკიცებით, რუსეთიდან შემოსული 20100 მოქალაქიდან ახლა ქვეყანაში 3000-ია

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრის შემდეგ დღემდე,  13 დღეში,  საქართველოში რუსეთის ფედერაციის 20 000-ზე მეტი მოქალაქე შემოვიდა, რაც პანდემიამდელ მონაცემებზე ნაკლებია.

მინისტრმა გომელაურმა 9 მარტს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „საუბარი, თითქოსდა განსაკუთრებით მოიმატა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ, ეს არ არის მართალი“.

„ომის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დღემდე, 13 დღის განმავლობაში, შემოსულია ოცი ათასასზე ოდნავ მეტი ადამიანი შემოსული, როცა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში შემოსული იყო 40 000 ადამიანი“, – განაცხადა გომელაურმა.

მისი თქმით, აღნიშნული 20100 ადამიანიდან ბევრი შემოდის თურქეთის მხრიდან:

„თურქეთის მიმართულებიდან შემოდის ჩრდილოკავკასიის მოსახლეობა, – ჩეჩნები, დაღესტნელები, ინგუშები, – რომლებიც ჩარჩნენ და ვეღარ გადაფრინდნენ თავიანთ ქვეყნებში, რადგან გაჩერდა ფრენები. არიან ძირითადად ქალები და ბავშვები, რომლებიც ქირაობდნენ სტამბოლში, ანკარაში ავტობუსებს, ოჯახებით მოდიან და გადიან ლარსიდან“.

მინისტრის თანახმად, ეს მონაცემებიც ითვლება რუსეთის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთის სტატისტიკაში [20 100 ადამიანში], თუმცა უმრავლესობა „ქვეყანას ტოვებს და გადიან“.

„3000-ია დაახლოებით ისეთი, რომელიც შემოვიდა ამ ორ კვირაში და არ წასულა ჯერ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისი თქმით, წლევანდელ მონაცემებს 2019 წლისას იმიტომ ადარებს, რომ 2020-21 წლებში მიმოსვლა ჩაკეტილი/შეზღუდული იყო.

შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა ისიც, რომ „საზღვარი კონტროლდება ძალიან მაღალ დონეზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, როგორც მწვანე საზღვარზე, ასევე გამშვებ პუნქტებზე“.

„დივერსანტების შემოპარვა სხვა სპეციფიკაა, სხვა თემაა საერთოდ და ღიად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ აქტიურად ვმუშაობთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.


მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რუსეთს სულ უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს.

ქვეყნის დატოვების მსურველი არაერთი ადამიანი ბოლო ან დროებით გაჩერებად რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს ირჩევს.

გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი